ბოლო შანსი დე ფილიერსისთვის

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრები სამი ერის წლევანდელი გათამაშების ბოლო შეხვედრას ბლუმფონტეინში გამართავს. მეტოქე, ისევე, როგორც ერთი კვირის წინ პრეტორიაში, ავსტრალიის ეროვნული გუნდი იქნება, რომელსაც "ბოკესთვის" სტუმრად 1963 წლის შემდეგ არ მოუგია.

ერთი კვირის წინ სამხრეთ აფრიკის ნაკრები წაგებას გადაურჩა. "ვოლაბებმა" მატჩის მეორე ნახევრში მხოლოდ სამი ქულის აღება მოახერხეს, მაშინ, როცა პირველ ტაიმში ერთი ხანობა 21:7-ს იგებდნენ. წესით, ამ ფაქტმა ავსტრალიელთა ახალზელანდიელი მწვრთნელი რობი დინსი სერიოზულად უნდა დააფიქროს. თუმცა გასაკვირი არაფერია. "ვოლაბებს" ტრავმების გამო რამდენიმე გამოცდილი მაღალი კლასის მორაგბე აკლიათ: ჯეიმზ ჰორვილი,
ტატაფუ პოლოტა-ნაუ, ბენ ალექსანდერი, დიგბი იოანი და ვიკლიფი პალუ.

საეჭვო იყო ავსტრალიელთა შუამარბის მეთ გიტოს თამაშიც. მან ერთ-ერთ ვარჯიშზე ფეხის ტერფი დაიშავა. ექიმების თავდაპირველი დიაგნოზით, მას "ბოკეს" წინააღმდეგ ვერ უნდა ეთამაშა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საშიში არაფერია და "ვოლაბების" დამრტყმელი აუცილებლად ითამაშებს. გიტომ გუნდის ბოლო ორი ვარჯიში გამოტოვა და ექიმების მეთვალყურეობით ინდივიდუალურად ემზადებოდა.

ავსტრალიის ნაკრებში სამი ახალი მორკინალი გამოჩნდება, შერკინების კვაჭი სტივენ მური, მეორეხაზელი მარკ ჩისჰოლმი და მესამეხაზელი ბენ მაკკალმენი. მათ, შესაბამისად, საია ფაინგაა, დენ მამი და რიჩარდ ბრაუნი შეცვალეს, რომლებმაც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლეს.

სტივენ მური და გარემარბი დრიუ მიტჩელი სამხრეთ აფრიკასთან მატჩში 50-ე კეპს მოიხვეჭენ. ავსტრალიელები გამარჯვების შემთხვევაში ნელსონ მანდელას სახელობის თასს მოიპოვებენ და, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება მათი შეხვედრა 11 სექტემბერს შინ ახალი ზელანდიის ნაკრებთან, სამ ერზე მეორე ადგილსაც დაიბევებენ.

ერთი კვირის წინ პრეტორიაში ავსტრალიის ნაკრების დამარცხებით სამხრეთ აფრიკის ნაკრების თავკაცმა პიტერ დე ფილიერსმა, შეიძლება ითქვას, თანამდებობა შეინარჩუნა. თუმცა საკითხავია, რამდენი ხნით.

"ბოკემ" თუ ისე ითამაშა, როგორც პრეტორიაში, ვფიქრობთ, ამჯერად მარცხს ვერ გადაურჩება. "ვოლაბები" ერთსა და იმავე წყალში ორჯერ არ შევლენ. არადა, დე ფილიერსს პრობლემები თავსაყრელად აქვს. მსოფლიოს ჩემპიონისა და სამი ერის შარშანდელი გამარჯვებულის თამაშში რაღაც ერთიანად მოიშალა. როგორც ჩანს, ახალი სისხლი "ბოკეს" ჰაერივით სჭირდება.

სპეციალისტთა პირველი სამიზნე სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი, შერკინების კვაჭი ჯონ სმიტია. ის ერთ-ერთი ლიდერის თვისებებით შემკული ერთ-ერთი საუკეთესო სამხრეთაფრიკელი მორაგბეა. ამაზე არავინ დავობს, მაგრამ, როგორც მოთამაშე, უკვე მობერდა და ძველებურად ვეღარ ირჯება. ალბათ დროა, სმიტმა ადგილი უფრო ახალგაზრდა და უკეთ მოთამაშე შერკინების კვაჭებს დაუთმოს. ასეთებ,ი "ბოკეს" ქომაგთა საბედნიეროდ, საკმარისად არიან.

სამხრეთაფრიკელი სარაგბო სპეციალისტები არც სმიტის დუბლიორს, ჩილიბოი რელეპელეს სწყალობენ. მან "ვოლაბებთან" მატჩში სმიტი მეორე ტაიმში შეცვალა და კარგადაც ითამაშა. თუმცა ეს კაპიტნის გაფერმკრთალებული თამაშის ფონზე გამოჩნდა, თორემ სამხრეთ აფრიკაში უკეთესი შერკინების კვაჭებიც მოიძებნებიან.

ბევრი მითქმა-მოთქმაა პარიზული "მეტრო რასინგის" ფულბეკ ფრანსუა სტეინის თაობაზეცს. პრეტორიაში მან თავი დიდად ვერაფრით წარმოაჩინა, არადა, მისი სამი ერის მატჩებზე გამოძახება ლამის სკანდალში გადაიზარდა. ფრანსუას ეროვნულ გუნდში დიდი ხანი არ ეთამაშა და ამიტომ კიდევ ერთი შანსი ეძლევა დაამტკიცოს, რომ ჩიტი ბდღვნად ღირდა.

კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი ბრაიან ჰაბანაც. ის რომ ჩვეულ ფორმაში ვერ არის აშკარაა. ბოლო 29 სანაკრებო მატჩში რვა ლელო გაიტანა. შედარებისთვის: დე ფილიერსის ნაკრებში მოსვლამდე 30 მატჩში 36 ლელო მიითვალა. ჰაბანამ კარგად იცის, რომ მისგან ბევრს ელიან და, წესით, ბლუმფონტეინში ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

და დე ფილიერსი - წლევანდელი სეზონი მისთვის ძალიან ხმაურიანი გამოდგა. უსიამოვნებიდან უსიამოვნებამდე ამოსუნთქვასაც ვერ ასწრებდა. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი შეიძლება აღმოჩნდეს პოლიციელის მკვლელის, "ბლუ ბულზის" შერკინების ბურჯ ბი რუს გამოსარჩლება.

"ჩვენ მომავალ წელს ძალიან ძნელი სეზონი გველის. ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასი უნდა შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა, სამხრეთ აფრიკის ნაკრების მორაგბეების ფსიქოლოგიაზე მავნე გავლენას არაფერი ახდენდეს.

ბი რუს კარგად ვიცნობთ, ის მკვლელი არ არის და გვინდა, სიმართლე რაც შეიძლება მალე გაირკვეს." - თქვა "ბოკეს" თავკაცმა.
თუმცა, გამორიცხული არ არის, დე ფილიერსმა მომავალ მსოფლიო თასამდე სამხრეთ აფრიკის ნაკრების საჭე ვერც შეინარჩუნოს. თუ "ვოლაბებთან" დამარცხდა, აუცილებლად მოუწევს თანამდებობის დატოვება. ასეთ შემთხვევაში სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს 1992 წლის შემდეგ ნაკრების მეთერთმეტე მწვრთნელის მოძებნა მოუწევს.

პლანეტრუგბყ-ს მიაჩნია, რომ ავსტრალიის ნაკრები მინიმუმ სამი ქულით მოიგებს.


სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

სამხრეთ აფრიკა: 15. ფრანსუა სტეინი, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ჟაკ ფური, 12. იან დე ფილიერსი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. ხუთრო სტენკამპი, 2. ჯონ სმიტი, 3. იან დუ პლესი, 4. დენი როსუ, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6.სხალკ ბურხერი, 7. იან სმითი, 8. პიერ სპისი.
16. ჩილიბოი რელეპელე, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. ფილიპ ფან დერ მერვე, 19. რაიან კანკოვსკი, 20. რიკი იანუარი, 21. იან დე იონგი, 22. ხიო ეპლონი.

ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიტჩელი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2.სტივენ მური, 3. სალესი მააფუ, 4. მარკ ჩისჰოლმი, 5. ნათან შარფი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ბენ მაკკალმენი.
16. საია ფაინგაა, 17. ჯონ სლიპერი, 18. დენ მამი, 19. რიჩარდ ბრაუნი, 20. ლუკ ბარჯესი, 21. ბერიკ ბარნსი, 22. ენტონი ფაინგაა.


სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ახ.ზელანდია 5 5 0 0 +72 23
2. ს.აფრიკა 5 1 0 4 -45 6
3. ავსტრალია 4 1 0 3 -27 4


11 სექტემბერი
ავსტრალია-ახალი ზელანდია




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული