რაგბი. ლეგიონი: ბექა ბიწაძისა და ვახტანგ ახობაძის წყვილი ლელო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურიღა დარჩა. მიუხედავად ამისა, ქართველი მორაგბეების გუნდებიდან რვას, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება. ესენია: "მასი", "ანგულემი", "ლავორი", "ლიმოჟი", "ლილი", "რუენი", "ოში" და "შამბერი".

A ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობენ "ქართული კლუბები":  "მასი" და "ანგულემი". დავით დადუნაშვილის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, დავით აშვეთიასა და ვახტანგ ახობაძის "მასიმ" შინ "ბობინი" მიიღო და 26:11 დაამარცხა. ახობაძემ, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს, მე-5 წუთზე ლელო გაიტანა, დადუნაშვილმა მოედანი 63-ე წუთზე დატოვა, ბუჯიაშვილმა კი ხუთი წუთით მეტი ითამაშა.

პარიზულ გუნდს ახლა 60 ქულა აქვს და ორი ქულით უსწრებს შალვა სუთიაშვილის, ლაშა თავბერიძისა და საბა ქართველიშვილის "ანგულემს", რომელმაც სტუმრად მოუგო "ტიროსს" მშრალი ანგარიშით - 28:0. სუთიაშვილი ეროვნულ ნაკრებს კაპიტნობდა, თავბერიძე და ქართველიშვილი განაცხადში არ იყვნენ.

B ჯგუფში საპლეიოფო ზონაში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდია. მათ შორის ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი ბაჩუკი გუჯარაიძის, ნიკოლოზ კაზალიკაშვილისა და ლადო გუნიავას "ლიმოჟს" აქვს, რომელიც ახლა 48 ქულით მეორე ადგილზეა. ლიმოჟელებმა მე-14 ტურში სტუმრად მინიმალური სხვაობით - 20:21 წააგეს მეოთხეადგილოსანთან, ოთარ ტორაძის "რუენთან".

გუჯარაიძემ სრულად ითამაშა, კაზალიკაშვილი 52-ე წუთზე შეცვალეს, გუნიავა თამაშში იმავდროულად ჩაერთო, ტორაძე განაცხადში არ იყო.

"ლიმოჟს" სამი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა გიორგი ჩხაიძისა და გიო სორდიას "ლილი", რომელმაც სტუმრად წააგო "სენ მედართან" - 11:15. ჩხაიძემ ეროვნულ ნაკრებში ითამაშა, სორდია განაცხადში არ იყო.

C ჯგუფში პირველობისთვის თორნიკე ლომიძისა და ილია კაიკაციშვილის "ოში" იბრძვის. ჩვენებურთა ეს გუნდი მე-14 ტურში შინ დაუპირისპირდა ლიდერს და უშუალო კონკურენტ "ნევერს". ბრძოლა საკმაოდ მძიმე გამოდგა და "ოშის" გამარჯვებით დასრულდა - 13:3. შედეგად, ოშელებმა მეტოქესთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.

ასევე პირველობისთვის იბრძვის D ჯგუფის ბინადარი, ბექა ბიწაძისა და ბექა გიგაშვილის "შამბერი". ქართველთა ამ გუნდმა შინ დიდი ანგარიშით სძლია დავით ბალანჩივაძის "ვიენს" - 66:0.

ბიწაძემ, რომელიც თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, 62-ე წუთზე ლელო მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გათამაშებაში ეს მისი მე-4 ლელოა. გიგაშვილი 50-ე წუთზე შეცვალეს, ბალანჩივაძემ მოედანი 10 წუთის შემდეგ დატოვა. "შამბერი" ლიდერ "ბურგ ან ბრესს" ხუთი ქულით ჩამორჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული