ფოტოკორესპონდენტი დაისაჯა

AutoSharing Option
კაცს, რომელმაც ახალზელანდიელთა დაცვაში თამაშის სქემები ფოტოზე დააფიქსირა და ავსტრალიურ მასმედიას მიჰყიდა, სამი ერის გათამაშების მატჩებზე დასწრების უფლება არ მისცეს. შესაბამისად, ის ამ თემაზე ვერ იმუშავებს. ეს აკრძალვა ხვალ მელბურნში და მომავალ უქმეებზე ქრაისთჩერჩში გასამართ შეხვედრებზე ვრცელდება.

სკოტ ბარბიერიმ, რომელიც ქრაისთჩერჩშია დაბადებული და ამჟამად მელბურნში ცხოვრობს, "ოლ ბლექსის" მწვრთნელ გრემ ჰენრის ნდობით ისარგებლა და საკმაოდ ხარისხიანი ფოტოები გადაიღო, სადაც გუნდის დაცვის სქემები მკვეთრად იყო გამოსახული.
მსგავსივე სანქციები, რაც ბარბიერის წინააღმდეგ გამოიყენეს, შესაძლებელია შეეხოს საინფორმაციო სააგენტო "გეთი იმიჯს", რომელმაც ეს ფოტოები
ბარბიერისგან შეიძინა და გაავრცელა. თუმცა აკრძალვა მხოლოდ ქრაისთჩერჩულ მატჩს შეეხება, რადგან მელბურნის თამაში ავსტრალიის რაგბის კავშირის იურისდიქციაშია და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ძალაუფლება არ ვრცელდება.
სამაგიეროდ, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი "გეთი იმიჯის" ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და მომხდარის გამო აღშფოთება გამოხატა.

"სასამართლოში სარჩელის შეტანას არ ვაპირებთ. ჩვენ საკმაოდ მწვავე საუბარი გვქონდა ამ საინფორმაციო სააგენტოსთან და მკაფიოდ განვუმარტეთ მათი საქციელის არაკორექტულობა. თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება, "გეთი იმიჯისთან" ხელშეკრულების გადახედვა მოგვიწევს. ამჯერად კი რაიმე რადიკალური ქმედებებისგან თავს შევიკავებთ" - თქვა მან.

ყოველივე ამაზე ავსტრალიის ნაკრების თავკაცმა რობი დინსმა სარკასტულად განაცხადა:

"საოცარია, მაგრამ ფოტოგრაფი ხომ ახალზელანდიელია!"

ბარბიერის კომენტარი არ გაუკეთებია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული