მამუკა გორგოძე ტურის სიმბოლურშია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-14 ტურის შეხვედრები ახალი წლის წინა დღეს გაიმართა. ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდიდან სამმა მოიგო, ორმა წააგო და ერთმაც ფრეს მიაღწია. ისევ ბრწყინვალედ ითამაშა "მონპელიემ" და მისმა ლიდერმა მამუკა გორგოძემ, რომელიც ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მონპელიელებმა მე-14 ტურში ბასკურ "ბიარიცს" უმასპინძლეს და 22:16 მოუგეს.

ჩვენებურთა გუნდი პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდა და 16 ქულის სხვაობით 19:3 მოიგო. მეორე ნახევარში ბასკები, რომლებსაც დასაკარგავი აღარაფერი ჰქონდათ, უფრო თამამად და სწრაფად ათამაშდნენ. შედეგად, "მონპელიემ" თავის მონაგარს მხოლოდ 3
ქულა შემატა, მაშინ, როცა ბასკებმა 13 ქულას მოუყარეს თავი.

"ბიარიცის" შეტევებს მასპინძლები მედგრად ეწინააღმდეგებოდნენ: "მონპელიემ" სასურველი ანგარიშის შენარჩუნება ლიდერების ფულენსე უოდრაოგოსა და მამუკა გორგოძის შესანიშნავი, უნარიანი თამაშის წყალობით შეძლო", - წერს ფრანგული ყოველდღიური სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი".

"მონპელიემ" ამ გამარჯვების შემდეგ 45 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ჩვენებურთა გუნდს, წესით, პლეი ოფში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა სასურველი იქნება, რეგულარული გათამაშება პირველ ან მეორე ადგილზე დაასრულოს, რაც საშუალებას მისცემს პირდაპირ ნახევარფინალში იასპარეზოს.

გორგოძემ და გიორგი ჟღენტმა "ბიარიცთან" სრულად ითამაშეს, გოდერძი შველიძე თამაშში 33-ე წუთიდან ჩაერთო, გიორგი ჩხაიძე და მიხეილ ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან, "მონპელიეს" შემდეგ, ყველაზე უკეთესი სატურნირო მდგომარეობა აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" აქვს. კასტრელებმა მეორე წრის პირველ მატჩში ერთ-ერთ აუტსაიდერ, "ლა როშელს" უმასპინძლეს და 25:10 მოუგეს.

ჩვენებურთა გუნდმა მეტოქე პირველ ტაიმში მშრალი ანგარიშით დაამარცხა - 18:0. "ლა როშელმა" მხოლოდ შესვენების შემდეგ გამოიღო ხელი, თუმცა გვიანღა იყო. აღსანიშნავია, რომ "კასტრის" სამოელმა მეორეხაზელმა იოსეფა ტიკორიმ სამი ლელო მიითვალა.

"კასტრს" ახლა 39 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო, გიორგაძეს არ უთამაშია.

"კასტრს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-6 ადგილზეა დავით ზირაქაშვილის "კლერმონი".

საფრანგეთის ჩემპიონმა შარშანდელ ფინალისტ "პერპინიანს" უმასპინძლა და 22:16 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ კატალონიელებმა მასპინძლები პირველ ტაიმში 13:9 დაამარცხეს.

"ვულკანებმა" მეორე ნახევარში უფრო აქტიურად, მეტი შემართებით ითამაშეს და შარშანდელთან შედარებით საგრძნობლად დაძაბუნებულ მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოსტაცეს.

თამაშს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. "ვულკანების" კანადელმა მეორეხაზელმა ჯიმი კუდმორმა მეტოქეს, გრეგორი ლე კოვრეკს განზრახ უხეში თამაშით ტრავმა მიაყენა და ახლა სერიოზული სასჯელი ელოდება. საქმე იმაშია, რომ კუდმორს 10-კვირიანი დისკვალიფიკაციის ვადა ახლახან ამოეწურა. თანაც კანადელი პირველად არ არის ლე კოვრეკს რომ ერჩის.

2010 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი დავით ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.

პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის კიდევ ერთი ქართველის, დავით ქუბრიაშვილის "ტულონი". ჩვენებურის გუნდს ამჯერად არ გაუმართლა და სტუმრად ბასკურ "ბაიონთან" დამარცხდა - 9:20. ტულონელებმა პირველი ტაიმი მხოლოდ ორი ქულის სხვაობით წააგეს - 6:8, თამაშის მოგება სავსებით შესაძლებელი იყო, თუმცა "ტულონის" მწვრთნელმა ფილიპ სენ-ანდრემ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. შესვენებაზე მან ორი ცვლიელბა განახორციელა. მოედანი ჯონი ვილკინსონმა და დავით ქუბრიაშვილმა დატოვეს. შედეგად, როგორც ვთქვით, სტუმრებმა 9:20 წააგეს.

"ტულონს" ახლა 36 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. ამბიციური მულტიმილიონერი მეპატრონის, მურად ბურჯელალის გუნდს პლეი ოფში გასაღწევად დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი" დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ბრიველებს უმძიმესი ბრძოლა გადახდათ პარიზში, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ "მეტრო რასინგთან". ჩვენებურთა გუნდმა ლიდერთან ფრე გაახერხა - 6:6.

ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს, კაკოვინი განაცხადში არ იყო.

საკმაოდ რთული სატურნირო მდგომარეობა აქვს ანტონ ფეიქრიშვილის "აჟენსაც", რომელმაც შინ წააგო გათამაშების ლიდერ "ტულუზთან" - 8:25. ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.

საფრანგეთი. I დივიზიონი, XIV ტური
მონპელიე-ბიარიცი 22:16, ბაიონი-ტულონი 20:9, აჟენი-ტულუზი 8:25, კასტრი-ლა როშელი 25:10, ბურგენი-სტად ფრანსე 16:26, მეტრო რასინგი-ბრივი 6:6, კლერმონი-პერპინიანი 22:16.

სატურნირო მდგომარეობა
1.ტულუზი - 47 ქულა, 2. მონპელიე - 45, 3. მეტრო რასინგი - 41, 4. ბიარიცი - 39, 5. კასტრი - 39, 6. კლერმონი - 38, 7. ბაიონი - 36, 8. ტულონი - 36, 9. სტად ფრანსე - 33, 10. პერპინიანი - 29, 11. ბრივი - 21, 12. აჟენი - 20, 13. ლა როშელი - 19, 14. ბურგუენი - 10.

XV ტური
ტულონი-ბიარიცი, პერპინიანი-ბრივი, აჟენი-ბაიონი, კლერმონი-ბურგუენი, ლა როშელი-სტად ფრანსე, მეტრო რასინგი-მონპელიე, ტულუზი-კასტრი.




.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული