ჩემია ბურთიიი!!!
რაგბის 1977 წელს ოლეგ ლიპარტელიანმა მაზიარა.
- მოწინააღმდეგეს, რომელსაც ბურთი აქვს ხელებში, უკეთებ შებოჭვას, ართმევ ბურთს და აღარავის დაანებებ - ასეთი იყო პირველი რჩევა-დარიგება.
მე და მაგას ვერ მოვახერხებდი?! ბრწყინვალედ დავეუფლე ამ ილეთს და ჩემი ხელიდან ბურთის გამოგლეჯვა ვერანაირმა მოწინააღმდეგემ ვეღარ მოახერხა. ერთ დღეს კოკა ლაზიშვილმა არ მითხრა:
"კაცო, ნოდარ... ასე არ შეიძლება ძმა, ბურთს რომ ხელში მოიგდებ, აუცილებელი კი
არა, მაგ ჭკუაზე ვარ ზუსტად! - არ დავეთანხმე გულში კოკას - ჩემით მოპოვებული ბურთი ჩემია (აბა ტყუილად ვიწვალე?!) და ლელოც მე უნდა დავდო, - ასეა ეს!
ვის ეკაიფებით, თქვე ბანდიტებო?!
ორი კვირა არ გასულა, რაც ვარჯიში დავიწყე. საკმაოდ შედეგიანად ვირჯები. ხელმძღვანელობა კმაყოფილია. მეც გახარებული ვარ ჩემი პირველი მიღწევებით. მოკლედ, ყველაფერი წესის და რიგის მიხედვით მიდის.
ერთი, მორიგი ვარჯიშის შემდეგ ძმაკაცმა თანაგუნდელმა მანქანით გასეირნება შემომთავაზა. გამოვედით ქუჩაში. გაპრიალებული შავი "ვოლგა"-24 დგას. სამი ბიჭი ზის, მძღოლი, მის გვერდით გრძელთმიანი ახალგაზრდა, უკან კი მესამე. მე და ჩემი დამპატიჟებელი ძმაკაციც უკანა სავარძელზე მოვთავსდით.
მანქანა რბილად გასრიალდა ახალნაწვიმარ ასფალტზე. მაგნიტოფონი მთელი ხმით გუგუნებს. ალა პუგაჩოვას "აბბა" ცვლის, "აბბას"-ს "ბონიემი", მოულოდნელად წინ მჯდომმა ახალგაზრდა მაგნიტოფონს ხმა ჩაუწია, ჩვენსკენ მობრუნდა და მოთენთილი ხმით ამბობს:
- "ტარიანი" არავის გაქვთ?
ალალ და გულუბრყვილო კაცს რა ვუთხარი მე (მე ვიყავი ასეთი მაშინ), თუ არა, ახლა ბაღის ბავშვმაც იცის "ტარიანი" რომ "საკაიფო ბალახით" დატენილი პაპიროსია.
- ტარიანი გაქვთ ვინმეს? - ისევ იკითხა იმ ბიჭმა.
უხერხულად მიმოვიხედე. მოპასუხე არავინ ჩანს.
- მე მაქვს... ჯაყვა... ვთქვი გაუბედავად.
ჯაყვაო?! - ატყდა ხარხარი მანქანაში... ჯაყვაო, კაცო! ხა, ხა, ხა!!!
მეწყინასავით, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევ; მაგათმა იკითხონ, რომ არ აქვთ! - დავიმშვიდე თავი.
სიცილს რომ მორჩნენ და მანქანა რომელიღაც გაუქმებულ ფაბრიკასთან გაჩერდა, ბინდი შემოეპარა ქალაქს. ფაბრიკის შენობა დგას ეულად და საცოდავად. იმ ბიჭმა, წინ რომ იჯდა "ბელამორკანალი" (პაპიროსია ასეთი) ამოიღო, და ერთი ღერი მომაწოდა:
- ხომ არ ააფეთქებ?
ვაიმეე! - დამცეცხლა თავში - ხომ არ ააფეთქებო, კაცო! - ამისთვის წამომიყვანეთ? ფაბრიკა უნდა ამაფეთქებინოთ? მორჩა, ვიღუპები, ბანდაში, ტერორისტების ბანდაში ამოვყავი თავი! ეს ჩემი ძმაკაციც რას გაჩუმებულა, ხმას არ იღებს?.. მორჩა, გაყიდული ვარ... ბანდაში ვარ ჩათრეული, ვაი შენს ნოდარიკოს! თავს უნდა ვუშველო,
ძალიან ცუდადაა საქმე, ძმაო!
- ეს რაა? - ვეკითხები დროის მოგების მიზნით.
- ესაა ძმაო - ტარიანი - ააფეთქებ? - დამმოძღვრა ბიჭმა. ამუშავდა ტვინი:
"ახლა ამას ვლეწავ, გავანგრევინებ კარებს, უკან, ჩვენს გვერდით რომ ზის იმასაც. მძღოლის გათიშვაც არ გამიჭირდება".
მორჩა, ვიწყებ მოქმედებას - დავძაბე სხეული.
- ჰა, ჩაკლავ? - ისევ მაძალებს "ტარიანს" ის უპატრონო.
"ე.ი. ესაა ასაფეთქებელი მოწყობილობა - ამით უნდა ავაფეთქო ფაბრიკა ალბათ, მაგრამ "ჩაკლავ" რაღაა? - ააა, მივხვდი, მივხვდი, ე.ი. დარაჯიც უნდა ჩავკლა, ის უდანაშაულო კაცი... ბანდაში ვარ, ბანდაში!!! ღმერთო მიშველე!
- ახლავე დამაბრუნეთ, საიდანაც წამომიყვანეთ! - ვთქვი გამშრალმა, თან ჩანაფიქრს არ ვეშვები: "ამას ხელი - თავში, იმას - ფეხი ფერდში... ეს გაანგრევს წინა კარს, მეორე გაანგრევს უკანა კარს, მერე მძღოლს გავუკეთებ სასწაულ "ზახვატს" და გადარჩება ფაბრიკაც, დარაჯიც და მეც...
- სად დაგაბრუნოთ, კაცო, გამომართვი ეს ტარიანი, არ მეშვება ის ოჯახქორი, ჩაკალი, რა...
- ვერ მოგართვი! - ახლა მე ვიცი! - და რომ უნდა მართლა ავფეთქდე - ისევ ატყდა ხარხარი მანქანაში.
- რა გაცინებთ, რა? - ვიყვირე - რა გაცინებთ?! - ბანდიტებო!
- ბიჭო, - ეკითხებიან ჩემს ძმაკაცს - ამას არასდროს მოუწევია?
- კარგი, მორჩით... მოინათლა უკვე - "აუხსნა" ამან - თუმცა მე "ტარიანი" არასდროს გამომიყენებია ჯაყვის გარდა (მსხალს ვთლი ხოლმე).
შევეჩვიე და შემიჩვია ქალაქმა. ორი თუ სამი თვის შემდეგ ერთ "სვეტსკი" წვეულებაზე მოვხვდი. უკვე სხვა ნოდარი ვარ. უკვე ყველაფერი ვიცი, ქიციც და ქიცმაცურიც. არაფერი შეგეშალოთ...
შუა ქეიფში ერთმა ზუსტად ისეთივე "ბელამორკანალი" არ მომაწოდა?
- უკაცრავად, ეს რაა? - ვეკითხები (ვითომ არ ვიცი).
- ეს "საცინებელი" ინსტრუმენტია - ამიხსნა ("პლანი" - აცინებს თურმე კაცს).
- ვაი შენს პატრონს - ვუთხარი გამომწვევად. გინდა მომატყუოა არა? ეს "საცინებელი" კი არა ტარიანია, ტარიანი.
მაშინაც მაგარი სიცილი ატყდა.
დღეს უკვე მე მეცინება იმ ამბებზე, ოღონდ ყოველგვარი "ასაფეთქებელის", "ჩასაკლავის" და "საცინებლის" გარეშე...
ვაი შენს პატრონს!
ბესო ლიპარტელიანი ჩემი ძმაა. ერთ ზაფხულს მშობლიურ სოფელს ვეწვიეთ, ცოტას დავისვენებთ სვანეთის ამაყ მთებში-თქო.
ერთი დილაა და ახალგაღვიძებულებს რაღაც ხმაური შემოგვესმა. მამაჩვენის ხმა გავარჩიეთ, მგონი ჩვენს მეზობელს და ნათესავს (ყველა სვანი ერთმანეთის ნათესავია და, ტრაბახით არ ვიტყვი, მაგრამ ლიპარტელიანების უმრავლესობა სპორტსმენები ვართ) - ფერმის გამგეს ეკამათება ღობის, ანუ სამოსახლო ტერიტორიის თაობაზე.
ეს, სოფელში ჩვეულებრივი ამბავია: "შენი ღობე ცოტა შიგნით შესწიე, - არა, არ შევწევ და ა.შ.
ფერმის გამგე მაინც ფერმის გამგეა, თავისი აზრით სოფელში "ელიტარული" პოზიცია უჭირავს და სხვებს, უბრალო მოკვდავთ - ზემოდან დაჰყურებს.
გამოვედით მთელი ჩვენი დედმამიშვილობა და აივნიდან ვუყურებთ ორ მოდავე ბერიკაცს.
- გადაწიე ღობე ცოტა - არ ეშვება ფერმის გამგე მამაჩვენს.
- რატომ, რატომ? - არ ნებდება მამა. ათადან და ბაბადან ეს ჩვენი დამტკიცებული ტერიტორიაა, შენ გადაწიე თუ კაია.
- შეიწიე, რო გეუბნები!
- ბიჭო - ხმას დაუდაბლა მამამ - ახლა მე შენ ერთ რამეს გეტყვი და არავისთან გაამხილო.
- რას მეტყვი, რას?
მამამ ვეღარ მოითმინა და ხმას აუწია:
- ბიჭო, შენ რომ ფერმაში საქონელი გყავს, იმაზე მეტი მე შვილები მყავს საბჭოთა კავშირის ნაკრებში!
მეტი ვეღარ გავძელით, ფხუკო - დაიძახა ბესომ და შევცვივდით ისევ ჩვენს ოთახებში.
ფერმის გამგეც ბუზღუნით შებრუნდა სახლში.
მორგში, მორგში!
რაგბი ჩემო მურმან - ბალეტი არაა. ყველაფერი მოდის, კვანტი, მოგვერდი, ჩავლება, ძიძგილაობა, სალტო... სხვანაირად რაგბი რა რაგბია?! არც ჩარტყმა-დარტყმაა გამორიცხული გახურებული თამაშის დროს. ის მაინც სასწაული იყო, ერთი მოწინააღმდეგე გუნდის 28 ნომერმა "თვალში ამომიღო" და სადაც წამეწეოდა მირტყამდა (კონსპირაციულად, მსაჯს რომ არ შეემჩნია, რა თქმა უნდა). სამჯერ ისეთი მითავაზა სახეში რომ თვალებიდან სულ ნაპერწკლები ვყარე. სიფათი აღარ მივარგოდა. საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს? ერთ შეჭიდებაში გამოუყვია თავი ხვლიკივით და ე, მაშინ ვისარგებლე და - გეფიცები ყველაფერს, ერთხელ ჩავაფეთე იმ ხვლიკ როჟაში. ჩავაფეთე და შეჭიდებაც დაიშალა... გაიშალა, მაგრამ რად გინდა ეს დარჩა უძრავად... მოცვივდნენ სანიტრები და "წაანასილკეს" . სასწრაფოში გააქანეს.
შესვენება გვაქს. მოვარდა იმ კაცის მწვრთნელი და კითხულობს:
- სად წაიყვანეს? რომელ საავადმყოფოში იქნება?
არავინ არ გასცა პასუხი. ბოლოს, რომ აღარ მოგვეშვა, ერთ ჩემს თანაგუნდელს წამოცდა:
- სვანი რო ლეწავს, იმას საავადმყოფოში რა უნდა, ალბათ მორგში იქნებაო.
მიიხედ-მოიხედეს, მაგრამ ჩემზე ეჭვი ვერავინ მოიტანა. მარტო მე კი არ ვარ სვანი ნაკრებში...
შეგრცხვეთ, შეგრცხვეთ!
სვანი ვარ და ოჯახის ამბავსაც გიამბობ. ყველანი შევიკრიბეთ სვანეთში. ზამთარია. უხარია მამიკოს.
ყველა შვილი სახლში ჰყავს. გუგუნებს ღუმელი და თოვს ხვავრიელად.
მამა გარეთ გავიდა - შეშის ამოსატანად. ვითომ ჩვენ ვერ ამოვიტანდით? ამ დროს ჩემმა დამ გადასძახა:
- მამა - ბარემ წყალიც გამოაყოლე. შეშაახუნძლული კაცი წყლისკენ დაიძრა.
- მამა - გადასძახა ჩემმა ძმამ, ბარემ მანდ ხარ და - ერთი - ჩაქუჩიც ამოიყოლე.
კაცი დაემორჩილა...
- მამი - ეძახის ჩემი მეორე ძმა - ბარემ...
კაცმა საწყლად ამოგვხედა:
- მამას, მამას მაინც ნუ მეძახით მე თქვენიიიი!!!
მურმან მერკვილიშვილი