ბლუ ბულზი შელახული რეპუტაციის აღდგენას ეცდება

AutoSharing Option
"ქარის თასის" გათამაშება ნელ-ნელა ძალას იკრებს. სამი ტურის შემდეგ დაუმარცხებელად ერთადერთი გუნდი, "ვესტერნ პროვანსი" ასპარეზობს. საინტერესოა, რომ შარშანდელმა გამარჯვებულმა "ბლუ ბულზმა" მესამე ტურში შინ წააგო ფინალისტ "ჩიტაზთან", რაც მიმდინარე გათამაშებაში მისი ზედიზედ მეორე მარცხი იყო.

მეოთხე ტურის წინ, როგორც უკვე ვთქვით, დაუმარცხბელად ლიდერობს "ვესტერნ პროვანსი", რომელიც შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ "პუმასს" დაუპირისპირდება. ცხადია, დასავლეთელები ოთხი და მეტი ლელოს გატანას შეეცდებიან, რათა აქტივს კიდევ ერთი, პრემიალური ქულა შემატონ.

საგულისხმოა, რომ "ვესტერნ პროვანსს" სამხრეთ აფრიკის ნაკრების წევრები ხიო ეპლონი, იუან დე იონგი და
ფრანსუა ლავი დაუბრუნდნენ. ერთადერთი, რითაც "პუმასს" მეტოქესთან ტოლსწორად დაპირისპირება შეუძლია, პირველი ხაზია. თუმცა ეს სულაც არ არის იმის გარანტია, რომ "დასავლეთელები" დიდი ანგარიშით გამარჯვებას ვერ შეძლებენ.

"ვესტერნ პროვანსს" კვალში უდგანან "ნატალ შარქსი" და "ჩიტაზი", რომლებიც დღეს ერთმანეთს ბლუმფონტეინში ეთამაშებიან. ჩიტაზელებმა, როგორც უკვე ვთქვით, ერთი გმირობა უკვე ჩაიდინეს, სტუმრად მძლეთამძლე "ბლუ ბულზს" მოუგეს. ამჯერადაც, მართალია, შინ, მაგრამ არანაკლებ მრისხანე მეტოქესთან მოუწევთ პაექრობა. მით უფრო, რომ დურბანელები საგრძნობლად გაძლიერებული შემადგენლობით ეწვევიან ბლუმფონტეინს.

"ნატალ შარქსს" დაემატნენ "ბოკეს" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები რაიან კანკოვსკი, რუან პინარი და ტენდაი მთავარირა, რომლებსაც მეტოქის მართლაც რომ ბრწყინვალედ მოთამაშე დაცვის ხაზის გასარღვევად დიდი ჯაფა დაადგებათ.

არანაკლებ საინტერსო დაპირისპირება ელით რაგბის ქომაგებს "ლაიონზსა" და "ბლუ ბულზს" შორის მატჩში. პრეტორიელებმა "ქარის თასზე" უკვე ორი მარცხი იგემეს და ყველაფერს იღონებენ შელახული ავტორიტეტის აღსადგენად. ეროვნული ნაკრებიდან "ლურჯმა ხარებმა" მხოლოდ ჩილიბოი რელეპელე და დიუვალ პოთხიტერი დაიმატეს.

"ლაიონზს" კი, რომელიც მეტოქეს სატურნირო ცხრილში მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, დასაკარგი არაფერი აქვს და თავისი ძლიერი მხარის, ბრწყინვალე უკანა ხაზის მაქსიმალურად გამოყენებას შეეცდება. ცხადია, გასათვალისწინებელია საკუთარი მოედნის ფაქტორიც.
სავარაუდოდ, სტუმრად აუტსაიდერ "ლეოპარდსთან" მორიგ გამარჯვებას მოიპოვებს "გრიკასი", რომელმაც სამი თამაშიდან ორი მოიგო და 10 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

სატურნირო მდგომარეობა
1. ვესტერნ პროვანსი -13 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 11, 3. გრიკასი -10, 4. ჩიტაზი - 9, 5. ბლუ ბულზი - 7, 6. ლაიონზი - 6, 7. პუმასი - 5, 8. ლეოპარდსი - 2

IV ტური
30 ივლისი
ლეოპარდსი-გრიკასი, ვესტერნ პროვანსი-პუმასი
31 ივლისი
ჩიტაზი-ნატალ შარქსი, ლაიონზი-ბლუ ბულზი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული