საქართველოს რაგბის კავშირი დღესდღეობით 6 სხვადასხვა რანგის შეჯიბრებას მართავს. ესენია: საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი, ესპუართა, ჭაბუკთა A და B ლიგები, ასევე - შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატი, რომელიც სამ ეტაპად ტარდება.
ქართული რაგბის "შიდა სამზარეულოს" სიახლეებზე, პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ნიაზ მამრიკიშვილი გვესაუბრება.
- წლევანდელი სეზონი უწინდელისგან ძალიან ბევრი რამით იყო გამორჩეულ-განსხვავებული.
ამასთან ერთად, გაიზარდა გუნდების რაოდენობა თითქმის ყველა ლიგაში. მაგალითად, უმაღლეს ლიგაში რვის ნაცვლად ათ გუნდს ვიხილავთ. სერიოზული ნამატი გვაქვს პირველ ლიგაშიც. იქ 16 გუნდი ითამაშებს.
გადავწყვიტეთ, პირველი ლიგა რეგიონული პრინციპით ორად გაგვეყო. მართალია, დასავლეთ ზონაში უფრო ნაკლები, ექვსი გუნდი მოხვდა, მაგრამ დასავლეთ საქართველოში რაგბის განვითარების ტემპი იმდენად სწრაფია, რომ მალე კიდევ ველოდებით ნამატს.
- ორ წელიწადზე მეტია, უმაღლესი ლიგის კლუბებს დუბლშემადგენლობაც, ანუ ესპუართა გუნდებიც ჰყავთ. წლეულსაც თუ ჩატარდება მათ შორის შეჯიბრება?
- დუბლშემადგენლობათა ტურნირი წლეულსაც აუცილებლად ჩატარდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამდენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სამაგიეროდ, უკვე ვიცით, რომ სამ ეტაპად ჩატარდება შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
აქ პრინციპი ასეთია, უმაღლესი ლიგის ათ გუნდს ემატება პირველ ლიგაში რეიტინგით ორი საუკეთესო გუნდი. თუ რომელიმე უმაღლესლიგელი ასპარეზობაზე უარს იტყვის, მაშინ მას მესამე პირველლიგელი ჩაანაცვლებს.
- გუნდებს უფლება აქვთ, ასპარეზობაზე უარი თქვან?
- "არმიამ" უარი თქვა შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატში მონაწილეობაზე. ამ გუნდის ხუთი მორაგბე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშია, რომელიც სოლტ ლეიკ სიტიში "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" იასპარეზებს. ამდენივე მოთამაშე ჰყავს მივლინებული ეროვნულ ნაკრებშიც. ფაქტობრივად, უკანა ხაზიდან გუნდში აღარავინ დარჩა და ამიტომაც თქვა უარი.
- რით იყო გამოწვეული საქართველოს ჩემპიონატის ფორმატის ცვლილება და შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადასვლა?
- ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართული კლუბები ევროთასების, კერძოდ კი, პირველ ეტაპზე "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ჩაებმებიან. ამას დაუმატეთ ეროვნული ნაკრების საერთაშორისო მატჩების განრიგი.
ყოველივე ამის გამო იძულებულნი ვიყავით, საქართველოს ჩემპიონატის გამართვის ვადები საერთაშორისო გრაფიკზე აგვეწყო, რაც ხშირ და დიდხნიან პაუზებს იწვევდა. შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადასვლის შემდეგ ასე აღარ იქნება. ერთადერთხელ, ნოემბრის ტესტებისთვის მოგვიწევს ორკვირიანი შესვენების გამოცხადება.
ამრიგად, საქართველოს ჩემპიონატი პირველ სექტემბერს დაიწყება და 2013 წლის გაზაფხულის ბოლოს დასრულდება. ვფიქრობ, ეს ცვლილება ჩვენი რაგბის განვითარებისთვის დადებით ტენდენციებს გამოიწვევს.
- მამაკაცთა შეჯიბრებების გარდა, რაგბის კავშირი ჭაბუკთა ტურნირსაც ატარებს...
- დიახ, ჭაბუკთა A და B ლიგებში შეჯიბრება ამჟამად მიმდინარეობს. ფორმატის ცვლილება ამ ტურნირებს არ შეეხება, ანუ აქ ისევ გაზაფხული-შემოდგომის სისტემით იასპარეზებენ გუნდები.
ორივე ლიგაში გუნდების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, მოიმატა თამაშების რაოდენობამაც, რომლის მომსახურებასაც საკმაოდ დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება.
ამასთან ერთად, თავი იჩინა სრულიად ბუნებრივმა პრობლემამ. მოგეხსენებათ, ამ ლიგებში მოთამაშე მორაგბეები სკოლის მოსწავლეები არიან. ახლახან მათ გამოსაშვები გამოცდები ჰქონდათ, რის გამოც შეჯიბრება დროებით შევაჩერეთ. მათი დაახლოებით 70 პროცენტი სწავლის გაგრძელებას აპირებს და ახლა მისაღები გამოცდების გამო მოგვიწევს ისევ პატარა პაუზა.
- როგორი მომზადებული შეხვდა რაგბის კავშირის ინფრასტრუქტურა გუნდების რაოდენობის ზრდას?
- ჯერჯერობით თავს ვართმევთ. მატჩების უმრავლესობა ვარკეთილის მეურნეობის სარაგბო მოედანზე იმართება.
დიდად გვეხმარება დიღმის მასივში "ლოკომოტივის" და ვარკეთილში "ლელოს" სარაგბო ბაზები. რომ არა მათი თანადგომა, ვერც კი წარმომიდგენია, რა უნდა გვეღონა.
მომავალი წლიდან ისევ ველოდებით გუნდების რაოდენობის მატებას. ამაზე უკვე ნაფიქრი გვაქვს, გარკვეული ღონისძიებებიც დავსახეთ, თუმცა უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
"საქველმოქმედო ფონდი ქართუს" დახმარების პროგრამით, მწყობრში მალე კიდევ რამდენიმე ბაზა უნდა ჩადგეს. ჯერჯერობით კი თბილისში ორი მაღალი დონის სარაგბო კომპლექსი გვაქვს.
- როგორი მდგომარეობაა ჭაბუკთა ლიგებში დისციპლინის მხრივ?
- ასაკიდან გამომდინარე, ჭაბუკთა ლიგების გუნდებთან მუშაობა ყველაზე რთულია. ბიჭები 15-17 წლისანები არიან.
ეს გარდატეხის პერიოდია. სწორედ ამ დროს ხდება ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება. მოზარდები გაუწონასწორებელნი არიან, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ემოციურად.
თანაც, სწორედ ახლა უწევთ პირველი შეხება სერიოზულ სარაგბო შეჯიბრებასთან, სხვა გუნდების მორაგბეებთან, რომლის დროსაც ბევრ პრობლემებს ვაწყდებით.
ვერ ვიტყვი, რომ ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გარკვეულ სამუშაოს, ცხადია, ვატარებთ. მინდა აღვნიშნო, რომ შარშანდელთან შედარებით, წლეულს მდგომარეობა უკეთესობისკენაა შეცვლილი.
- როგორ შეაფასებდით ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე გუნდების თამაშის დონეს და ხარისხს?
- თამაშის ხარისხზე, მოდით, სექტემბრიდან ვილაპარაკოთ. როგორც უკვე ვთქვი, დღესდღეობით არსებული პრობლემები გუნდების მომზადების დონეს სერიოზულ დაღს ასვამს.
მორაგბეები არ არიან ბოლომდე კონცენტრირებულნი. ამიტომ ამ თემაზე უმჯობესია სექტემბერში ვისაუბროთ. სწორედ ამ პერიოდში მოახერხებს ყველა გუნდი, მაქსიმალურად კარგად მოემზადოს, როგორც ტაქტიკური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით.
ყველაზე კარგი ბარომეტრი ჩვენი ჭაბუკთა ნაკრებების საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებებია. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ პროგრესს განვიცდით. ცხადია, ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ მუდმივად უკეთესისკენ ილტვის.
მიღწეულით დაკმაყოფილება კი მოდუნებას და რეგრესს იწვევს. ესე იგი, კმაყოფილნი არასდროს უნდა ვიყოთ, რათა განვვითარდეთ და კარგ შედეგებს მივაღწიოთ.
ერთი სიტყვით, ყველაფერი ერთმანეთზე ჯაჭვის რგოლებივითაა გადაბმული. მორაგბეების რაოდენობის ზრდა შეუქცევად პროცესად უნდა იქცეს, აისახოს ხარისხის ამაღლებასა და ეროვნული ნაკრების შედეგებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"