აღფრთოვანებული სტუმრები, კმაყოფილი მასპინძლები და მომავლის იმედი

AutoSharing Option
ახლახან თბილისში დასრულდა "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშება, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სინამდვილეში ყველაზე მასშტაბური ტურნირი იყო, რაც კი დღემდე გამართულა. დაპირებისამებრ, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და შეჯიბრების დირექტორი ლაშა ხურციძე ჟურნალისტებსა და ქომაგებს "რაგბის პაბში" შეხვდა. ასეთი სახის შეხვედრებს საფუძველი ტრადიციას წლეულს ჩაეყარა. რაგბის კავშირის პრეზიდენტის გარდა მანამდე ქომაგებს საქართველოს ეროვნული ნაკრების შოტლანდიელი თავკაცი რიჩი დიქსონიც შეხვდა.

ბოლო შეხვედრის საუბრის თემა, ცხადია, განვლილი ტურნირი, მისი საორგანიზაციო საკითხებისა და საქართევლოს ახალგაზრდული ნაკრების ასპარეზობის შეფასება იყო. ამასთან, საინტერესო გამოდგა ინფორმაცია ეროვნული ნაკრების
მსოფლიოს თასზე ასპარეზობისთვის მზადების გეგემებზე.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"ტურნირი ძალიან კარგი გამოვიდა. საამისოდ ბევრი ვიშრომეთ. საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, როგორც ქართულმა, ისე IRB-ს გუნდმა შესანიშნავად იმუშავა. ცხადია, მზადება ერთი ან ორი კვირით ადრე არ დაგვიწყია. ტურნირის ორგანიზებაზე ზრუნვას ოთხი თვით ადრე შევუდექით და ყოველდღე ბეჯითად ვშრომობდით.
"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გამართვამ ქართულ რაგბის სერიოზული დივიდენდები მოუტანა. ჩვენი ავტორიტეტი რაგბის საერთაშორისო საბჭოში დიდი იყო, თუმცა ამ ტურნირის შემდეგ ის კიდევ მეტად გაიზარდა. შეჯიბრების დასრულების შემდეგ საბოლოო შეკრებაზე IRB-ს განვითარებისა და საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ იგანმა პირდაპირ, ყოველგვარი დიპლომატიურობის გარეშე განაცხადა, რომ აქამდე გამართული ტურნირები თბილისში ჩატარებულ შეჯიბრებასთან ახლოსაც ვერ მივა.

ამ განცხადებით, ცხადია, მან აწყენინა ჩილეს, კენიას და რუსეთს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ, საქართველომ დავამკვიდრეთ ახალი სტანდარტი და ამიერიდან სწორება თბილისში გამართულ ტურნირზე იქნება.

ტურნირის ორგანიზებისას ძალიან ბევრი ვიკამათეთ იმის თაობაზე თუ რა გვექნა, წავსულიყავით მარტივი, იაფი გზით თუ სტუმრები უმაღლეს დონეზე მიგვეღო. გადავწყვიტეთ, მეორე გზა აგვერჩია და არც შევმცდარვართ. გუნდები და სტუმრები ყველაზე მაღალი დონის სასტუმროებში მოვათავსეთ, რაც კი თბილისში გვაქვს. ყველა მათგანს ჰქონდა შესანიშნავი საცხოვრებელი, სავარჯიშო და დასვენების პირობები.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მაყურებელი. ყველა, ტურნირში მოასპარზე მორაგბეები, მწვრნელები და IRB-ს მოხელეები აღფრთოვანებულნი არიან ქართველი ქომაგების ქცევის კულტურით, რაგბის სწორი აღქმით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნამდვილად სარაგბო ქვეყანა ვართ. თბილისიდან ყველა ქვეყნის დეელგაცია უაღრესად კმაყოფილი გაემგზავრა და ეს, ცხადია, ძალიან გვახარებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტურნირის გამართვით არა მარტო რაგბის კავშირმა მიიღო "პოლიტიკური" დივიდენდები, არამედ ქვეყანაში დარჩა 600-დან 700 ათას ლარამდე შემოსავალი. ანუ ქვეყანამ ფინანსურადაც იხეირა, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ მსგავსი და უფრო მასშტაბური ტუნირების გამართვა ყოველმხრივ საშური საქმეა.

IRB-მ უკვე შემოგვთავაზა ჩავატაროთ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი. უნდა ავირჩიოთ 2014, 2015 ან 2016 წელი. აღსანიშნავია, რომ ამ დონის ტურნირს თამასა ბევრად მეტია. საჭიროა ორი სტადიონი, რომელიც მინიმუმ ხუთი ათას მაყურებელს იტევს. რაც ამჟამად ჩვენ არ გაგვაჩნია. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება დიდ დიღომში რუსთავსა და ბათუმში სარაგბო სტადიონების მშენებლობა. ჩვენ შეგვიძლია ტურნირი, რომელშიც 12 გუნდი ასპარეზობს ორ ქალაქში, თბილისსა და ბათუმში ჩავატაროთ. კარგი იქნებოდა, ამ შეჯიბრებისთვის ქუთაისსაც ემასპინძლა, მაგრამ იქ სათანადო ინფრასტრუქტურა (აეროპორტი, სასტუმროები) არ აქვთ.

გამორიცხული არ არის,IRB-ს ერთა თასი, რომელიც ამჟამად ბუქარესტში იმართება თბილისში გადმოვიტანოთ. თუმცა, ალბათ, მოგვიწევს არჩევა, ან შავი ზღვის საკლუბო შეჯიბრება ან IRB-ს ერთა თასი. ვფიქრობთ, რომ რაგბის განვითარებისთვის უპრიანი იქნება თბილისში სანაკრებო ტურნირების ორგანიზება.

რაც შეეხება შეჯიბრების სპორტულ მხარეს, მაყურებელმა საკმაოდ დიდი დონის რაგბი იხილა. სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. დავინახეთ, რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. რადიკალურადაა შესაცვლელი მიდგომა. თუ ბავშვთა ასაკიდან არ დავიწყეთ ცვლილებები არაფერი გამოგვივა.

ნათლად ჩანს, რომ ჩვენი მეტოქეები რუსეთი, ესპანეთი, რუმინეთი და პორტუგალია აღარ არიან. მაგრამ იმ დონეზეც არ ვართ რომ ელიტარულ გუნდებს ვეპაექროთ. სადღაც შუაში ვართ გაჩერებული და უკან სვლა რომ არ მოხდეს, სასწრაფოდაა საჭირო ზომები მისაღები. ვფიქრობთ, და ალბათ, ამის შესახებ რაგბის კავშირის გამგეობაზეც ვიმსჯელებთ, რომ სარაგბო აკადემიის მთავარ მწვრთნელად უცხოელი ჩამოვიყვანოთ. მანვე უნდა უხელმძღვანელოს ასაკობრივ ნაკრებებსაც. მათთან ერთად იმუშავებენ და ისწავლიან რიჩი დიქსონის მიერ ორგანიზებული განვითარების ჯგუფის წევრები, რომლებიც ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ისინი მიღებულ ცოდნას კლუბების მწვრთნელებს გაუზიარებენ და მათ გააკონტოლებენ კიდეც.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის მსვლელობისას თბილისში სტუმრად იმყოფბოდნენ ინგლისის "ჰართპულის სარაგბო აკადემიის" ხელმძღვანელები, რომლებთანაც ხელშეკრულება გაფორმდა. ამ კონტრაქტის მიხედვით, ჩვენ საშუალება გვეძლევა აკადემიაში თითო წლით ორ-ორი ახალგაზრდა მოთამაშე მივავლიონოთ. წლეულს, სეტემბრიდან ჰართპულში გიორგი ტყეშელიაძე (ყოჩები) და მერაბ შარიქაძე (აკადემია) გაემგზავრებიან. ვფიქრობ, ამ აკადემაისთან თანამშრომლობა სასიკეთოდ წაადგება ქართული რაგბის განვითარებას.

წინ ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრება გვაქვს.IRB-ს ერთა თასის გათამაშების დასრულების შემდეგ რიჩი დიქსონი მორაგბეებს დასვენების საშუალებას მისცემ და მერე მსოფლიო თასზე წამსვლელთა ვინაობას დაასახელებს. მზადება თბილისში ხუთი ივლისიდან დაიწყება. ორი კვირის შემდეგ კი გუნდი საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც საწვრთნელი შეკრების პარალელურად, რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს ელიტური, პირველი დივიზიონის გუნდებთან. ახალ ზელანდიაში კი ხუთ სექტემბერს ჩავალთ და ცხრა დღეში პირველ მატჩს შოტლანდიის ნაკრებთან გავმართავთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული