საქართველოს რაგბის კავშირმა 2016 წელი შეაჯამა და საუკეთესოები დააჯილდოვა

AutoSharing Option
28 იანვარს, "თიბისი გალერეაში", საქართველოს რაგბის კავშირმა 2016 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა და სეზონის საუკეთესოები დააჯილდოვა.

ღონისძიების დასაწყისში შეკრებილებს მიესალმა რაგბის კავშირის პარტნიორისა და გენერალური სპონსორის, "თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე, რის შემდეგაც მიკროფონთან სრკ-ის პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე მივიდა და 2016 წელი მიმოიხილა.

ამას მოჰყვა უშუალოდ დაჯილდოება: ტრადიციულად, ჯერ გასული სეზონის (2015-16) დუბლიორთა ჩემპიონს - რუსათვის "ხარებს" უხმეს; შემდეგ ამავე სეზონის I ლიგის გამარჯვებულს, ამჟამად კი დიდი 10-ის ბინა
დარს, ქუთაისის "ბაგრატს" გადაეცა პრიზი; სპეციალურ ნომინაციაში - "სამოყვარულო ლიგის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის" კი რაგბის ენთუზიასტსა და სამოყვარულო კლუბ "ხალიბების" დამფუძნებელს, ვახტანგ მშვიდობაძეს დაუფასდა გარჯა.

ჯილდოები მიიღეს: 2016 წლის საქართველოს ჩემპიონმა 7-კაცაში ქუთაისის "აიამ"; დიდი 10-ის ბრინჯაოს პრიზიორმა გორის "ჯიქმა", ვერცხლის პრიზიორმა თბილისის "ლოკომოტივმა" და საქართველოს ჩემპიონმა "ლელო-სარასენსმა", რომელმაც ტიტული ზედიზედ მეოთხედ, სულ კი მეექვსედ მოიპოვა.

ბოლოდროინდელი ტრადიციის თანახმად, შეკრებილებმა გაიხსენეს ვეტერანი მორაგბეები, რომელთაც 80, 70, 60 და 50 წელი შეუსრულდათ; ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2016 წელს გარდაცვლილებს.

ასევე ტრადიციულად, სიმბოლური კვართები გადაეცა დიდი 10-ის შარშანდელი სეზონის 15-ეულს:

შერკინება
1. დავით გურგენაძე (ჯიქი), 2. გიორგი ჭყოიძე (ლელო-სარასენსი), 3. ნიკა პატარაია (ლელო-სარასენსი; ბათუმი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლელო-სარასენსი), 5. სანდრო ქოიავა (ლელო-სარასენსი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (ყოჩები; ენისეი), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 8. გურამ შენგელია (ჯიქი) და ელგუჯა სურგულაძე (ლელო-სარასენსი),

ხაზი
9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი; ბრივ), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი), 11. რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი), 12. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი; აია), 13. სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი), 14. მირიან მოდებაძე (აია), 15. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

გასული სეზონის დიდი 10-ის საუკეთესო მორაგბე ლაშა ხმალაძე გახდა; საუკეთესო მექულე - თემურ სოხაძე (ყოჩები, 190 ქულა - აწ უკვე ბათუმი); საუკეთესო მელელოვე - რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი, 8ლ)

საუკეთესო მწვრთნელად ამ ერთხელაც აღიარეს ქვეყნის ჩემპიონის, "ლელო-სარასენსის" დამრიგებელი ლევან მაისაშვილი, ხოლო მსაჯად - ნიკა ამაშუკელი.

საქართველოს საუკეთესო ქალი მორაგბე სალომე საღარაძე გახდა.

სანაკრები ნომინაციებში საუკეთესოებად დასახელდნენ:

2016 წლის საუკეთესო მელელოვე ანტონ ფეიქრიშვილი (4ლ);

საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილი (99 ქულა 2016 წელს, კარიერაში 766)

სიმბოლური - წითელი კეპი ოქროს არშიით - გადაეცა ბორჯღალოსანთა 9 ნომერს, გიორგი ბეგაძეს, ვინაც 2016 წელს 50-ე კეპი მოიხვეჭა.

ახალი სპეციალური პრიზი - "თიბისი ბანკის რჩეული" "ბორჯღალოსანთა" შუამარბს, დავით კაჭარავას ერგო.

და ბოლოს, საქართველოს 2016 წლის საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე გახდა. მას საგანგებო ჯილდოს კომპანია "ნატახტარი" გადასცემს. მამუკასთვის ეს ქვეყნის მასშტაბით უკვე მეექვსე აღიარებაა.

დაჯილდოებაზე სპეციალურად მოიწვიეს "უმცროსი ბორჯღალოსნები", რომლებმაც 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი - ზამთრის შეკრება წინა დღით დაასრულეს.

შარშან ჭაბუკთა ნაკრებს მსოფლიოს 12-გუნდიან ელიტაში დებიუტი ჰქონდათ და პირველივე ცდაზე მე-10 ადგილი დაიკავეს, წელს კი მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო თბილისსა და ქუთაისში 31 მაისიდან 18 ივნისამდე მასპინძლობს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქარტველო მარტო ტბილისია?






davit
15:55 30-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული