ირლანდიის ნაკრებმა ექვსი ერი ზედიზედ მეორედ მოიგო

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშება, ისევე, როგორც შარშან, წლეულსაც ირლანდიის ნაკრებმა მოიგო. თუმცა ამჯერად, უწინდელისგან განსხვავებით, "სამყურებს" დიდი ბრძოლის გადატანა მოუწიათ.

საგულისხმოა, რომ ერთნაირი, რვა-რვა ქულა ერთბაშად სამმა გუნდმა დააგროვა. საუკეთესოს ვინაობა კი მოპოვებული ქულების სხვაობით გაირკვა. ისე გამოვიდა, რომ ინგლისის ნაკრებმა ბოლო ტურში შინ საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან იმ დროს ითამაშა, როცა კონკურენტებს, ირლანდიას და უელსს მატჩები დასრულებული ჰქონდათ. "პომებს" ექვსი ერის გათამაშებაში გამარჯვებისთვის "ლე ბლოს" 27 ქულით დამარცხება მართებდა.

ეს ერთი შეხედვით შეუსრულებელი მისია და აუხდენელი ოცნება იყო, თუმცა თამაშმა, განსაკუთრებით,
მატჩის მეორე ნახევარში ისეთი ხასიათი მიიღო, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლებოდა.

ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებების ეს დაპირისპირება რაგბის ქომაგებს დიდხანს ემახსოვრებათ. ფრანგები, მიუხედავად იმისა, რომ უმოტივაციონი იყვნენ, მეტოქეს მაქსიმალურად უმკლავდებოდნენ. მეტიც, პირველ ტაიმში ერთი ხანობა უგებდნენ კიდეც.

ცხადია, "პომები" შინ მარცხს არაფრით შეეგუებოდნენ, მით უფრო, რომ გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. გადამწყვეტი როლი მატჩის ბედის ინგლისელთათვის მობრუნებაში ცხრა ნომერმა ბენ იანგზმა ითამაშა. მან ორი ლელო გაიტანა და ორჯერ უფრო მეტის გატანაში დიდი წვლილი შეიტანა.

დიდი მცდელობის მიუხედავად, "პომებმა" მეტოქეს მხოლოდ 20 ქულით სძლიეს. არადა, სასურველი ანგარიშით გამარჯვებამდე ერთ ნაბიჯში იყვნენ. მატჩის მიწურულს მასპინძლებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს.

ბურთი აუტში გადაიტანეს, მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანში ბურთი უხეიროდ ააგდეს და ის ფრანგების ნადავლი გახდა. 55:35 - ასე დასრულდა ეს თავბრუდამხვევი სისწრაფით ცვალებადი მატჩი.

ჩემპიონი კი, როგორც უკვე ვთქვით, ირლანდიის ნაკრები გახდა, რომელმაც სტუმრად "მერიფილდზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს სძლია - 40:10. "სამყურებს" ამ შეხვედრაში ორი გმირი ჰყავდათ: მესამეხაზელი შონ ობრაიანი, რომელმაც ორი ლელო გაიტანა და მგეზავი ჯონათან სექსტონი, რომელმაც გუნდს 18 ქულა მოუტანა (ოთხი საჯარიმო და სამი გარდასახვა).

თავიანთ დიდების წამს ირლანდიელი მორაგბეები ცივილურ კოსტიუმებში გამოწყობილნი, ტელეეკრანებთან მიჯაჭვულნი ელოდებოდნენ და იმ დღეს საფრანგეთის ნაკრების ყველაზე დიდი ქომაგები იყვნენ მთელ მსოფლიოში. ლონდონში დასრულებული მატჩის შემდეგ "სამყურები" "ავივა სთედიუმზე" შეიკრიბნენ და ექვსი ერის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღეს.

საინტერესო ბრძოლა გაიმართა რომში, სადაც იტალიის ნაკრებმა უელსის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 20:61. არადა, "სკუადრა აძურამ" პირველ ტაიმში მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმო. მეტიც, მართალია, ორი ქულით, მაგრამ მაინც აჯობა - 13:11.

შესვენების შემდეგ კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ლიდერის, სერჯო პარისეს გარეშე იტალიელები ვერ გამოდგნენ ბოლომდე მედგრად მებრძოლნი. უელსის ნაკრებმა პირდაპირ გაილაღა და ჯამში, მეტოქეს რვა ლელო გაუტანა. აქედან სამი გარემარბ ჯორჯ ნორსის ანგარიშზეა.

ექვსი ერი
V ტური
იტალია-უელსი 20:61
იტალია: 2ლ - ვენდიტი, სარტო. 2გ - ორკუერა. 2ს - ჰაიმონა, ორკერა.
უელსი: 8ლ - ნორსი (3), რობერტსი, ლ. ვილიამსი, ვები, ვერბარტონი, ს. ვილიამსი. 6გ - ბიგარი. 2ს - ჰალპფენი, ბიგარი.

შოტლანდია-ირლანდია 10:40
შოტლანდია: ლ - რასელი. გ,ს - ლაიდლოუ.
ირლანდია: ოკონელი, ობრაიანი, პეინი. 4გ - სექსტონი (3), მადიგანი. 4ს - სექსტონი

ინგლისი-საფრანგეთი 55:35
ინგლისი: 7ლ - ნოუელი (2), იანგზი (2), ვოტსონი, ფორდი, ვუნიპოლა. 7გ,ს - ფორდი.
საფრანგეთი: 5ლ - ტილუს-ბორდე, ნაკაიტაში, მერმოსი, დებატი, კაიზერი. 2გ - პლისონი. 2ს - პლისონი, კოქოთი.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ირლანდია 5 4 0 1 +63 8
2. ინგლისი 5 4 0 1 +57 8
3. უელსი 5 4 0 1 +53 8
4. საფრანგეთი 5 2 0 3 +2 4
5. იტალია 5 1 0 4 -120 2
6. შოტლანდია 5 0 0 5 -55 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული