ამჯერად გვინდა შემოგთავაზოთ ამონარიდები არგენტინული პრესიდან, რომლებიც "პუმების" თამაშს, ძირითადად, გმირობად აფასებენ და მიღწეულ შედეგს ისტორიულს უწოდებენ.
აი, რას წერს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში გამომავალი გაზეთი "ლე ნასიონი":
"ჩვენს მორაგბეებს ნამდვილ გმირობამდე ცოტა დააკლდათ. "ბოკესთან" ფრე მართლაც ისტორიული მიღწევაა. არასდროს ვყოფილვართ გამარჯვებასთან ასე ახლოს სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლებთან მატჩში. 64 წუთის განმავლობაში იდეალური თამაშის შემდეგ, პატარა
ბუენოს აირესში გამომავალ კიდევ ერთი გაზეთ "კლარინს" მიაჩნია, რომ ფრე ლოგიკური იყო:
"ცხადია, ამ წარმატებას მწარე გემო აქვს, რადგან მოგებაც შეიძლებოდა. ამას არგენტინელები დიდხანს ვერ მოინელებენ, მაგრამ ამასთან ერთად, კარგია, რომ "პუმები" პროგრესირებენ, წინ მიდიან. როგორი საქმეა, ახლახან დაწყებული ტურნირის საწყის ეტაპზევე ასე ღირსეულად ეთამაშო ბობოლა სარაგბო ერის წარმომადგენელს".
ქალაქ მენდოსაში გამომავალი გაზეთი "ლოს ანდესი", ცხადია, უფრო ემოციურად აღიქვამს მომხდარს, რადგან თამაში სწორედ ანდების პირას მდებარე ამ ლამაზ ქალაქში გაიმართა.
"გამარჯვება ხელიდან გავუშვით, თუმცა ზეიმის გამართვა მაინც ღირს. ცხადია, მოგებაც შეიძლებოდა, თუმცა მაინც მიგვაჩნია, რომ მენდოსა ისტორიული მოვლენის მოწმე გახდა. ეს მით უფრო სასიხარულოა, რომ "პუმების" რიგებში ორმა მენდოსელმა ითამაშა. ესენია: ეუსებიო გუინაზი და ხუან პაბლო ორლანდი".
ESPN -ის არგენტინული ბიუროს წარმომადგენელს კი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ჰქონდა:
"პუმებმა" შესანიშნავ შედეგს მიაღწიეს სამხრეთ აფრიკის უძლიერეს ნაკრებთან მატჩში, მაგრამ, ამასთან ერთად, უშეცდომოდ ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, შესაძლებელი იყო, რომ არგენტინელ მორაგბეებს თავიანთი ქომაგებისთვის ნამდვილი ზეიმი მოეწყოთ. ეს კიდევ ერთი გაკვეთილი იყო "პუმებისთვის", რომლებიც უდავოდ პროგრესის გზაზე დგანან".
ამასობაში კი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰეინკე მეიერი, რომელსაც გუნდში კარდინალური ცვლილებების გატარებასა და ახალი მოთამაშეების მიწვევის აუცილებლობაზე უკიჟინებენ. თუმცა მეიერი "მაგრად დგას" და ნაკრებში სერიოზულ ცვლილებებს არ გეგმავს.
"მოთამაშეების შეცვლა ყველაზე იოლი საქმეა. ასეთ ვითარებაში ჩემს კარიერაში რამდენჯერმე ვიყავი, მაგრამ ასე არასდროს მოვქცეულვარ. ვიმეორებ, ეს ყველაზე იოლია, მაგრამ ამას გუნდისთვის სარგებელი არ მოაქვს.
ჩვენ უკვე დავკარგეთ ბევრი გამოცდილი მორაგბე და ახლა დარჩენილებიც რომ ზედ მივაყოლოთ, არ ივარგებს.
ვიცოდი, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი სეზონი ძალიან მძიმე მექნებოდა, ვინაიდან გუნდის მოთამაშეთა უმრავლესობა გამოუცდელია. ბევრმა მათგანმა პირველად იასპარეზა საკუთარი ქვეყნიდან მოშორებით.
არგენტინაში კარგად არ გვითამაშია. ამის დაშვება არაფრით შეიძლებოდა და ამიტომ ძალიან გაწბილებული ვარ. ვფიქრობ, არგენტინის ნაკრებს არასათანადოდ აფასებენ. თითქმის მთელი გუნდი ევროპაში თამაშობს და საკმაოდ გამოცდილნიც არიან." - თქვა სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მეიერმა.
გასაკვირი არ არის, რომ ოთხი ერის გათამაშების მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად შვიდი არგენტინელი მოხვდა.
ამათგან ექვსი მორკინალია. ესენია: პირველხაზელები როდრიგო რონსერო, ეუსებიო გუინასუ და ხუან ფიგალო; მეორეხაზელი პატრისიო ალბასეტე; მესამეხაზელები ხულიო კაბელო და ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე. აღსანიშნავია, რომ უკანა ხაზში, რომელიც თითქმის მთლიანად ახალზელანდიელებით დაკომპლექტდა, "პუმების" გარემარბი გონსალო კამაჩო შეიყვანეს.
სიმბოლური ნაკრები
15. იზრაელ დაგი (ახალი ზელანდია), 14. გონსალო კამაჩო (არგენტინა), 13. ბენ სმითი, 12. სონი ბილ ვილიამსი 11. ქორი ჯეინი, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმითი (ყველა-ახალი ზელანდია). 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გუინასუ, 3. ხუან ფიგალო (სამივე-არგენტინა), 4. ებენ ესტებესი (სამხრეთ აფრიკა), 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე (სამივე-არგენტინა), 8. კირან რიდი (ახალი ზელანდია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"