ქართველთა გუნდებიდან ორი პლეი ოფშია, სამი იბრძვის

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშების ჯგუფური ტურნირი დღეს დასრულდება. ქართველ მორაგებთა გუნდებიდან პლეი ოფში თამაშის უფლება უკვე მოიპოვეს "ტულონმა" და "ბრივმა". დანარჩენ ოთხს კი, ბოლო ტურის წინ, მეტ-ნაკლები შანსი ჰქონდათ.

ბოლო ტური "ემლინ ჩელენჯ კაპზე" ბექა შეყლაშვილის "აჟენის" მატჩით გაიხსნა. ჩვენებურის გუნდმა, რომელიც E ჯგუფში ასპარეზობს, სტუმრად ითამაშა ინგლისურ "გლოსტერთან" და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 7:60. აჟენელებმა საბოლოოდ 15 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილს დასჯერდნენ. შეყლაშვილმა სრულად ითამაშა.

ჯგუფში პირველი ადგილი მეორე ფრანგულმა კლუბმა "ლა როშელმა" დაიკავა, რომელმაც ბოლო ტურში შინ გაანადგურა აუტსაიდერი
იტალიური "როვიგო" - 71:17.

E ჯგუფი
გლოსტერი-აჟენი 60:7, ლა როშელი-როვიგო 71:17
სატურნირო მდგომარეობა
ლა როშელი - 24 ქულა, გლოსტერი - 21, აჟენი - 15, როვიგო - 0.


B ჯგუფში პირველი ადგილი და მეოთხედფინალის საგზური ერთი ტურით ადრე გაინაღდა დავით ზირაქაშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა". ჩვენებურთა გუნდმა 23 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან, ინგლისურ "სეილ შარქსს" შვიდი ქულით უსწრებს. ბრიველები ბოლო ტურში სტუმრად ეთამაშებიან იტალიურ "პადოვას". მატჩს არანაირი სატურნირო ღირებულება არ გააჩნია და "ბრივი", სავარაუდოდ, იტალიაში სათადარიგო გუნდით წარსდგება.

ამავე ჯგუფში "სეილ შარქსი" სტუმრად ეთამაშება ესპანურ "ელ სალვადორს" და, სავარაუდოდ, დიდი ანგარიშით დაამარცხებს, რითაც საშუალება მიეცემა საუკეთესო მეორე ადგილი დაიკავოს.

B ჯგუფი
პადოვა-ბრივი, ელ სალვადორი-სეილ შარქსი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრივი - 23 ქულა, 2. სეილ შარქსი - 16, 3. პადოვა - 5, 4. ელ სალვადორი - 4.


C ჯგუფში ლიდერი მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეა". ჩვენებურთა გუნდი, რომელიც წლეულს ყველა ფრონტზე წარმატებით ასპარეზობს, ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ, ინგლისურ "ექსეტერს" შინ ეთამაშება.

"მონპელიეს" 17 ქულა აქვს და მეტოქეს ორი ქულით უსწრებს. მონპელიელებს პლეი ოფში გასასვლელად ფრეც ყოფნით. ჩხაიძე და შველიძე სათადარიგოთა შორის არიან, გორგოძე, ჟღენტი და ნარიაშვილი არ ითამაშებენ.

ამავე ჯგუფში უშანსოდაა დარჩენილი მესამეადგილოსანი ინგლისური "ნიუკასლი", რომელიც სტუმრად ეთამაშება ფრანგულ "ბურგუენს".

C ჯგუფი
მონპელიე-ექსეტერი, ბურგუენი-ნიუკასლი
სატურნირო მდგომარეობა
მონპელიე - 17 ქულა, ექსეტერი - 15, ნიუკასლი - 9, ბურგუენი - 6.


"ჰაინეკენის თასი"
ყველზე პრესტიჟულ "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში, როგორც უკვე ვთქვით, პლეი ოფის საგზური დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" მოიპოვა. ტულონელებმა პირველი ადგილი საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლაში დაიმსახურეს. ხუთი მატჩიდან ოთხი მოგება და ერთი წაგება დიდოსტატური შედეგია და უნდა ვივარაუდოთ, რომ ქუბრიაშვილი და კომპანია თასისთვის ბრძოლაში წარმატებას მიაღწევენ.

"ტულონი" ბოლო ტურში სტუმრად ეთამაშება უელსურ "ოსფრიზს", რომელსაც ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსი აქვს. ქუბრიაშვილი განაცხადში არ არის. ამავე ჯგუფში მეორე ადგილსითვის იბრძვის ირლანდიური "მანსტერიც", რომელიც შინ დაუპირისპირდება ინგლისურ "ლონდონ აირიშს".

C ჯგუფი
მანსტერი-ლონდონ აირიში, ოსფრიზი-ტულონი
სატურნირო მდგოამრეობა
ტულონი - 17 ქულა, მანსტერი - 11, ოსფრიზი - 10, ლონდონ აირიში - 9.


A ჯგუფში ინგლისური "ნორსჰემპთონი" მეტოქეთაგან მიუწვდომელია. ინგლისელებმა 21 ქულა დააგროვეს და პლეი ოფის საგზური ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მოიპოვეს. "ნორსჰემპთონი" ბოლო ტურში სტუმრად ეთამაშება აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს", რომელმაც 11 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა.

კასტრელები მოგების შემთხვევაში მეორ ადგილს განიმტკიცებენ, თუმცა ეს, შესაძლოა, პლეი ოფში მოხვედრისთვის საკმარისი არ აღმოჩნდეს. ფეიქრიშვილი და გიორგაძე სათადრიგოთა შორის არიან.

მეორე ადგილის დაკავების შანსი აქვს უელსურ "კარდიფ ბლუზსაც", რომელიც "კასტრს" ერთი ქულით ჩამორჩება და ბოლო ტურში სტუმრად ეთამაშება უმოტივაციო, შოტლანდიურ "ედინბურგს"

A ჯგუფი

კასტრი-ნორსჰემპთონი, ედინბურგი-კარდიფ ბლუზი
სატურნირო მდგომარეობა
ნორსჰემპთონი - 21 ქულა, კასტრი - 11, კარდიფი - 10, ედინბურგი - 7.


B ჯგუფში პლეი ოფში გასვლის ყველაზე უკეთესი შანსი ირლანდიურ "ლენსტერს" აქვს, რომელიც 19 ქულით პირველ ადგილზეა და სტუმრად უმოტივაციო პარიზულ "მეტრო რასინგს" ეთამაშება. ამ ჯგუფში 14 ქულით მეორე ადგილზეა დავით ზირაქაშვილის "კლერმონი". "ვულკანები" ბოლო ტურში სტუმრად დაუპირისპირდებიან ინგლისურ "სარასენზს", რომელიც 6 ქულით ბოლო ადგილზეა.

მოვლენათა სასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში "კლერმონს" პირველი ადგილის დაკავებაც შეუძლია. თუმცა ადვილი შესაძლებელია, როგორც საუკეთესო მეორეადგილოსანი, პლეი ოფში მაინც გავიდეს. ზირაქაშვილი განაცხადში არ არის.

B ჯგუფი
მეტრო რასინგი-ლენსტერი, სარასენზი-კლერმონი
სატურნირო მდგომარეობა
ლენსტერი - 19 ქულა, კლერმონი - 14, მეტრო რასინგი - 9, სარასენზი - 6.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული