თბილისელი "დევები" მოსკოველი "დრაკონების" წინააღმდეგ

AutoSharing Option
სამოყვარულო რაგბი საქართველოში ახალი არ არის. თუმცა რაგბის გაპროფესიონალების შემდეგ ასეთი გუნდები ჩვენს ქვეყანაში ცოტა დარჩა. პირველი ოფიციალურად დაარსებული სამოყვარულო სარაგბო გუნდი თბილისის "დევებია", რომელიც დღეს პირველ საერთაშორისო მატჩს გამართავს. მეტოქედ სამოყვარულო ასპარეზზე საკმაოდ გამოცდილი და ცნობილი მოსკოვის "დრაკონი" ეყოლება.

ამ მატჩთან დაკავშირებით გუნდის ხელმძღვანელებმა და მორაგბეებმა რაგბის კავშირში პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი ჭუმბურიძე, თბილისის "დევების" მწვრთნელი:
"მოსკოვის "დრაკონის" სტუმრობა ღირსშესანიშნავი მოვლენაა არა მარტო ჩვენი გუნდისთვის, არამედ მთლიანად ქართული რაგბისთვის. მას შემდეგ, რაც რაგბი პროფესიული გახდა, ცხადია, ამ თამაშის განვითარება სწრაფი
ტემპით დაიწყო. მაგრამ, როგორც ყველაფერს, ამ მოვლენასაც აქვს მეორე მხარე. ნელ-ნელა იკარგება ის სარაგბო სულისკვეთება, ტრადიციები, რაც სამოყვარულო რაგბისთვის იყო დამახასიათებელი.

ჩვენი გუნდის არსებობის უმთავრესი დანიშნულება სწორედ ამ სულისკვეთების შენარჩუნებაა. "დევებში" თამაშის სურვილს იმდენი ადამიანი გამოთქვამს, რომ პატარა მოედანზე ვეღარ ვეტევით. "დევების" გარდა საქართველოში კიდევ ერთი სამოყვარულო გუნდია - "თიბისი" და რაც უფრო მეტი იქნება, საქართველოში რაგბის განვითარებისთვის უკეთსია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში მორაგბეების საერთო მასიდან პროფესიული რაგბის მიმდევარი მხოლო სამი პროცენტია, დანარჩენები მოყვარულები არიან.

"დევები" თავის ისტორიაში პირველ საერთაშორისო მატჩს გამართავს. გარწმუნებთ, რომ ამ თამაშის მოგებაზე მხოლოდ იმ დროს ვიფიქრებთ, როცა მოედანზე გავალთ. მთავარი ამ შემთხვევაში მოგება არ არის. მართალია, "დრაკონების" უმრავლესობას არ ვიცნობთ, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ აქ ისინი მეგობრების შესაძენად, კარგი დროსტარებისთვის და თავიანთი საყვარელი სპორტის, რაგბის სათამაშოდ ჩამოდიან."

მალხაზ ჭეიშვილი, "დევების" მწვრთნელი:
"დრაკონების" 80 პრცენტი უცხოელია, ის ფრანგები და ბრიტანელები არიან, მოსკოვში სხვადასხვა კომპანიაში რომ მუშაობენ. ამ ქვეყნებში რაგბი უმაღლეს დონეზეა განვითარებული და უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსკოვური გუნდი საკმაოდ კარგი მორაგბეებით იქნება დაკომპლექტებული.

გუნდში ქართველებიც საკმაოდ არიან. მაგალითად, ყოფილი ლოკომოტიველი გიორგი კახიანი, რომელიც რუსეთში საქართველოს საელჩოში მუშაობის დროს "დრაკონებში" თამაშობდა. მართალია, გიორგი ამჟამად თბილისში ცხოვრობს, მაგრამ მოსკოვურ გუნდს დაემატება.

"დრაკონების" შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა პეტია პერცოვი, რომელიც 30 წლის წინ თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდში თამაშობდა. ერთი სიტყვით, მოსკოვიდან ჩვენი მეგობრები ჩამოდიან და მეგობრულადვე უნდა დავხვდეთ. მთავარი ბრძოლა მესამე ტაიმში იქნება"

ლაშა ხურციძე, "დევების" მოთამაშე:
"დრაკონებთან" თამაშის იდეა ორიოდ თვის წინ გაგვიჩნდა. საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელი კახა ალანია მოსკოვში ვიზიტისას "დრაკონებში" მოთამაშე ქართველ დავით დგებუაძეს შეხვდა. სწორედ მათი საუბრისას წარმოიშვა იდეა, ან ჩვენ ჩავსულიყავით მოსკოვში, ან ისინი მოგვეწვია ჩვენთან. გადავწყვიტეთ, რომ ჯერ ჩვენ გვემასპინძლა და ყოველივე ამის ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანა "ვითიბი ბანკმა".

ამ ბანკის დახმარებით და რაგბის კავშირის ძალისხმევით განზრახული გვაქვს, მომავალში სამოყვარულო გუნდებს შორის საერთაშორისო ტურნირი გავმართოთ. ამის გაკეთება წლეუსლაც გვინდოდა, მაგრამ, ვინაიდან დროში შეზღუდულები ვიყავით, ვერ მოხერხდა. მომავალ წელს "დრაკონებთან" ერთად, ალბათ, უკრაინისა და აზერბაიჯანის სამოყვარულო გუნდებსაც მოვიწვევთ, მერე კი, შესაძლოა, გეოგრაფია გავზარდოთ კიდეც".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული