რაგბი. ლეგიონი: ექვსი "ქართული გუნდი" ლიდერობს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა.

სატურნირო ცხრილს დაუმარცხებლად ლიდერობს ქართველ მორაგბეთა გუნდი "კლერმონი". მომდევნო ხუთი ადგილი კი ასევე "ქართულ კლუბებს" უკავიათ. ესენია: "მონპელიე", "ტულუზი", "მეტრო რასინგი", "ბრივი" და "ტულონი".

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" დივიზიონის დებიუტანტს, გიორგი ნაცარაშვილის "პოს" უმასპინძლა და 35:10 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ "ვულკანების" თითქმის მესამედი მსოფლიოს თასზე ასპარეზობდა და ამჟამადაც განაგრძობს ასპარეზობას, გუნდს ეს არ დასტყობია და გათამაშებას პირველი ტურიდანვე ლიდერობს.

ზირაქაშვილი და კოლელიშვილი განაცხადში არ იყვნენ. ნაცარაშვილი თამაშში 50-ე
წუთიდან ჩაერთო.

"კლერმონს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელმაც სტუმრად დაამარცხა "გრენობლი" - 30:19. საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი მოედანზე მეორე ტაიმიდან გამოჩნდა.

მონპელიელებს კვალში უდგას ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელმაც შინ მოუგო ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელს" - 39:22. ორივე ქართველი, რომლებიც შერკინებაში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, ძირითად შემადგენლობაში იყო. ყაულაშვილი 57-ე წუთზე შეცვალეს, კაკოვინმა მოედანი ორი წუთის შემდეგ დატოვა.

ლიდერთა შორისაა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგიც", რომელმაც სტუმრად დაამარცხა "ოიონაქსი" - 18:9. პარიზელთა რიგებში ხინჩაგიშვილი 64-ე წუთიდან გამოჩნდა.

შინ მოიგო პარიზელთა მეორე გუნდმა. დავით ქუბრიაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსემ" 22:9 დაამარცხა "კასტრი". ჟვანია და მელიქიძე თადარიგში იყვნენ და თამაშში ორივე ერთდროულად, 73-ე წუთიდან ჩაერთო. ქუბრიაშვილი ტრავმირებულია.

გიორგი ჟღენტის, კარლენ ასეიშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივმა" შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" - 29:26. მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, ჟღენტი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო. სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

გიორგი თეთრაშვილისა და თამაზ მჭედლიძის "აჟენმა" შინ წააგო "ბორდოსთან" - 16:31 და ახლა 4 ქულით ბოლო ადგილზეა. ქართველ მორაგბეებს თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ.

I დივიზიონი
V ტური
კლერმონი-პო 35:10, ოიონაქსი-მეტრო რასინგი 9:18, გრენობლი-მონპელიე 19:30, აჟენი-ბორდო 16:31, სტად ფრანსე-კასტრი 22:9, ტულუზი-ლა როშელი 39:22, ბრივი-ტულონი 29:26.

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 22 ქულა, 2. მონპელიე - 18, 3. ტულუზი - 17, 4. მეტრო რასინგი - 16, 5. ბრივი - 13, 6. ტულონი - 11, 7. ბორდო - 11, 8. გრენობლი - 10, 9. კასტრი - 10, 10. სტად ფრანსე - 8, 11. პო - 8, 12. ოიონაქსი - 5, 13. ლა როშელი - 5, 14. აჟენი - 4.

VI ტური
მეტრო რასინგი-სტად ფრანსე, კასტრი-გრენობლი, პო-ბრივი, ტულონი-ოიონაქსი, ბორდო-ტულუზი, მონპელიე-კლერმონი, ლა როშელი-აჟენი.

* * *
მეორე დივიზიონში მეხუთე ტურის შეხვედრაში პირველი მარცხი განიცადა ლევან დათუნაშვილის, გიორგი შარაშიძის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა". ჩვენებურთა ეს გუნდი სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა ტარიელ რატიანიძის "ნარბონთან" - 30:32.

რატიანიძე თამაშში 35-ე წუთიდან ჩაერთო, ხატიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს. სხვა ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

"ორიაკი" ახლა 20 ქულით მე-2 ადგილზეა და მას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს გურამ კავთიძისა და ზაზა ნავროზაშვილის "ლიონი", რომელმაც სტუმრად მოუგო ბასკურ "ბიარიცს" - 19:16. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

"ორიაკს" ორი ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონი", რომელმაც სტუმრად სძლია "კარკასონს" - 32:22. ფეიქრიშვილი თადარიგში იყო და თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო.

ბასკებს ერთი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის კატალონიური "პერპინიანი", რომელმაც სტუმრად მოუგო "ბურგუენს" - 20:16. ბასილაია თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო, მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო.

სატურნირო ცხრილში მომდევნო ხუთ გუნდს 13-13 ქულა დაუგროვდა. მათ შორისაა გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავას, კახაბერ კობერიძის "ტარბი" და ლაშა ლომიძის "ბეზიე".

მეხუთე ტურში ეს გუნდები ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ და გამარჯვება ტარბელებს დარჩათ - 19:10. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ასევე 13 ქულა აქვს ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის "ალბის", რომელმაც სტუმრად დათმო შეხვედრა "კოლომიესთან" - 16:26. ჩვენებურები განაცხადში არ იყვნენ.

გიორგი ზაქაშვილის "ექსმა" სტუმრად წააგო "დაქსთან" - 19:26 და ახლა 4 ქულით მე-14 ადგილზეა.

II დივიზიონი
V ტური
ბიარიცი-ლიონი 16:19, ბურგუენი-პერპინიანი 16:20, კარკასონი-ბაიონი 22:32, მონტობანი-მონ დე მარსანი 16:14, ნარბონი-ორიაკი 32:30, ტარბი-ბეზიე 19:10, დაქსი-ექსი 26:19, კოლომიე-ალბი 26:16.

სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 21 ქულა, 2. ორიაკი - 20, 3. ბაიონი - 18, 4. პერპინიანი - 17, 5. ბეზიე - 13, 6. ნარბონი - 13, 7. ტარბი - 13, 8. ალბი - 13, 9. კოლომიე - 13, 10. დაქსი - 9, 11. მონტობანი - 9, 12. კარკასონი - 8, 13. მონ დე მარსანი - 7, 14. ექსი - 4, 15. ბურგუენი - 3, 16. ბიარიცი - 2.

VI ტური
პერპინიანი-ბიარიცი, მონ დე მარსანი-ბაიონი, ექსი-მონტობანი, ალბი-ნარბონი, ლიონი-კარკასონი, ტარბი-ბურგუენი, კოლომიე-დაქსი, ბეზიე-ორიაკი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმენა livescore-ია.
zangura
13:11 20-10-2015
0

სიახლეები პოპულარული