"ჩიტაზმა" ლოფტუსი დაიპყრო

AutoSharing Option
"ქარის თასის" მესამე ტურში შარშანდელი ფინალისტების შეხვედრაში მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა. ჩემპიონმა "ბლუ ბულზმა" საკუთარ "ლოფტუს ვერსფილდზე" ბოლო წამებზე წააგო - 23:25. გათამაშების ლიდერმა "ვესტერნ პროვანსმა" კი მორიგი გამარჯვება მიითვალა სტუმრად "ლეოპარდსთან" - 42:23 და ისევ დაუმარცხებელია.

როგორც უკვე ვთქვით, "ბლუ ბულზი" შინ მოულოდნელად დამარცხდა, არადა, პრეტორიელები მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ. მე-13 წუთისთვის მასპინძლები უკვე 13:0-ს იგებდნენ. ანგარიში მე-2 წუთზე საჯარიმოთი ჟაკ ლუის პოთხიტერმა გახსნა. შვიდ წუთში დერეკ კუნის მიერ გატანილი ლელო მანვე გარდასხა და მე-13 წუთზე კიდევ ერთი საჯარიმოც
მიითვალა.

მატჩის საწყის წუთებში "ბლუ ბულზმა" იმდენად იოლად მოაგროვა ქულები, რომ შესაძლოა, გამარჯვება ნაადრევად ირწმუნა. ასეა თუ ისე, "ჩიტაზმა" მალე ხელი გამოიღო და ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა - 9:13. სამი საჯარიმო ლუის სტრიდომმა გაიტანა. თუმცა პოთხიტერმა 38-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაარტყა საჯარიმოდან ზუსტად - 16:9.

შესვენების შემდეგ სტუმრებმა სტრიდომის ორი საჯარიმოს წყალობით ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს - 15:16. "ბლუ ბულზი" ამის შემდეგღა გამოფხიზლდა. 64-ე წუთზე შუამარბმა სტივენ ვეტერმეიერმა ლელო გაითვალა, პოთხიტერმა გარდასახა - 23:15.

დრამატული მოვლენები ბოლო ორ წუთში განვითარდა. მატჩის გმირებად შეცვლაზე შესული "ჩიტაზის" მორაგბეები იქცნენ.78-ე წუთზე იოსიას ებერსონმა საჯარიმო გაიტანა - 18:23. ბოლო წუთზე კი შერკინების კვაჭმა სკიპერ ბედენხორსტმა ლელოთი ანგარიში გაათანაბრა. ახლა ყველაფერი ებერსონის ფეხჩუბინობაზე იყო დამოკიდებული. საკმაოდ უხერხული პოზიციიდან მან გარდასხვა ზუსტად დაარტყა და გუნდს მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოუტანა - 25:23.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჯერჯერობით ერთადერთმა დაუმარცხებელმა "ვესტერნ პროვანსმა" სტუმრად "ლეოპარდსს" სძლია დიდი ანგარიშით - 42:23. დასავლეთელებმა ექვსი ლელო გაიტანეს და აქტივს ერთი პრემიალური ქულაც შემატეს.

ძალზე საინტერესო გამოდგა "ნატალ შარქსის" დაპირისპირება დურბანში "პუმასსთან". "ზვიგენებმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს 27:17 მოუგეს. მასპინძლების მიერ გატანილი ოთხი ლელოდან სამი მესამეხაზელ კიგან დენიელზის ანგარიშზეა.

"გრიკასმა" მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლო თხუთმეტ წუთში შეძლო შინ "ლაიონზის" წინააღმდეგობის დაძლევა. სტუმრები 65-ე წუთამდე 17:13-ს იგებდნენ, თუმცა გრიკასელებმა ორ საჯარიმოს ერთი გარდასახული ლელოც მიუმატეს და 26:20 მოიგეს.

III ტური
ბლუ ბულზი-ჩიტაზი 23:25, ნატალ შარქსი-პუმასი 27:17, ლეოპარდსი-ვესტერნ პროვანსი 23:42, გრიკასი-ლაიონზი 26:20

სატურნირო მდგომარეობა
1. ვესტერნ პროვანსი -13 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 11, 3. გრიკასი -10, 4. ჩიტაზი - 9, 5. ბლუ ბულზი - 7, 6. ლაიონზი - 6, 7. პუმასი - 5, 8. ლეოპარდსი - 2

IV ტური

30 ივლისი
ლეოპარდსი-გრიკასი, ვესტერნ პროვანსი-პუმასი

31 ივლისი
ჩიტაზი-ნატალ შარქსი, ლაიონზი-ბლუ ბულზი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული