ახალი ვარსკვლავი: მიკელე კამპანარო

AutoSharing Option
ექვსი ერის წლევანდელი გათამაშების პირველი ტური მოულოდნელობების გარეშე წარიმართა.

ცხადია, ინგლისის ნაკრების გამარჯვება საფრანგეთში სენსაცია არ იქნებოდა, მაგრამ "პომები" პარიზს თითქმის განახევრებული შემადგენლობით ეწვივნენ. მიუხედავად ამისა, ინგლისელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან.

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ ინგლისელებს საბრძოლო შემადგენლობა დაახვედრა.

"ლე ბლო" მეტოქის რბევას დასაწყისიდანვე შეუდგა და პირველივე შეტევა პირველივე წუთზე ლელოთი დაასრულა. მარჯვენა ფრთაზე, კიდესთან ახლოს ყველაზე უკეთ გარემარბი იოან უგე გაისარჯა და ანგარიში გახსნა. მანვე მე-17 წუთზე, თითქმის ანალოგიურ ვითარებაში მეორე ლელო მიითვალა. შუალედებში ცხრა ნომერმა ჟან-მარკ დუსანმა
ორი საჯარიმო გაიტანა, რასაც ინგლისელებმა ერთით უპასუხეს და 22-ე წუთისთვის მასპინძლები 16:3 დაწინაურდნენ.

ასეთი დონის გუნდებს შორის დაპირისპირებისას ცამეტქულიანი უპირატესობა საკმაოდ სოლიდურია. თუმცა ინგლისელებმა ნელ-ნელა თამაშის დალაგება მოახერხეს და 36-ე წუთზე მაიკლ ბრაუნის ლელოთი ანგარიშის რვა ქულამდე შემცირება შეძლეს - 8:16. ასე დასრულდა მატჩის პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ გუნდებმა როლები გაცვალეს. ინგლისელებმა უპირატესობის მოპოვება შეძლეს და 69-ე წუთისთვის უკვე ხუთი ქულით დაწინაურდნენ - 21:16. მომდევნო სამ წუთში გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს - 24:19.

მატჩის დასკვნითი ხუთი წუთი უკვე ფრანგების იყო. მორიგი იერიშისას "ლე ბლომ" მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნა, ბურთი ხელდახელ გაათამაშა და 19 წლის გარემარბმა გაელ ფიკუმ ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა მაქსიმ მაშენომ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და ფრანგებს გამარჯვება მოუტანა - 26:24.

ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია ირლანდიის ეროვნული გუნდი. "სამყურები" შინ შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 28:6 მოიგეს. უნდა აღინიშნოს, რომ "ნარშავებმა" მასპინძლებს პირველ ტაიმში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. 22-ე წუთამდე ირლანდიელები დაწინაურებას ვერაფრით ახერხებდნენ - 3:3. მალე ჯონათან სექსტონმა საჯარიმოს გატანა შეძლო. ვერ ვიტყვით, რომ "სკოტები" ამან დააბნია, მაგრამ ფაქტია, რომ ტაიმის მიწურულს ირლანდიელთა გარემარბ ენდრიუ ტრიმბლს ლელოს გატანის საშუალება მისცეს - 11:3.

შოტლანდიელებმა მეორე ტაიმიც კარგად დაიწყეს. თამაშის განახლებიდან ორ წუთში მათ საჯარიმოდან ანგარიშში სხვაობა შეამცირეს - 6:11. თუმცა მეტის მისაღწევად არც ოსტატობა ეყოთ და არც ძალა შესწევდათ. ირლანდიელებმა ზეწოლა ნელ-ნელა გაზარდეს და კიდევ ორი ლელო მიითვალეს. ერთი მესამეხაზელი ჯიმი ჰისლიპის ანგარიშზეა, მეორედ კი თავი ფულბეკმა რობერტ კირნიმ გამოიჩინა. სექსტონი კარში უშეცდომოდ ურტყამდა - 28:6.

უელსის ნაკრებმა დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა შინ იტალიის ეროვნულ გუნდთან მატჩში - 23:15. აღსანიშნავია "სკუადრა აძურას" შუამარბის, მიკელე კამპანაროს კარგი თამაში, რომელმაც "წითელ ურჩხულებს" ორი ლელო გაუტანა.

სიმბოლური ნაკრები: 15. რობ კირნი (ირლანდია), 14. იოან უგე (საფრანგეთი), 13. მიკელე კამპანარო (იტალია), 12. ჯიმი რობერტსი (უელსი), 11. შონ ლამონტი (შოტლანდია), 10. ოუენ ფარელი (ინგლისი), 9. დენი კერი (ინგლისი). 1. კიან ჰილი (ირლანდია), 2. რორი ბესტი (ირლანდია), 3. ნიკოლა მასი (საფრანგეთი), 4. ჯო ლანჩბერი (ინგლისი), 5. პასკალ პაპე (საფრანგეთი), 6. ტომ ვუდი (ინგლისი), 7. იანიკ ნიანგა (საფრანგეთი), 8. ბილი ვუნიპოლა (ინგლისი).

I ტური
უელსი-იტალია 23:15
უელსი: 2ლ - კატბერტი, ს.ვილიამსი. 3ს,2გ - ჰალპფენი.
იტალია: 2ლ - კამპანარო (2). ს,გ - ალანი.

საფრანგეთი-ინგლისი 26:24
საფრანგეთი: 3ლ - უგე, ფიკუ. გ - მაშენო. 3ს - დუსანი (2), მაშენო.
ინგლისი: 2ლ - ბრაუნი, ბრუნელი. გ - ფარელი. 3ს - ფარელი (2), გუდი. ა: კერი.

ირლანდია-შოტლანდია 28:6
ირლანდია: 3ლ - ტრიმბლი, ჰისლიპი, კირნი. 3ს,2გ - სექსტონი.
შოტლანდია: 2ს - ლაიდლოუ.

სატურნირო მდგომარეობა
1. ირლანდია - 2 ქულა, 2. უელსი - 2, 3. საფრანგეთი - 2, 4. ინგლისი - 0, 5. იტალია - 0, 6. შოტლანდია - 0.

II ტური
ირლანდია-უელსი, შოტლანდია-ინგლისი, საფრანგეთი-იტალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი კარგი თამაში მას ვარსკვლავად ვერ აქცევს, ეს რაგბია და არა ფეხბურთი სადაც წელიწადში 2 გოლის გატანაზე ლაციოსნაირი გუნდები ტაციაობას მართავენ მოთამაშეზე

მოულოდნელი იყო ზუსტადაც ინგლისის მარცხი საფრანგეთთან, იმ ახლო წარსულიდან გამომდინარე რასაც ნოემბრის ტესტები ქვია

rugby
05 თებერვალი 2014 01:20
0

სიახლეები პოპულარული