მამუკა გორგოძე მსოფლიოს ვარსკვლავთა გარემოცვაში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ლიდერი, მესამეხაზელი მამუკა გორგოძე კიდევ ერთხელ მოხვდა უცხოური მედიის ყურადღების არეალში. სარაგბო პორტალმა www.espnscrum.com-მა ის ისეთი მსოფლიოს ვარსკვლავების კომპანიაში დაასახელა ბაკის ბოთა, რიჩი მაქოა, ტიერი დუსოტუარი, ჯიმი კუდმორი და ბრაიან ოდრისკოლი რომ არიან.

პორტალი თანამედროვე რაგბიში გოლიათების სიმცირემ დააფიქრა. მას შემდეგ, რაც რაგბიდან წავიდნენ მარტინ ჯონსონი, დენი გრივკოკი და სხლაკ ფან დერ მერვე რაგბიში უზარმაზარი აღნაგობის მორაგბეების დეფიციტი იგრძნობა, რომლებსაც ხშირად მარტო შეეძლოთ გადაეწყვიტათ მატჩის ბედი.

თუმცა, რა თქმა უნდა, ზორბა მორაგბეები მთლიანად არ გადაშენებულან და რამდენიმე მათგანი
კიდევ შემორჩა მსოფლიოს სარაგბო მოედნებს.

www.espnscrum.com-მა ექვსი მორაგბე, ექვსი უკანასკენლი მოჰიკანი დაასახელა და მათ შორის მამუკა გორგოძეც.

მამუკა გორგოძე (საქართველო)
მეტსახელი "გორგოძილა" მისთვის ზედგამოჭრილია. ეს არის "ადამიანი მხეცი", რომელიც საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" გამწევი ძალაა. გორგოძე ბავშვობაში კალათბურთზე დადიოდა, რამაც საკმაოდ კარგი სისხარტე გამოუმუშავა. ბურთით ხელში ის ძალიან სახიფათოა, მით უფრო რომ ინდივიდუალურად შეუძლია დაძლიოს რამდენიმე მეტოქის წინააღმდეგობა. სწორედ ამის გამო სარგებლობს ის საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბის რეპუტაციით.

მამუკა გორგოძემ ჯერ კიდევ სიყრმის ასაკიდან შეიძინა საშიში მოთამაშის სახელი. მწერალი ჯო დანიელი მასთან რამდენიმე წლის წინ შეხვედრას ასე იხსნებს:

"ახალგაზრდა ქართველ მორაგბეს რომ ვუწოდებ, სულაც არ ნიშნავს, რომ მას ბავშვური სახე აქვს, ეს არის 22 წლის დათვივით კაცი, რომელიც მთელ თავისუფალ დროს ძალოსნობის დარბაზში ატარებს.

მას მამუკა გორგოძე ჰქვია, მეტსახელად "გორგოძილა" და თუ თქვენთვის ძვირფასია სიცოხლე მას წინ ნუ გადაეღობებით. ის ბურთით ხელში, უროსავით მძლავრი მუშტით არკვევს, ვინ არის მოედანზე მთავარი".

ბაკის ბოთა (სამხრეთ აფრიკა)
მან თანამემამულე ვიქტორ მეტფილდთან ერთად მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მეორე ხაზის დუეტი შექმნა. მათ ერთად თითქმის ყველაფერი მოიგეს როგორც "ბოკეს", ისე პრეტპრიის "ბლუ ბულზის" შემადგენლობაში. ბაკის ბოთა ამჟამად საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "ტულონში" თამაშობს. მისი მეწყვილე აქ მეტფილდზე არანაკლები ზომა-წონის ინგლისელი მეორეხაზელი საიმონ შოუა.

მართალია, მან სამხრეთ აფრიკა დატოვა, მაგრამ არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ თავისი თამაშის მანერას შეცვლის. ბოთას ხშირად "აჯილდოებდნენ" არბიტრები ყვითელი ბარათით. უფრო მეტიც, ის სინბინში ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩშიც კი გაუშვეს. მას შემდეგ ბაკისი რამდენიმე ხმაურიან სკანდალში გაეხვა. ის ჯიმი ქოუნათან, ადამ ჟოუნზთან და ხიო ეპლონთან განზრახ ბინძური თამაშისთვის არაერთხელ საყოველთაოდ გაკიცხეს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ბოთამ განაცხადა:
"ადამიანებს ჩემზე არასწორი წარმოდგენა აქვთ. მე ბავშვებს არ ვჭამ".

ჯიმი კუდმორი (კანადა)
ფრანგული "კლერმონის" კანადელი მეორეხაზელი გასული სეზონის თითქმის ნახევარი დისკვალიფიცირებული ოყო. ის ჯერ სამხრეთაფრიკელი ჟაკ ბურხერის წინააღმდეგ განზრახ ბინძური თამაშისთვის დასაჯეს 70-დღიანი დისკვალიფიკაციით, მერე კი, მალევე ანალოგიური დანაშაულისთვის "პერპინიანთან" მატჩში 40-დღიანი დასვენება გამოუწერეს.

საოცარია, მაგრამ მისი მეტსახელია "ლამაზმანი", არადა წარსულშიც "ცუდი ბიჭის" რეპუტაცია ჰქონდა. კუდმორს, მიუხედავად ამისა, ხელგაშლილი ხვდებიან კლუბშიც და კანადის ეროვნულ ნაკრებშიც, რომლის შემადენლობაშიც ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე იასპარეზა.

რიჩი მაქოა (ახალი ზელანდია)
"ოლ ბლექსის" კაპიტანმა გუნდთან ერთად მსოფლიოს თასი მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში ფეხის საშინელი ტკივილები აწუხებდა. რიჩი მაქოამ მძიმე ტრავმა 2011 წლის დასაწყისში მიიღო. რის გამოც ზე რაგბის გათამაშებაში "კრუსეიდერზის" შემადგენლობაში მთელი სეზონი გაუცდა. რიჩი ბოლომდე გამოჯანმრთელებული არც მსოფლიოს თასის მსვლელობისას იყო, თუმცა მაინც გაძლო და გუნდს ტრიუმფიკენ წარუძღვა.

ფინალში ფრანგმა ორეალიან რუჟერიმ ლამის თვალი ამოთხარა. ეს ინციდენტი ერთ-ერთია იმ მრავალს შორის, რომელიც ამტკიცებს, რომ რიჩი მაქოამ მიზნის მისაღწევად საკუთარი ჯანმრთელობაც არ დაიშურა. ძალიან ბევრს ის სამართლიანად მიაჩნია ყველა დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მორაგბედ.

ბრაიან ოდრისკოლი (ირლანდია)
ლეგენდარული ირლანდიერი შუამარბი ამჟამად უსაქმოდაა, რადგან მხარი დაიშავა და მკურნალობს. ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ ის ექვსი ერის გათამაშებაში ვერ იასპარეზებს. მსგავსი ტრავმა ბრაიან ოდრისკოლმა 2005 წელსაც მიიღო. ახალი ზელანდიის ნაკრებისა და "ბრიტანელი ლომების" დაპირისპირებისას, ტანა უმაგამ და კევინ მეალამუმ მისი შეჩერება მხოლოდ ბინძური თამაშით შეძლეს და ისეთი ტრავმა მიაყენს, რომ ოდრისკოლს ლამის 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება გაუცდა. მაშინ, საფრანგეთში, ბრაიანი საშინელ ტკივილებს უძლებდა.

ამას ორი წლის შემდეგ კიდევ ერთი ინციდენტი მოჰყვა. იმავე "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში თამაშისას ოდრისკოლს მძიმე ტრავმა "ბოკეს" მეორეხაზელმა დენი როსუმ მიაყენა. ბრაიანმა ესეც გადაიტანა და "სამყურებს" ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე უკაპიტნა.
ოდრისკოლს მთელს მსოფლიოში რაგბის ქომაგები დღემდე უდიდეს პატივს სცემენ.

ტიერი დუსოტუარი (საფრანგეთი)
ის IRB-მ 2011 წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი თავდადებული თამაშითა და დიდი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა. ტიერი დუსოტუარმა თავისი უდრეკი ხასიათით და შესანიშნავი სათამაშო ოსტატობით საყოველთაო აღიარება დაიმსახურა.

2007 წელს მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ხანა იყო, როცა მსოფლიოს თასის მეოთხედფინალში "ლე ბლომ" ახალი ზელანდიის ნაკრების დამარცხება შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული