დასავლელებმა გამოცდა ფრიადზე ჩააბარეს

AutoSharing Option
ქარის თასის გათამაშების მე-5 ტურში ყველაზე საინტერესო შარშანდელი გამარჯვებულის, პრეტორიის "ბლუ ბულზისა" და აუტსაიდერ "ლეოპარდსის" დაპირისპირება გამოდგა. მატჩი, რომელშიც გუნდებმა თერთმეტი ლელო გაიტანეს პრეტორიელებმა 43:38 მოიგეს. ყველასთვის მოულოდნელად ბრძოლა არ შედგა "გრიკასსა" და გათამაშების ლიდერ "ვესტერნ პროვანსს" შორის. დასავლელებმა სტუმრად იოლად მოიგეს - 50:3 და ისევ დაუმარცხებელნი არიან.

გათამაშების აუტსაიდერთან მატჩში "ბლუ ბულზისგან" ყველა იოლ გამარჯვებას ელოდა. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. "ლეოპარდსმა", რომელსაც, ფაქტობრივად, დასაკარგი აღარაფერი აქვს, მრისხანე მეტოქეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართა და მე-18 წუთამდე 10:0-საც უგებდა.

"ლურჯი ხარები" სტუმართა
კადნიერებამ გაახელა და აქედან მოყოლებული 42-ე წუთამდე მეტოქეს ისეთი ტემპი შესთავაზა, რომ "ლეოპარდებს" რეტი დაესხათ. პრეტორიელებმა მეტოქეს ზედიზედ ხუთი ლელო გაუტანეს და 33:10 დაწინაურდნენ.

ხუთი ლელოდან ორი გარემარბ იაკობუს ფენ დერ ევერის ანგარიშზეა. თითო ლელო კი სამხრეთ აფრიკის ნაკრების წევრებმა დერეკ კუნმა, დიუვალ პოთხიტერმა და ფრანსუა ჰუგარმა გაიტანეს.

მიღწეულმა უპირატესობამ "ბლუ ბულზი", ეტყობა, ნაადრევად დაამშვიდა. მომდევნო ათ წუთში "ლეოპარდსის" ცხრა ნომერმა მაიკლ ბონდესიომ წყვილი ლელო გაიტანა და ანგარიში ცხრა ქულამდე შეამცირა - 24:33.

"ბლუ ბულზი" ისევ გამოცოცხლდა და მალე შუამარბმა სტივენ ვატერმეიერმა გუნდს მეექვსე ლელო მოუტანა. მგეზავმა იაკო პოთხიტერმა ექვსიდან ხუთი ლელო გარდასახა და მატჩის მიწურულს ერთი საჯარიმოც გაიტანა. "ლეოპარდსის" მცდელობას, მართალია, კიდევ ორი ლელო მოჰყვა, მაგრამ მატჩის გადარჩენა შეუძლებელი იყო - 38:43.

გათამაშების ლიდერ "ვესტერნ პროვანსს" მეოთხეადგილოსანმა "გრიკასმა" შინ წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია. მეტიც, მე-17 წუთამდე ანგარიში საყაიმო იყო - 3:3. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში სტუმართა გუნდის მგეზავმა ვილემ და ფაალმა სამი საჯარიმოს გატანა შეძლო - 12:3.

შესვენების შემდეგ "ვესტერნ პროვანსი" მთელი სიმძლავრით ამოქმედდა და მეტოქეს თავს მეხივით დაატყდა. "დასავლელებმა" მასპინძლებს ექვსი ლელო გაუტანეს, აქედან ოთხი სამხრეთ აფრიკის ნაკრების წევრების, ხიო ეპლონის, პიტერ ლავის, იან დე იონგის და კონრად იანტისის ანგარიშზეა.

ამ გამარჯვებით "ვესტერნ პროვანსმა" საჩემპიონო ამბიციების საფუძვლიანობა დაამტკიცა და სკეპტიკოსებს პირში ბურთი ჩასჩრა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ "დასავლელების" ლიდერობა დროებითი, შემთხვევითი მოვლენაა, რომ მათ ჯერ მხოლოდ აუტსაიდერებთან ითამაშეს და ლიდერებს ჯერ არ შებრძოლებიან.

"ვესტერნ პროვანსს" კარგი შანის აქვს, სკეპტიკოსთა უნდობლობა მომდევნო, მე-6 ტურში გააქარწყლოს. "დასავლელები" ქარის თასის ჩემპიონ პრეტორიის "ბლუ ბულზს" უმასპინძლებენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეორეადგილოსანმა დურბანის "ნატალ შარქსმა" შინ მოუგო იოჰანესბურგის "ლაიონზს" - 48:19. სტუმრები 25
-ე წუთამდე იგებდნენ -13:11, თუმცა მასპინძელთა შეტევების სიმწვავეს ვეღარ გაუძლეს და ფარ-ხმალი დაყარეს.

დურბანელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო გუნდის ახალგაზრდა მგეზავი პატრიკ ლამბიე, რომელმაც ერთი ლელო, ოთხი გარდასახვა და ხუთი საჯარიმო გაიტანა (28 ქულა). ორი ლელო გარემარბ ლუაზი მვოვოს ანგარიშზეა.

მომდევნო ტურში "ზვიგენები" აუტსაიდერ "ლეოპარდსს" ესტუმრებიან და, სავარაუდოდ, საპრემიო ქულასაც აიღებენ.

პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლმა "ჩიტაზმა" სტუმრად "პუმასსთან" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 45:30. ბლუმფონტეინელებმა, რომლებსაც თამაშისას ანგარიში მუდმივად მიჰყავდათ, მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს. შედეგად, "ჩიტაზი" მოწინავე ოთხეულს მჭიდროდ მიუახლოვდა. მას მეოთხეადგილოსან "გრიკასისგან" ქულაღა აშორებს.

V ტური
ბლუ ბულზი-ლეოპარდსი 43:38, გრიკასი-ვესტერნ პროვანსი 3:50, პუმასი-ჩიტაზი 30:45, ნატალ შარქსი-ლაიონზი 48:19

სატურნირო მდგომარეობა
1. ვესტერნ პროვანსი - 23 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 21, 3. ბლუ ბულზი - 16, 4. გრიკასი - 15, 5. ჩიტაზი - 14, 6. ლაიონზი - 6, 7. პუმასი - 5, 8. ლეოპარდსი - 4

VI ტური

13 აგვისტო
გრიკასი-პუმასი
ლეოპარდსი-ნატალ შარქსი

14 აგვისტო
ვესტერნ პროვანსი-ბლუ ბულზი
ლაიონზი-ჩიტაზი






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული