შეხვედრა წარსულთან: პირველი ქართველი მორაგბეები, რომლებმაც შოტლანდიელებს ყურები ჩამოაყრევინეს

AutoSharing Option
ფოტოზე: მარცხნიდან - ვანო ლაბაძე, სერგო ლაბაძე, ენვერ-ფაშა ქავთაროღლი, ლევარსი სამხარაძე, ნიაზ ბანოღლი; ქვემოთ: ნური კაკალოღლი და ხუსეინ გოჭოღლი

ეს იმდროინდელი ამბავია, ჭიათურაში მეფის რუსეთის ხელისუფალთა თავხედობა რომ ვეღარ აიტანეს და კარგა ხნის შეხლა-შემოხლის შემდეგ, 1905 წლის დეკემბერში "ჭიათურის რესპუბლიკა" გამოაცხადეს.

ჭიათურა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სულაც არ გამოუცხადებიათ - უბრალოდ, მეფის ხელისუფლება ანუ მონარქიზმი დაამხეს და რესპუბლიკური წყობა დაამყარეს თავისი საკანონმდებლო ორგანოთი, რომელსაც "სახალხო საბჭო" ერქვა, სახალხო გვარდიით და პრეზიდენტით.

ყოველი შემთხვევისთვის, "ჭიათურული სეპარატიზმის" გაღვივებაში
რომ არ დამადანაშაულონ, აქ იმასაც ვიტყვი, რომ იმხანად საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გამოცხადდა რესპუბლიკა - მონარქიული წყობა დაემხო და მთელი ხელისუფლება ხალხის ხელში გადავიდა.

ჭიათურის რესპუბლიკის პრეზიდენტს რა ერქვა, არაა საინტერესო, რადგან მის ამბავს სულაც არ ვყვებით. ჩვენ უფრო "სახალხო გვარდიის" ორი თავზეხელაღებული მებრძოლის - ვანო და სერგო ლაბაძეების თავგადასავალი გვაინტერესებს. ისინი ძმები იყვნენ და მაღაროში მუშაობდნენ, სადაც საყოველთაოდ ცნობილნი იყვნენ იმით, რომ ლელობურთის თამაშში მათ ვერავინ სჯობდა.

ლელობურთს კი მაშინ უფრო ხშირად და მეტი ხალისით თამაშობდნენ, ვიდრე დღეს ჭადრაკს ან დომინოს. მაღაროელებს საკუთარი გუნდი ჰყავდათ და საკმაოდ ცნობილიც.

1906 წლის თებერვალში, როცა "ჭიათურის რესპუბლიკა" გენერალმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიმ დაამხო, ხოლო მისი პრეზიდენტი და სახალხო საბჭოს წევრები ხალხის დასაშინებლად ბაზარში ჩამოახრჩობინა, კაზაკების ტყვიებს სასწაულით გადარჩენილი სერგო და ვანო ლაბაძეები ჯერ მშობლიური სოფლის - ნიგოზეთის ტყეში დაიმალნენ და მერე ოსმალეთის იმპერიაში გაიქცნენ.

ჟანდარმერიის დევნას თავი ამგვარად დააღწიეს. ორივე ძმა ტრაპიზონში დასახლდა და თავის სარჩენად, ტრადიციულ ხელობას - მეთუნეობას მიჰყვეს ხელი. მცირე ხანში ცოტა ფულიც მოაქუჩეს და წელშიც გაიმართნენ. ამასობაში, ოსმალეთის იმპერიაშიც გვარიანად აირია სიტუაცია.

სულთნის მოწინააღმდეგე პარტიის - "ახალგაზრდა თურქების" წევრები ძალზე ცდილობდნენ, რომ ოსმალეთის არათურქი ხალხების ეროვნულ გრძნობებზე თამაშით, ისინი სულთნის წინააღმდეგ გამოეყვანათ.

1907 წლის ბოლოს, მართლაც მთელ ოსმალეთში, არათურქმა ხალხებმა - ალბანელებმა, არაბებმა, ქართველებმა, მაკედონელებმა, სომხებმა და სხვებმაც, ეროვნული კომიტეტები შექმნეს და აჯანყებისთვის მზადება დაიწყეს.

სხვათა შორის, რუსეთში რევოლუციური გამოსვლების სისხლში ჩახშობამ კიდევ უფრო გააძლიერა ოსმალეთში მიმდინარე ეს მზადებანი, რამდენადაც უამრავი ქართველი და სომეხი რევოლუციონერი, რომელსაც რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე არ დაედგომებოდა, სწორედ ლაზეთის და დასავლეთ სომხეთის იმ ტერიტორიებზე გადავიდა, რომელიც 1878 წლის ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, კვლავაც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში დარჩა.

აი, ამგვარ პერიოდში აღმოჩნდნენ ძმები ლაბაძეები ტრაპიზონში, სადაც მაშინ ქართველები უფრო მეტნი ცხოვრობდნენ, ვიდრე ბერძნები და ოსმალები - ერთად. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ლაზეთის მკვიდრ ქართველებს სწორედ ამ ქალაქში ჰქონდათ შექმნილი თავიანთი ეროვნული კომიტეტი, რომელსაც ხოფელი ბესიმ ახისკალოღლი მეთაურობდა. მასთანვე იყო დაკავშირებული ტრაპიზონსა და ლაზეთში რუსეთიდან გადმოსული თითქმის ყველა ქართველი; მათ შორის - ძმები ლაბაძეებიც.

1908 წლის ივლისში, მაკედონიაში, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო, "ახალგაზრდა თურქთა" წაქეზებით, სულთნის საწინააღმდეგო აჯანყებამ იფეთქა.

ცოტა ხანში, სიტუაცია დაიძაბა ოსმალეთის სხვა ქალაქებშიც. ტრაპიზონში კი, გეგმების თანახმად, აჯანყება უნდა დაწყებულიყო იმავე დღეს, როცა სტამბოლში პირველი თოფი გავარდებოდა. ქალაქში ამ მხრივ, ყველაფერს ქართველები აკონტროლებდნენ - ბესიმ ახისკალოღლი მზად იყო, ცნობის მიღებისთანავე, აჯანყება წამოეწყო და ტრაპიზონიც აეღო, მაგრამ ვეღარაფერი მოასწრო: სტამბოლში თოფის გავარდნას სწრაფადვე მოჰყვა სულთნის რეაქცია - იენიჩარებმა მოახერხეს მეამბოხეთა რაზმი იქამდე გაენადგურებინათ, სანამ ისინი რაიმე სერიოზულ წარმატებას მიაღწევდნენ.

მიუხედავად ამისა, ტრაპიზონში მაინც დაიწყო აჯანყება - ქართველთა "ეროვნული კომიტეტის" მართული რაზმები ქუჩებში გამოვიდნენ და ქალაქის მნიშვნელოვანი პუნქტების აღება სცადეს. ოსმალური არმიის გარნიზონმა, რომელმაც რეაგირება დროზე მოახდინა, რაზმელები დაამარცხა, ხოლო ჟანდარმერიამ დააკავა კომიტეტის მეთაური ბესიმ ახისკალოღლი და მისი მოადგილეები. ისინი იმ საღამოსვე სატახტო ქალაქში გადაიყვანეს.

ჰოდა, მოხდა ისე, რომ ბესიმ ახისკალოღლი არც მაშინ გაათავისუფლეს, როცა "ახალგაზრდა თურქთა" აჯანყების მონაწილეთა ამნისტია გამოცხადდა. სტამბოლში მის დასახმარებლად ქართული კომიტეტის შვიდი წევრი გაემგზავრა: სერგო და ვანო ლაბაძეები, მათი ნათესავი ლევარსი სამხარაძე და ლაზები: ენვერ-ფაშა ქავთაროღლი, ნიაზ ბანოღლი, ნური კაკალოღლი და ხუსეინ გოჭოღლი.

მათ გადაწყვიტეს, კარგი ადვოკატი დაექირავებინათ და ბესიმ ახისკალოღლი გაეთავისუფლებინათ. მართლაც მონახეს, ვიღაც იტალიელი ადვოკატი, თუმცა მის მიერ მოთხოვნილი ფასი ძალზე ეძვირათ.

სწორედ იმ დროს, როდესაც შვიდი ქართველი სტამბოლის ერთ-ერთ ფუნდუკში იჯდა და მსჯელობდა, ფული როგორ ეშოვათ, ქალაქში შოტლანდიური შვიდკაცა რაგბის გუნდი იყო ჩამოსული და საჩვენებელ მატჩებს მართავდა. მაშინ რაგბი დიდად პოპულარული იყო - როგორც ვთქვი, იმდენადაც, რომ თვით ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც კი იყო შეტანილი.

შოტლანდიური შვიდკაცა რაგბი კი, ჭეშმარიტად საერთო-სახალხო თამაში გახლდათ: მთელ ევროპაში იმხანად დიდად მოდაში იყო შვიდკაცა რაგბის ფულზე თამაში. განსაკუთრებით სახელგანთქმული იყო ქალაქ ედინბურგის შვიდკაცა გუნდი "სენტ გილბერტ სევენი", რომელსაც მთელი ევროპის მასშტაბით, დაუმარცხებლის სახელი ჰქონდა. სწორედ ეს გუნდი იყო ჩამოსული იმ პერიოდში სტამბოლშიც.

შვიდკაცა რაგბის გუნდის ამბავი ქართველებთან ხუსეინ გოჭოღლიმ მიიტანა - ის ქალაქში იყო გასული, სადაც საკუთარი თვალით იხილა მათი გამართული მატჩი და ისიც კი შეიტყო, რომ ჩამოსულები ყველა მსურველს ეპატიჟებოდნენ სათამაშოდ.

ხუსეინი თავადაც კარგი ლელო-მობურთალი იყო. ამიტომ, ბევრი არც უფიქრია, ამხანაგებს პირდაპირ უთხრა: "ჩვენ მაგ თამაშს ვერავინ გვასწავლის და, თან ეს უცხოელები მოგებულ მოწინააღმდეგეს ფულს უხდიან... ბედი ხომ არ გვეცადა?" - სერგო ლაბაძე მაშინვე დაეთანხმა მას, ვანომ კი იკითხა: "კი მარა, რომ წავაგოთ, მაშინ რაღა ვქნათ?" ამაზე ხუსეინ გოჭოღლის გაეცინა: "რატომ უნდა წავაგოთ? სირცხვილი არ იქნება, ვიღაც ჩამოსულებმა რომ ლელობურთში მოგვიგონ?" - ამან შვიდეულის ღირსებაზე დიდად იმოქმედა და ყველანი სტადიონისაკენ გაემართნენ.

"სენ გილბერტ სევენს", მწვრთნელთან ერთად, ედინბურგელი ჟურნალისტი ჯონ მაკფერსონიც ახლდა. ის მხატვარიც იყო და თავის სტატიებს თავადვე ასურათებდა ხოლმე.

"სტამბოლში ჩვენმა გუნდმა სულ ოთხი მატჩი გამართა. აქედან ყველაზე შთამბეჭდავი იყო მეოთხე - მაშინ ოსმალეთის იმპერიის კავკასიელი ქვეშევრდომები დაგვიპირისპირდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც "სენტ გილბერტ სევენს" მოწინააღმდეგისთვის ერთი ლელოც კი არ გაუტანია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენებთან შედარებით, არ იყვნენ პროფესიონალი მოთამაშეები...

შვიდივე ალვისტანა იყო და, ძალიან მსუბუქად მოძრაობდა. ჩვენებს არც მუშტი-კრივში უდებდნენ ტოლს და არც ბურთის ფლობაში. ოცდარვაჯერ გაგვიტანეს ლელო და ყურებიც ბაზარში გაყიდული ვირებივით ჩამოგვაყრევინეს...

მერეღა შევიტყვე, რომ თურმე რაგბი მათი ეროვნული თამაში ყოფილა, თანაც მათთან გაცილებით უფრო ადრე იყო ცნობილი, ვიდრე ჩვენთან - ბრიტანეთში", - წერდა საკუთარ სტატიაში ჯონ მაკფერსონი.

აქვე დავძენ იმასაც, რომ იგი ამ შემთხვევის მერე საქართველოთიც დაინტერესდა. ინტერესი კი ისეთი სერიოზული აღმოჩნდა, რომ გუნდს უკან აღარც გაჰყოლია - თავისი გაზეთის რედაქციაში დეპეშა გაგზავნა: ოსმალეთში ვრჩები და თანაც სტამბოლიდან ტრაპიზონისკენ მივემგზავრები, მასალების მოსაძიებლადო და ასეც მოიქცა - თან გამოჰყვა ქართველთა შვიდკაცა გუნდს და მათ განთავისუფლებულ ამხანაგს: იტალიელმა ადვოკატმა ოქროს ლირები რომ დაინახა, შეუძლებელი შეძლო და ბესიმ ახისკალოღლი სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლებინა.

პირველ ქართველ მორაგბეებს რაც შეეხებათ: მოგვიანებით შვიდივე მათგანი ჯერ "ქართულ ლეგიონში" იყო, მერე "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტში", რუსებსა და ოსმალებს ებრძოდა.

ვანო ლაბაძე და ლევარსი სამხარაძე 1918 წელს დაბრუნდნენ საქართველოში. ვანო სასაზღვრო ჯარების სარდალი გახდა, ლევარსი კი ბათუმის ტელეგრაფში მუშაობდა.

სერგო ლაბაძე ლაზეთის სოფელ არქაბში დაოჯახდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა. მისი შთამომავლები დღესაც იქ სახლობენ, ოღონდ უკვე თურქულ გვარს ატარებენ. ეს ამბავი სწორედ მათ მიამბეს და ფოტომასალაც დიდსულოვნად მომაწოდეს.

მიხეილ ლაბაძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლელობურთი რაგბის ნაირსახეობაა...ვისაც აქვს ნანახი დამეთანხმება, ასე რომ რატომაც არა? რაგბი ჩვენი გამოგონილია ისევე როგორც ბრიტანელების!!!
ახლანდელი რაგბი კი საგრძნობლად განსხვავდება ძველი ბრიტანული ანალოგისგან!!!
ჯავახელი
16:18 10-10-2013
0
ასეთი მაგარი ვაჟკაცები გვყავდა რაც უდაოდ საამაყოა მაგრამ სად გაქრა ის სისპეტაკე რაც ამ ლომ ბიჭებს ქონდათ? დავფიქრდეთ ქართველებო საით მივექანებით
ქართველი
12:29 06-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული