"ესპანელი ლომები" შავიზღვისპირა ქალაქს სამშაბათს ეწვივნენ და 30 იანვარს პირველი ვარჯიში გამართეს.
ესპანეთის ნაკრების რუსეთში ასეთი ნაადრევი სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ გუნდის ხელმძღვანელების განზრახვას - სერიოზულად იბრძოლონ მსოფლიოს თასის საგზურისთვის. აქამდე პირინეელები ასე ადრე არსად ჩასულან.
გუნდის ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ბრაის ბევინმა იმ მოთამაშეთა სია გააცხადა, რომლებიც რუსებთან და 9 თებერვალს ბელგიის ნაკრებთან ითამაშებენ. ესპანელთა თავკაცმა სამოქმედო გეგმის თაობაზე დიდი ხნის წინათ
ბევინის რჩეულთა შორის მეტწილად ის მოთამაშეები მოხვდნენ, რომლებმაც აფრიკულ ტურნეში ნამიბიისა და ზიმბაბვეს ნაკრებების ძლევაში მიიღეს მონაწილეობა. მათ შორისაა საქართველოს ჩემპიონისა და თასის მფლობელის, "არმიას" შერკინების ბურჯი დავით გურგენიძე.
სოჭში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება რუსეთის ნაკრებიც. არადა, ამასობაში რუსულ რაგბიში სერიოზული სკანდალი მწიფდება. იქაური სპეციალისტების ნაწილი ეროვნული გუნდის უელსელ მწვრთნელთა შტაბის მუშაობით უკმაყოფილოა და მათ მიმართ სერიოზული პრეტენზიებიც აქვთ.
განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა რუსთა ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცისა და ამჟამად ქვეყნის ჩემპიონის, კრასნოიარსკის "ენისეის" მწვრთნელის, ალექსანდრ პერვუხინის კრიტიკა. აი, რას წერს იგი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე:
"ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვება უდიდესი სასწაული იქნება. მე არაერთხელ გამომითქვამს გულისწყრომა მწვრთნელთა საბჭოს სხდომებზე და რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმაც ამის შესახებ ძალიან კარგად უწყის.
ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ნაკრებში მიმდინარე პროცესებზე საბოლოოდ ბრიტანეთში აშშ-ისა და კანადის ნაკრებებთან მარცხის შემდეგ ჩამოყალიბდა.
ჩვენმა პატივცემულმა უელსელმა პარტნიორებმა, რომლებსაც უმუშევართა ჯგუფს ვუწოდებ, რუსეთში იპოვეს სამსახური და ნაკრები ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მთლიანად გაანადგურეს.
სწორედ ამიტომ მეც და ჩემს კოლეგებსაც მიგვაჩნია, რომ ესპანეთის ნაკრების დამარცხება შეუძლებელი იქნება და თუ ეს მოხდა, მხოლოდ სასწაულს შეიძლება დავაბრალოთ.
პატ ხოვარდი, სტივ დაიმონდი, კინგსლი ჯოუნზი და კიდევ მათნაირი ხუთი-ექვსი უმუშევარი კოლეგა ერთმანეთს ეპატიჟება რუსეთში - მოდით, ბიჭებო, აქ "მაყუთია".
მართალია, ძალიან ბევრს არა, მაგრამ სტაბილურად იხდიან. ამასთან ერთად, ერთთავად პირში გიყურებენ, იქნებ რაიმე ჭკვიანური თქვანო.
თითქოს ყველა ერთნაირად მეგობრული, კარგი ბიჭია, რომლებიც მუდამ მზად არიან, მოგეხმარონ, გიკარნახონ, მხრებზე ხელები გიტყაპუნონ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი საშუალო დონის (მსუბუქად ნათქვამია) მწვრთნელები არიან, რომლებიც მხოლოდ ინსტრუქციის მიხედვით მუშაობენ და წარმოდგენა არ აქვთ, რა მოუხერხონ გუნდის თამაშში არსებულ კონკრეტულ პრობლემებს. ამასთან ერთად, თუკი ოდნავ უკეთესი შეთავაზება ექნებათ, მატარებლიდან უმალ ჩახტებიან.
ყოველივე ამას ჩვენი რაგბის კავშირის დიადი ხელმძღვანელობა ზემოდან უყურებს; ნერვიულობენ, მწვრთნელთა საბჭოს სხდომებს იწვევენ, მკაცრად ლაპარაკობენ; მეტიც, შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელიც შეცვალეს (ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა ბოლო წლების განმავლობაში).
თანაც, ყველაფერთან ერთად, იმედი აქვთ, რომ ეროვნული გუნდი ოფიციალურ მატჩებში დღეს თუ არა ხვალ სათანადოდ ათამაშდება.
არ მჯერა! წელიწადნახევრის განმავლობაში თამაშის ძირითადი პრინციპები გამოკვეთილი არ არის.
მეტოქეებთან ჩამორჩენა დღითიდღე იზრდება. გუნდის ძირითადი ბირთვი გამოკვეთილი არ არის. ასეთ პირობებში რისი იმედი უნდა გქონდეს? ცხადია, სასწაულის.
კინგსლი ჯოუნზი თვითონ არ გადადგება, მას ოჯახი ჰყავს სარჩენი. ჩვენს ხელმძღვანელობას კი სასწაულების სჯერა."
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებში უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა კინგსლი ჯოუნზმა სამი ქართული წარმოშობის მორაგბე მიიწვია: გრიგორი ცნობილაძე, ვალერი ცნობილაძე და პაველ კვერნაძე.
ესპანეთი
ხავიერ დე ხუანი, კორი სმითი (ორივე - სევილია), ჯეკი კარტერი, დანიელ მარონი, სესარ სემპერე (სამივე - ელ სალვადორი), ხუან ანაია (ატლეტიკო), სანტიაგო ფერნანდესი (ალკობენდასი), მეთიუ კუკი, ხავიერ კერიონი (ორივე - ლა ვილა), ხუან ტუდელა (ორდიზია), ხუან მაგუნასელაია (გერნიკა), ოიერ გარმენდია (ერნანი), მატიას ტუდელა (ტატამი), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ხესუს რეკუერდა (ლილი), გაუტიერ მიგუილონი (ბორდო), ლიონელ პარდო (ბეზიე), გრეგორი მარკესი, ჯო ჰატჩინსონი, ხაიმე ნავა (სამივე - ბურგ ან ბრესი), ფერნანდო ბონანი (ბაგნერე), მიქელე მუნია (ბიარიცი), დავით გურგენიძე (არმია).
რუსეთი
პირველი ხაზი: გრიგორი ცნობილაძე (კრასნი იარი), ალექსეი ვოლკოვი (ვვა), ინოკენტი ზიკოვი, ევგენი პრონენკო, ვალერი ცნობილაძე (ენისეი), ანდრეი იგრესტოვი, სერგეი ჩერნიშოვი (ორივე - ფილი), ანდრეი პოლივალოვი (კაზანი).
მეორე ხაზი: კირილ კულემინი (ლონდონ ველში), ალექსანდრ ვოიტოვი (ვვა), მაქსიმ კისილევი (კრასნი იარი).
მესამე ხაზი: ვიქტორ გრესევი (ვვა), ანდრეი ტემნოვი, პაველ ბუტენკო (ენისეი), ანდრეი გარბუზოვი (კრასნი იარი), პაველ კვერნაძე (სპარტაკი), არტიომ ფატახოვი (კაზანი).
#9: ალექსანდრ იანუშკინი (ვვა), ალექსეი შერბანი (ენისეი)
#10: სერგეი სუგრუბოვი (სლავა), ანტონ რიაბოვი (კრასნი იარი), სერგეი იანუშკინი (კაზანი).
#12-13: ალექსეი მაკოვეცკი (კრასნი იარი), მიხაილ ბაბაევი (ვვა), დიმიტრი გერასიმოვი (ენისეი), სერგეი ტრიშინი (ვვა).
#11-14: ვასილი არტემევი (ნორსჰემპთონი), ანდრეი ოტროკოვი (კრასნი იარი).
#15: იგორ კლუჩნიკოვი (ვვა), იგორ კურაშოვი (ენისეი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"