გიორგი ჩუბინიძე: უმაღლესში გადასვლა კარგია, მაგრამ პირობებია ცუდი...

AutoSharing Option
დრო იყო, როცა ბათუმი ქართული რაგბის ცენტრად იყო გადაქცეული. ადგილობრივი "დათვები" 1999-2002 წლებში ორჯერ საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ კი თასის მფლობელი გახდა.

შემდეგ "დათვების ადგილას ახალი გუნდი "ბათუმი XV" ჩამოყალიბდა, რომელმაც 2009 წელს ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა მომდევნო სეზონი ბათუმლებისთვის წარუმატებელი გამოდგა და უმაღლეს ლიგას დაემშვიდობნენ. მარგამ, მხოლოდ ერთი წლით.

ზღვისპირელებმა ამ სეზონში გიორგი ჩუბინიძის თავკაცობით პირველ ლიგაში თოთხმეტივე შეხვედრა მოიგეს და უმაღლეს ლიგას დაუბრუნდნენ. გასულ სეზონზე და ბათუმურ გუნდში არსებულ ვითარებაზე "ბათუმი XV"-ის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჩუბინიძეს ვესაუბრეთ.

-
თავიდან თქვენს საწვრთნელო კარიერაზე ვთქვათ. ორი წლის განმავლობაში "აიას" წვრთნიდით, შემდეგ უცხოეთში გააგრძელეთ მოღვაწეობა. საზღვარგარეთ რომელ გუნდებს წვრთნიდით და "ბათუმი XV"-ში როდის დაინიშნეთ?
- ქუთაისის "აიადან" პოლონეთში წავედი, სადაც კრაკოვის "იუვენიას" მოთამაშე მწვრთნელი ვიყავი. შემდეგ ჰოლანდიაში გადავედი და "ამსტელვეენ 1890" -ის მოთამაშე მწვრთნელი გავხდი. უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ ქუთაისის "აიაში" გუნდის მენეჯერის თანამდებობაზე დავბრუნდი.

ამასობაში "ბათუმი XV"-ის ვარიანტიც გამოჩნდა. ჩემს დანიშვნამდე ბათუმლები ლევან მგელაძის ხელმძრვანელობით უმაღლეს ლიგაში მეორე ადგილზე გავიდნენ, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი დაიშალა. ლევან მგელაძესთან ერთად "ბათუმიდან" 15-20 მოთამაშეც წავიდა. გუნდი თავიდან გახდა დასაკომპლექტებელი. მოთამაშეები ახალგაზრდული შემადგენლობიდან გადმოვიყვანეთ, მაგრამ ბევრმა იმედები ვერ გაამართლა, ამას მორაგბეთა ტრავმიანობაც დაერთო და პირველ ლიგაში ჩამოვქვეითდით.

- უმაღლესი ლიგის საგზური პირველივე ცდაზე მოიპოვეთ, თანაც პირველ ლიგაში თოთხმეტივე შეხვედრა მოიგეთ.
- წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ გუნდი რამდენიმე მორაგბემ კიდევ დატოვა. სამაგიეროდ, თორნიკე აშვეთიას, ბექა ფრუიძის, ზვიად ოდიშარიას, გრიგოლ ცირეკიძის, თორნიკე ხელაძის, ბაკურ ჩუბინიძის და თემო სოხაძის შემადგენლობით კარგი შევსება მივიღეთ. ეს მორაგბეები გუნდს კარგად შეეწყვნენ.

სხვა მხრივ კვლავ ახალგაზრდა მორაგბეებით გვიწევდა ფონს გასვლა. ერთი თორნიკე აშვეთიაა გამოცდილი, რომელსაც უცხოეთში მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები, დანარჩენი კი უმეტესად ახალგაზრდა, გამოუცდელი ბიჭები არიან. პირველ ლიგაში თამაში არ გაგვჭირვებია, მხოლოდ "ჯიქებმა" გაგვიწია ღირსეული წინააღმდეგობა, თუმცა ისიც ორივე შეხვედრაში დავამარცხეთ (24:15, 11:6). სხვა გუნდების ძლევა არ გაგვჭირვებია.

- პირველ ლიგასა და უმაღლეს ლიგას შორის დიდია სხვაობა?
- პირველი ლიგა უმაღლესს ძალიან ჩამოუვარდება. ძალიან კარგია, რომ უმაღლესში 10 გუნდის თამაში გადაწყდა. საცოდაობა იქნებოდა პირველ ლიგაში "ჯიქები", რომ დარჩენილიყო ან "ყოჩები" გავარდნილიყო. პირველი ლიგა ძალიან დაბალი დონისაა და იქ 40 წლის გამოცდილ მორაგბესაც კი შუძლია საუკეთესო იყოს.

- ადრე ბათუმში რაგბის ბუმი იყო. ახლა როგორი დამოკიდებულებაა სპორტის ამ სახეობის მიმართ?
- სამწუხაროდ, ახლანდელ მდგომარეობას სახარბიელო არ ეთქმის. სავარჯიშო პირობების მხრივ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. სტადიონზე გასახდელები მოუწესრიგებელია, არა გვაქვს წყალი და სათამაშო ინვენტარის სიმწირესაც განვიცდით.

- ახალ თაობაში თუ არიან საინტერესო მოთამაშეები?
- ახალგაზრდების წარმოჩინებასაც პირობების უქონლობა აბრკოლებს. გვინდოდა ახალგაზრდული გუნდი "ბ" ლიგაში გამოგვეყვანა, მაგრამ ეს არ მოხერხდა. ბავშვმა ხომ უნდა გამოიცვალოს სადმე, ან თამაშის შემდეგ შხაპი ხომ უნდა მიიღოს?! ამის საშუელება არ არის და შტანგის დარბაზში პატარებს ვერ ვავარჯიშებთ.

- გუნდს ვინ აფინანსებს, ამ მხრივაც ხომ არ გაქვთ პრობლემები?
- არა, ფინანსურად ყველაფერი რიგზეა. "ბათუმი" ქალაქის მერიის კლუბია და ამ მხრივ პრობლემა არ გვქონია, მაგრამ გასახდელებისა და სავარჯიშო პირობების უქონლობა გუნდზე ცუდად მოქმედებს.

- როგორ რაგბს თამაშობს "ბათუმი" და რა შეცვალეთ თქვენი მისვლის შემდეგ?
- რა უნდა შევცვალო, როცა გუნდიდან ყოველ სეზონში 25 მოგარბე მიდის და ყოველ თამაშში ახალ-ახალი მოთამაშეების გამოცდა მიწევს?! რა სათამაშო სტილზე და ტაქტიკაზეა ლაპარაკი, როცა არ ვიცი მომდევნო თამაშზე ესა თუ ის მოთამაშე მეყოლება თუ არა?! ვცდილობ, გუნდი გაშლილად ვათამაშო, მაგრამ თუ მორაგბეთა გახშირებული მიგრაცია არ შეწყდა, ვერაფერს გავხდები.

- უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეთ და მაინც ჭირს მორაგბეების შენარჩუნება?
- სამწუხაროდ, როგორც ვიცი, ბევრი აპირებს წასვლას. სასელექციო საქმიანობას მწვრთნელი კახა კუნჭულია წარმართავს, რომელიც განსაზღვრავს ვინ გაუშვას გუნდიდან და ვინ დაიმატოს. ასე რომ, რა ბირთვი გვეყოლება საგაისოდ წინასწარ ვერაფერს გეტყვით.

- მთავარი მწვრთნელი ხართ და გუნდის დაკომპლექტებაში არ მონაწილეობთ?
- შემიძლია ამა თუ იმ მორაგბეს გავუწიო რეკომენდაცია, მაგრამ სელექციის მწვრთნელი მას როგორ მიიღებს, ეს სხვა საკითხია. გუნდთან კონტრაქტი 2011 წლის ბოლოს მიმთავრდება, თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი აქვთ, მაგრამ სავარჯიშო პირობები და სასელექციო მუშაობა თუ არ შეცვალა, აზრი არა აქვს იქ დარჩენას.

- რაში ხედავთ გამოსავალს, რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ქართულ რაგბიში პრობლემებს ბოლო მოეღოს?
- შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა კლუბის სახელმწიფომ დააფინანსოს. ქვეყნის ბიუჯეტი ამას ვერ გაწვდება, მაგრამ საკანონმდებლო პოლიტიკა ისე უნდა შეიცვალოს, რომ სპონსორს კლუბში მისვლის და ფულის ჩადების სურვილი გაუჩნდეს. დიდ პრობლემას გვიქმნის მორაგბეების ჯარში გამოძახებაც.

ჩემი აზრით, უმაღლეს ლიგაში რომ ბიჭი თამაშობს, ის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან უნდა გათავისულდეს. ჯარს რომ მოივლის და ორი სეზონი გაუცდება ის მოთამაშე რაგბისთვის უკვე დაკარგულია. ძალიან პერსპექტიული ბიჭი იყო ბადრი ევგენიძე და მასზე დიდ იმედებს ვამყარებდით, მაგრამ ჯარში გამოიძახეს, სეზონი გაუცდა, ფორმიდან ამოვარდა და ახლა საჭირო კონდიციები რომ დაიბრუნოს ძალზე დიდი დრო დასჭირდება.

ფოტო: შუაში გიორგი ჩუბინიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მაინტერსებს საშუალოდ,ხელფასები რამდენია საქართველოს ჩემპიონატში.:)იქნებ ვინმემ დაწეროთ რა;)
karlsoni
14:29 10-12-2011
0
მე ვთამაშობ ერთ-ერთ გუნდში უმაღლესში,საშუალო ხელაფასი 300-400 ლარი გვაქვს))
Qartveli!
20:34 10-12-2011
0

სიახლეები პოპულარული