გასულ უქმეებზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში მძიმედ დაშავდა ავსტრალიელთა ცხრა ნომერი და გუნდის კაპიტანი ვილი გენია. მან მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც რაგბის ექვსი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ გენია "ვოლაბების" მესამე კაპიტანია, რომელმაც წლეულს სერიოზული ტრავმა მიიღო. გუნდის ნამდვილმა კაპიტანმა ჯეიმზ ჰორვილმა მუხლქვეშა მყესი გაიწყვიტა, მისმა შემცვლელმა დევიდ პოკოქმა ასევე მუხლი დაიზიანა და აგერ,
არგენტინასთან მატჩში "ვოლაბებს" ვეტერანი მეორეხაზელი ნათან შარფი წარუძღვება.
"ცხადია, ძალიან მიხარია, რომ ოქროს სანაპიროზე არგენტინის ნაკრებთან მატჩში კაპიტანი ვიქნები. თუმცა ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი.
სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, ჩვენს გუნდს რეალურად შესწევს ძალა ბევრად უკეთ ითამაშოს.
ჩვენი გუნდიდან არგენტინის ნაკრებთან, ჩემს გარდა, არავის უთამაშია. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი თავდადებული, უკომპრომისო, ჟინიანი თამაშით გამოირჩევიან. ნახეთ, "პუმებმა" რამდენს მიაღწიეს. სამრეთ აფრიკასთან ფრეს გამორჩნენ და "ოლ ბლექსს" უამრავი პრობლემა შეუქმნეს.
ერთი სიტყვით, მძიმე თამაში გველის და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, რომ თამაში მოვიგოთ და სატურნირო მდგომარეობა გავიუმჯობესოთ." - თქვა მან.
ავსტრალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა გუნდში რამდენიმე ცვლილება განახორციელა.
ტრავმირებული გენიას ნაცვლად ცხრა ნომრის პოზიციაზე ნიკ ფიპსი ითამაშებს. მეორე ხაზში სიტალეკი ტიმანის ადგილს კენ დუგლასი დაიკავებს. ბერიკ ბარნსმა ფულბეკის პოზიცია დაიკავა, შუამარბად კი პეტ მაკკები ითამაშებს.
ავსტრალია
15. ბერიკ ბარნსი, 14. დომ შიპერლი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. პეტ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ნიკ ფიპსი. 1. ბენ რობინსონი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. ბენ ალექსანდერი, 4. კენ დუგლასი, 5. ნათან შარფი, 6. დეივ დინსი, 7. მიქაელ ჰუპერი, 8. რადიკე სამო.
16. საია ფაინგაა, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. სკოტ ჰიგინბოთამი, 19. ლიამ გილი, 20. ბრეთ შიჰანი, 21. ენტონი ფაინგაა, 22. ქართლი ბეილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"