ბესო შენგელიას ისტორია, რომელმაც მარტომ შექმნა სარაგბო კერა ყაზბეგის რაიონში

AutoSharing Option
ეს ამბავი ჩვენს რეალობაში ხდება - თბილისელი სტუდენტის, 20 წლის ბესო შენგელიას მოხევური ისტორია. ბიჭი, რომელმაც მარტომ შექმნა სარაგბო კერა ყაზბეგის რაიონში და საფუძველი დაუდო სპორტის განვითარებას მთელ ხეობაში.

ბესო შენგელია პირველად რაგბს 2000 წელს ეზიარა. პირველკლასელი მშობლებმა თბილისის სარაგბო კლუბ "ყოჩებში" მიიყვანეს, სადაც ბესომ მალევე წარმოაჩინა თავისი პოტენციალი და გუნდის უდავო ლიდერად იქცა. "ყოჩებმა" თავის ასაკობრივ წლოვანებაში საქართველოს პირველობა მოიგეს, მომდევნო 2 სეზონში კი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

რაღა თქმა უნდა, პერსპექტიული მორაგბის წინსვლა არ გამორჩენიათ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს და
ფულბეკის პოზიციაზე მოასპარეზე შენგელიამ მალე "ბორჯღალოსანთა" კვართიც მოირგო.

ჭაბუკთა "ა" ლიგის მორიგი სეზონის დაწყების წინ ბესომ წელის ტრავმა მიიღო, თუმცა ისე სურდა რაგბის თამაში, რომ 6 თვის განმავლობაში მალავდა მიღებულ დაზიანებას და ფაქტობრივად, ტრავმირებული ეხმარებოდა საკუთარ კლუბს წარმატების მიღწევაში, თუმცა ექიმთან მორიგი სტუმრობისას მედიკოსებმა სავალალო შედეგი აცნობეს: წელის ქრონიკული ტრავმა აღარ მისცემდა პერსპექტიულ სპორტსმენს რაგბის თამაშის საშუალებას.

შოკისმომგვრელი ინფორმაცია ბესომ ვაჟკაცურად გადაიტანა და გადაწყვიტა, სხვა მხრივ მიხმარებოდა ქართულ რაგბის და საკუთარი პოტენციალის რეალიზება სამწვრთნელო სარბიელიდან დაიწყო. მისი გმირობის ისტორიაც აქედან იწყება.

19 წლის სტუდენტი თავისი ნებით გაემგზავრა დაბა ყაზბეგში და იქ ერთ-ერთ სასტუმროში მიმტანად დაიწყო მუშაობა. მომსახურე პერსონალს თავიდანვე გაუკვირდა ახალი თანამშრომლის თხოვნა, რადგან ახალგაზრდა ბიჭს სურდა, რომ ღამის საათებში ემუშავა.

ყველა კითხვას პასუხი ორიოდე თვეში გაეცა - კვირაში სამჯერ ბესო თბილისიდან დადიოდა ხეობაში, რათა დღის საათებში ყაზბეგის რაიონის ბავშვები სრულიად უსასყიდლოდ რაგბიში ევარჯიშებინა. პარალელურად, ყოფილი მორაგბე ქალაქის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გამოცხადდა და უფლება ითხოვა, რათა გაჭირვებულ ოჯახთა შვილებს უსასყიდლოდ დახმარებოდა ინგლისური ენისა და მათემატიკის შესწავლაში.

რაღა თქმა უნდა, თავდაპირველად წინააღმდეგობა ბევრი იყო - ყველა ეჭვის თვალით შეჰყურებდა ახალგაზრდა ბიჭის ასეთ მონდომებას. სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა უანგარო შეთავაზებისთვის და საბოლოოდ უარით გამოისტუმრა, თუმცა ხეობაში ხმა გავარდა, რის შემდეგაც რამდენიმე მშობელმა "გარისკა" და საკუთარი შვილი მიაბარა ბესოს სამეცადინოდ.

მიღწეულმა შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა - ხეობამ ბესო შენგელიას შეყვარება დაიწყო.

ახალი სარაგბო კერის შექმნა დიდ და განვითარებულ ქალაქებშიც კი ჭირს, მით უმეტეს, მთიან რეგიონში, სადაც მეტეოროლოგიური პირობების გამო ზამთარი თითქმის 7 თვეს გრძელდება.

მონდომებამ და მუხლჩაუხრელმა შრომამ შედეგი გამოიღო - რაგბით დაინტერესებულ ბავშვთა რაოდენობამ ნელ-ნელა იმატა, თუმცა წამოიჭრა ახალი პრობლემა - ტრანსპორტირება და სარაგბო ამუნიციის საჭიროება.

ახალგაზრდა მწვრთნელმა მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი სახსრებით გამკლავებოდა ამ პრობლემასაც - მუშაობაში გათენებულ ღამეებში აღებული ფულით მან მომავალ მორაგბეებს საჭირო ამუნიცია შეუძინა და ტრანსპორტი დაიქირავა. ახალშექმნილი გუნდი თბილისში რეგულარულად დადიოდა სათამაშოდ.

მალევე რაგბით დაინტერესებულ ბავშვთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა, რასაც უკვე ბესოს ხელფასიც აღარ წვდებოდა. მონდომებულმა მწვრთნელმა ფეხდაფეხ დაიარა ყველა კერძო თუ სახელმწიფო კომპანია, უმეტესი მათგანისგან დამაიმედებელი პასუხებიც მიიღო, თუმცა სიტყვა საქმედ მაინც არ იქცა.

საქართველოს რაგბის კავშირმა მხოლოდ ის შეძლო, რომ პერიოდულად სარაგბო ამუნიციით დახმარებოდა, სხვებმა კი, სამწუხაროდ, ესეც ვერ მოახერხა. თუმცა სტუდენტის თავდადებულმა მონდომებამ საბოლოოდ ისევ გამოიღო შედეგი - ქველმოქმედმა კომპანიამ იკისრა გუნდის მცირედი დაფინანსება, რამაც ბესოს ტვირთი, ფაქტობრივად, გაუნახევრა.

რადგან უკვე აქვს გამოცდილება, წლევანდელ ზამთარს "ყოჩების" ყოფილი მორაგბე გაცილებით უფრო მომზადებული შეხვდა, - ცდილობს, საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ავარჯიშოს 70 მორაგბე, თუმცა დარბაზის პარამეტრები საკმაოდ პატარაა და ვერ აუდის ამდენ სპორტსმენს. არსებობს ალტერნატიული ვარიანტი - გამგეობის ბალანსზე არსებული საკმაოდ დიდი დარბაზი, თუმცა იქ გათბობა და სინათლე არ არის და შესაბამისად, ჯერჯერობით გამოუსადეგარია.

უმთავრეს პრობლემად რჩება შიდა ტრანსპორტირების საკითხიც. ბავშვები სხვადასხვა სოფლიდან დადიან ყაზბეგში სავარჯიშოდ. ახლა დღე საკმაოდ მოკლეა, ამიტომაც წვრთნები კვირაში სამჯერ იმართება, მონდომებულ ახალგაზრდა მორაგბეებს კი ვარჯიშზე ფეხით წამოსასვლელად 5-10 კილომეტრამდე უწევთ გავლა.

ბევრი მშობელი პირად საუბრებში აღნიშნავს, რომ დიდი სურვილი აქვთ, მათმა შვილებმა რაგბიზე იარონ, უბრალოდ, ვერ უშვებენ ამ სიშორეზე და დიდი ალბათობით მართლებიც არიან, რადგან არ არის გარანტია, რომ ვარჯიშის დასრულების შემდეგ მათი სოფლისკენ ვინმე სატრანსპორტო საშუალებით წავა და მათ შვილებსაც გაიყოლებს.

არადა, ვარჯიშის მერე დაღლილმა პატარა მორაგბეებმა სახლამდე ცივი ზამთრის პერიოდში რამდენიმე კილომეტრი უნდა გაიარონ ფეხით.

პრობლემიდან გამოსავალს ბესო შენგელია ისევ სპონსორის მოძიებაში ხედავს - კვირაში სამჯერ, ვარჯიშის წინ სატრანსპორტო საშუალება ჩამოივლის ცენტრალურ გზაზე, ბავშვები საკუთარი სოფლებიდან მივლენ დანიშნულ ადგილზე და მერე უკანაც წაიყვანს. ვფიქრობთ, ეს დიდ ფინანსურ ხარჯებს არ მოითხოვს. სამაგიეროდ, საქართველო დამატებით მიიღებს ათეულობით მეტ მორაგბეს.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ახალგაზრდა მწვრთნელი გეგმავს, ჭაბუკთა "ა" და "ბ" ლიგებში გამოიყვანოს თავისი შეგირდები, ხშირი სათამაშო პრაქტიკა კი კიდევ უფრო გაზრდის მოზარდ მორაგბეთა მონდომებას, ხოლო ხეობაში ამ სპორტის პოპულარობა არნახულად მოიმატებს.

ყაზბეგში საკმაოდ კარგ მდგომარეობაში დღემდეა შემორჩენილი საფეხბურთო სტადიონი ტრიბუნებით. ასე რომ, სარაგბო კარის დამონტაჟებით და მოედნის სათანადოდ დახაზვის შემთხვევაში, ბესო შენგელიას გუნდს შეუძლია თამამად უმასპინძლოს სარაგბო მატჩებს.

დრო კი მიდის... სინოპტიკოსთა გათვლებით, საკმაოდ სუსხიანი ზამთარი ელოდება საქართველოს. მთიან ყაზბეგში კი თვითნაბადი სარაგბო კერის მიტოვება არაფრით შეიძლება. მით უფრო, რომ ბესო შენგელია და მისი ნაღვაწი მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს სხვებისთვის, რათა ქართული რაგბის სასიკეთოდ, მსგავსი კერები საქართველოში სხვაგანაც შეიქმნას.

ბესო შენგელია ქართული რაგბის უჩინარი გმირი და ვარსკვლავია, რომელიც თავისი მონდომებით და მუხლჩაუხრელი შრომით ჭედავს მომავალ "ბორჯღალოსანთა" ბედს. უკანასკნელ სტატისტიკურ მონაცემს თუ დავუჯერებთ - ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებში მოთამაშეთა 65 პროცენტი პროვინციებიდანაა.

ყველაფერი ბავშვთა რაგბის განვითარებიდან იწყება, ამიტომაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, IRB (რაგბის საერთაშორისო საბჭო) ეძებს ბესოს მსგავსი ტიპის უჩინარ გმირებს, რომელთაც უდიდესი წვლილი შეაქვთ სპორტის ამ სახეობის განვითარებაში.

ვფიქრობთ, დადგა დრო, ჩვენმა საზოგადოებამ (არა მარტო სარაგბომ) მეტი ყურადღება მიაქციოს ასეთ შემთხვევებს; სამთავრობო სტრუქტურებმა კი, შეძლებისდაგვარად, ფინანსური და მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ასეთ თვითნაბად კერას და მის შემოქმედს, თორემ სიტყვიერი დაპირებები, როგორც ზემოთაც ითქვა, აქამდეც ბევრი ყოფილა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
რომელ ერთს არ დაგეთანხმოთ?!!
ალბათ მართლა დადგა დრო ჩვენ გულშემატკივრებმა დავაფინანსოთ ის რაც ჩვენთვის ახლობელია 5 ლარამდე (მაინც - ვის როგორ) თვეში კონკრეტულ ფონდში, მიზნობრივ ანგარიშზე ტანხის ჩარიცხვით.

ბესო საკუთარი საქმისადმი სიყვარულითა და უანგაროობით შეპყრობელი ბიჭია, ანუ პატრიოტი.

ეს ვიდეო რგოლი კი სენტიმენტებს და სიამაყე ერთად იწვევს.

აი ასე უნდა დაითესოს რაგბისადმი ინტერესი, რომლის მოსავალს როცა მოვიმკით ვიტყვით - რაგბი ჩვენი თამაშია!
GiorgiG83
22 მაისი 2014 17:36
0
აი ამას ქვია პატრიოტიზმი!!! მიბაძეთ ამ გმირს და დაანახეთ მსოფლიოს , თუ რა შეუძლია ქართულ გენს!!!
შუშის მახინჯი შენობებში მილიონების ყრას , ასეთი პროექტები დააფინანსეთ!!!
M&M
01 აპრილი 2014 16:51
0
გენაცვალე ბესო, არაერთხელ მითქვამს ეს სიტყვები რაც ეხლა სტატიის ავტორმა თქვა, მართლა მუხლჩაუხრელი შრომით და სპორტისადმი სიყვარულით აკეთებს ეს კაცი ამ საქმეს... სხვათა შორის ბესოს და ბიჭებს უკვე ეხმარება კომპანია - შპს ფერი, რომელიც კვირაში რამდენიმე დღეს უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპორტსმენების ვარჯიშზე მიყვანას და სახლებში დაბრუნებას, ასევე რამდენადაც ვიცი გუნდს შეუძინეს მაისურები და ბურთები. მთავარი კი მაინც ისაა რო ამ სიკეთეს დანახვა უნდა და მიხარია რო ბესომ გაიმარჯვა იმედის გმირებში და ეს პირველ რიგში მოხევე ხალხის დამსახურებაა... ბესო, ხალხი ხედავს შენს სიკეთეს!!!!
გიგო
29 მარტი 2014 19:02
0
გმერტმა დაგლოცოს
gio
28 მარტი 2014 19:10
0
მალადეც მაგარი კაცი ხარ ძმაო
veve
26 დეკემბერი 2013 17:18
0
აი ვის უნდა ებარებოდეს სახემწიფო საქმე და სადავეები. ამაზე მეტი რაღა უნდა ქნას 19 წლის კაცმა მეტი რითი დაამტკიცოს საქართველოს და ქართველების სიყვარული ამას და თუ სადმე კიდეა მაგისთანები. მიაქციეთ ქართველნო ყურადღება, მარტო სიტყვით კი არა საქმით.დაუდექით რითაც შაგიძლიანთ თუნდაც უმნიშვნელოდ, ოგონდ ეგრე არა, " აბა მე რაი შამიძლიან".
.
25 დეკემბერი 2013 15:12
0
კაცური კაცი ხარ,ნამდვილი ვაჟკაცი და ქართველი,გაიხარე! გფარავდეს გერგეთის წმ.სამების მადლი და ძალა, წარმატებებს გისურვებ!
giorgi
24 დეკემბერი 2013 14:28
0
აი ქართველი... გაიხარე ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილხარ. დარწმუნებული ვარ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს გაზრდი, ხევს დიდი პოტენციალი აქვს
tigimani
24 დეკემბერი 2013 01:19
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ბესო. გმირი ხარ ჩემს თვალში.
vaja
23 დეკემბერი 2013 15:55
0
warmatebeba gisurvebt Beso....
mariko
23 დეკემბერი 2013 14:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული