ჰენრი დებიუტანტს ენდობა

AutoSharing Option
სამი ერის გათამაშების მეორე ტურში ახალი ზელანდიის ნაკრები შაბათს ველინგთონში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "ოლ ბლექსის" თავკაცმა გრენ ჰენრიმ ტრავმირებული გარემარბის ჯო როკოთოკოს ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში დააყენა რენე რეინჯერი, რომელსაც "ბოკესთან" მატჩში სამ ერზე დებიუტი ექნება.

სათადარიგოთა სკამზე იჯდება გამოჯანმრთელებული ჯიმი ქოუანი, მის ადგილს ძირითადში პირი ვიპუ დაიკავებს. სერიოზული ტრავმა აქვს რიჩარდ კაჰუის, რომელსაც ექიმები უახლოეს დღეებში ეტყვიან, შეძლებს თუ არა სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში ასპარეზობას.
შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, ოქლენდში ახალი ზელანდიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონი "სპრინბოკი" 32:12 დაამარცხა.
"ჩვენ შევეცადეთ, გუნდის შემადგენლობა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. ბიჭებმა ბრწყინვალედ ითამაშეს გასულ უქმეებზე, თუმცა ისიც კარგად ესმით, რომ ამჯერად ველინგთონში მათ წინაშე სრულიად განსხვავებული, მაქსიმალურად მობილიზებული, გავეშებული სამხრეთ აფრიკის ნაკრები იქნება" - თქვა "ოლ ბლექსის" თავკაცმა.

მატჩისწინა დღეებში ორივე გუნდის ლიდერებმა რიჩი მაკქოუმ და ვიქტორ მეტფილდმა მედიის საშუალებით სიტყვიერი პაექრობა გამართეს.
ახალზელანდიელთა კაპიტანი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ისევე ბრწყინვალედ ითამაშებს, როგორც პირველ მატჩში.
"ჩვენი მიზანია, სამხრეთაფრიკელებს სწრაფი გადაადგილებებით, ხელდახელ ბურთაობით რაც შეიძლება მეტი შეცდომა დავაშვებინოთ. "ბოკე" საკმაოდ მძიმე გუნდია და დინამიკაში მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩება. პირველ მატჩში ეს უპირატესობა კარგად გამოვიყენეთ და, არც მეორეში უნდა შეგვიშალოს რამემ ხელი" - თქვა ზელანდიელთა ყოჩმა რიჩი მაკქოუმ.

ვიზავის ეს კადნიერება, ცხადია, ვიქტორ მეტფილდს არ გამოპარვია და ასევე "კორექტულად" უპასუხა:

"პირველ მატჩში რაც მოხდა, უნდა დავივიწყოთ. ის აღარ განმეორდება. ახალზელანდიელები ტყუილად იმედოვნებენ, რომ ხრიკი ისევ გაუვათ. ყველანაირად ვეცდებით, მათი იერიშები დასაწყისშივე ჩავახშოთ. ჩვენი თამაშის სტილი ასეთია - რაც შეიძლება მეტი ფიზიკური ზეწოლა მოახდინო მეტოქეზე, რაც მას ფსიქოლოგიურადაც ტეხავს. ათეული წლებია, ასე ვთამაშობთ, ამას წარმატება მოაქვს და არაფრის შეცვლას ვაპირებთ."

ოქლენდში განცდილი მარცხი კი მეტფილდმა ასე ახსნა: "როცა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ხვდები, ასი პროცენტით უნდა დაიხარჯო. ჩვენ შესაძლებლობების დაახლოებით 97 პროცენტი გამოვიყენეთ. გამოუყნებელი სამი პროცენტი კი თითქმის კატასტროფული მარცხის ფასად დაგვიჯდა. ველინგთონში ასე აღარ იქნება. იქ ყველა ბოლომდე ვიბრძოლებთ"

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. რენე რეინჯერი, 10. დენ კარტერი, 9. პირო ვიპუ. 1. ტონი ვუდქოკი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბრედ თორნი, 5. ტომ დონელი, 6. ჟერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი
16. კორი ფლინი, 17. ბენ ფრენქსი, 18. სემ ვაითლოქი, 19. ლიამ მესამი, 20. ჯიმი ქოუანი, 21. აარონ კრადენი, 22. იზრაელ დაგი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული