ლელობურთაობიდან რაგბიმდე

AutoSharing Option
რუსეთის იმპერიაში მხოლოდ ყველაფერ რუსულს განადიდებდნენ და მიჩქმალული რჩებოდა იმპერიაში შემავალი სხვა ერების ისტორია, კულტურული წარსული, ტრადიციები.

XIX საუკუნეში რუსეთს ჰყავდა ხალხური თამაშების ცნობილი სპეციალისტი, მკვლევარი ე. პოკროვსკი, რომელიც ისე მოხიბლულა ქართული თამაშების სიბრძნით, რომ ჯერ კიდევ 1887 წელს, თავის ფუნდამენტალურ ნაშრომში "უმეტესწილად რუსული მოძრავი თამაშები" (მიაქციეთ ყურადღება ნაშრომის სათაურს. რედ.) გვერდი ვერ აუვლია ჩვენი ხალხისთვის და არაერთი ქართული თამაშიც აქვს აღწერილ-დახასიათებული, მათ შორისაა ლელო:

"ლელო არის ძველებური ქართული თამაში ბურთით. ახლა დავიწყებულია და ნაწილობრივ არსებობს ქუთაისის გუბერნიაში. წინანდელ დროში
მთელი ჯარი მონაწილეობდა ამ თამაშში. ქალაქი, ან სოფელი იყოფოდა ორ ნაწილად. თითოეული ნაწილი თავისთვის ხაზავდა ქალაქს, შუაში გამოდიოდა მღვდელი და, აკურთხევდა ბურთს, გადასცემდა მას საუკეთესო მოთამაშეს, ან თვითონ ააგდებდა ძალიან მაღლა.

ამ დროს პარტიები ბურთს მივარდებოდნენ, ზოგიერთი ყოჩაღი შეუძლებელი სიმაღლიდან იჭერდა ბურთს. და როგორც ისარი მიისწრაფოდა თავის პარტიის ქალაქში, მეორე პარტიასაც არ ეძინა ამ დროს. ისინი ეკვეთებოდნენ ხოლმე ბურთიანს და იქმნებოდა საშინელი ჭყლეტა. ზოგჯერ ერთი და იგივე ადგილზე ორთაბრძოლა ხუთ საათსაც კი გრძელდებოდა; სანამ რომელიმე მარდი მოთამაშე არ გამოძვრებოდა ამ ორომტრიალიდან და ბურთს არ გააქანებდა ქალაქში: - შემდეგ ყველა თავს ესხმოდა მას. ხშირად დილიდან საღამომდე გრძელდებოდა ეს ბრძოლა. ვისაც შეჰქონდა ბურთი თავის ქალაქში, ის და მისი პარტია ითვლებოდნენ გამარჯვებულად" (259-ე გვერდი). პარალელის გავლება ლელოსა და რაგბის მსგავსებას შორის მკითხველისთვის მიგვინდვია

XII საუკუნის მატიანეთა მასალების შესწავლის საფუძველზე ე. პოკროვსკი აღნიშნავს:

"ქართველები ბრძოლის წინ ლელობურთს თამაშობენ, რათა ფსიქოლოგიურად განაწყონ ჯარი. მრავლისმეტყველია, აგრეთვე, თბილისის რამდენიმე უბნის სახელწოდებები: - საბურთალო, ასპარეზი, ყაბახი. ხოლო რაც შეეხება მრავალრიცხოვან რელიგიურ დღესასწაულებს, ისინი, როგორც წესი,  სახალხო თამაშებით, გართობებით და სანახაობებით მთავრდებოდა. მრავალმა, სხვადასხვაგვარმა, სწრაფი მოძრაობებით დამახასიათებელმა თამაშმა, როგორც ე. პოკროვსკი ამბობს: "დასაბამი აიღო იმ ხალხში, რომელსაც უყვარს სისწრაფე, სიმარჯვე, ცოცხალი, ხალისიანი მოქმედება."


თენგიზ თომაშვილი





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული