ბერნარ ლაპასე: მზად ვართ დახმარება გაგიზარდოთ

AutoSharing Option
საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე, ევროპის რაგბის საერთაშიროსო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან კლოდ ბაკე და IRB-ის რაგბის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ იგანი იმყოფებოდნენ.

ასეთი მაღალი რანგის დელეგაცია ქართული რაგბის თემს  პირველად სტუმრობდა, რაც ვიზიტს მეტ მნიშვნელობას  სძენდა. მსოფლიო რაგბის მმართველები, რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძესთან, პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურთან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან ერთად ყოფილ "შევარდენის" სტადიონზე ახალაშენებულ  რაგბის სანაკრებო ბაზას ეწვივნენ.

სტუმრები ნანახით კმაყოფილნი დარჩნენ. სანაკრებო ბაზაზე ორი სტანდარტული ზომის მოედანია,
რომელთაგან ერთერთი ხელოვნურსაფარიანია, რომელიც რაგბის კავშირს IRB-მ აჩუქა. კეთილმოწყობილია გასახდელები, მსაჯთა, ექიმისა და დოპინგ კონტროლის ოთახები, ყოველივე ეს იმ ტრიბუნის ქვეშაა მოწყობილი, რომელიც  1500 მაყურებელს იტევს.
საძირკველი ჩაეყარა სასტუმროს მშენებლობას, რომელიც 50 კაცზეა გათვლილი. სანაკრებო ბაზის შესასვლელიდან მარცხნივ კი ადმინისტრაციული შენობაა, სადაც სარაგბო აკადემია იფუნქციონირებს, საკლასო ოთახებითა და სათანადოსათავსოებით.

სანაკრებო ბაზის გახსნას ქართული რაგბის თემის თითქმის ყველა თაობა დაესწრო. აქვე ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩვეული ჟინით ბურთაობდნენ ნორჩი მორაგბეები. ბერნარ ლაპასე ბავშვებსაც გაესაუბრა. ჰკითხა მოედნის ხარისხი თუ მოგწონთო და, ცხადია, დადებითი პასუხი მიიღო.

ბერნარ ლაპასე: "ქართული რაგბის წინსვლა შთამბეჭდავია. საქართველოს ეროვნული და სხვადასხვა ასაკის ნაკრებები საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებებს აღწევენ. რაგბი, როგორც ვხედავ, ქვეყანაში ვითარდება. შორს არ არის ის დრო, როცა ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის ელიტურ გუნდებს გაუთანაბრდება.

საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ყოველივე ამის საკუთარი თვალით ნახვა და რაგბის კავშირის საქმიანობის ადგილზე გაცნობაა. თუ რაგბის განვითარება საქართველოში ასეთი ტემპით გაგრძელდება, სამომავლოდ რაგბის კავშირთან ერთად არაერთ ახალ, ძალიან სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ. მზად ვართ საქართველოს რაგბის კავშირს განვითარებისთვის იმაზე მეტი დახმარება გავუწიოთ, ვიდრე აქამდე ჰქონდა.

ამასთან, გვინდა შემოგთავაზოთ მომავალ წელს საქართველოში საერთაშორისო ტურნირის, "ჩელენჯ ტროფის" გამართვის ორგანიზება. ეს შეჯიბრება 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირია და მასში საკმაოდ ძლიერი რვა სარაგბო ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. ვფიქრობ, კანადის, აშშ-ს, ურუგვაის, ზიმბაბვეს, რუსეთის, სამოას და იაპონიის ახალგაზრდული გუნდების სტუმრობა და მათთან პაექრობა, საქართველოში  რაგბის პოპულარობას მეტად გაზრდის.

ეს ტურნირი სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერ ჩატარდება და ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრთან დეტალურად ვისაუბრებთ"

ნიკა გილაური: "რაგბის სანაკრებო ბაზა საქაველმოქმდო ფონდმა "ქართუმ" ააშენა, რისთვსაც მადლობას ვუხდით. რაგბის საერთაშორისო საბჭომ კი უსასყიდლოდ ხელოვნურსაფარიანი მოედანი გვაჩუქა. სახელმწიფო, ყოველივე ამაში, მონაწილეობს რაგბის განვითარების ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში, რომელიც წარმატებით ხორციელდება.

ქართულ რაგბის უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ის ჩვენს ქვეყანაში სულ მეტად პოპულარული ხდება და დღესდღეობით №1 სპორტის სათამაშო სახეობაა. იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. საკმაოდ სერიოზული ბიძგს რაგბის განვითარებას, ვფიქრობთ, "ჩელენჯ ტროფის" გამართვა მისცემს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისი ამ ტურნირის მასპინძლობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდეს.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სარაგბო ბაზების მოწყობა გრძელდება და ორ წელიწადში სულ 19 ასეთი სტადიონი გვექნება."

ჟან  კლოდ ბაკე: "ძალიან კარგია, რაგბი საქართველოში მეტ პოპულარობას რომ იხვეჭს. ასეთი ბაზების მშენებლობა კი მისი განვითარებისთვის აუცილებელია. ახლახან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ეს ქართული რაგბის დიდი პოტენცილაზე მეტყველებს, მისი რეალიზებისთვის კი ყველა ერთად უნდა გავისარჯოთ".
ბერნარ ლაპასე, ჟან კლოდ ბაკე და მარკ იგანი ასევე შეხვდნენ თბილისის მერ გიგი უგულავას და სქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს დავით ტყეშელაშვილს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

 


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული