დარტყმა კბილებში

AutoSharing Option
ზუსტად ათი წლის წინათ ავსტრალიის ნაკრების მეორეხაზელმა ჯონ ილზმა ველინგტონში ახალი ზელანდიის ნაკრებს მატჩის ბოლო წუთზე საჯარიმო გაუტანა და "ვოლაბებმა" მინიმალური სხვაობით - 24:23 მოიგეს. ილზი მსოფლიო რაგბიში უნიკალური მოვლენა გახლდათ, ის ერთადერთი მეორეხაზელია, რომელიც გუნდის მთავარ დამრტყმელად ითვლეობდა. გადავხედოთ ისტორიას და გავიხსენოთ ყველაზე გახმაურებული ფაქტები, როცა ერთი დარტყმით მატჩის ბედი გადაწყვეტილა ან პირიქით - გამარჯვების შანსი ხელიდან გაუშვიათ.

ჯეკ ფან დერ შიფი
სამხრეთ აფრიკა-ბრიტანელი ლომები 22:23 (იოჰანესბურგი,1955 წელი)
1955 წელს "ბრიტანელ ლომებს" შესანიშნავი გუნდი ჰყავდათ. მგეზავი კლიფ მორგანი და
ცხრა ნომერი ტონი ოლირი "ლომების" ნამდვილი ლიდერები იყვნენ. "ელის პარკზე" სამხრეთ აფრიკასთან მატჩში, რომელსაც 95 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს, ორივემ თითო ლელო გაიტანა. "ბოკეს" გადარჩენა ფულბეკ ჯეკ ფან დერ შიფს შეეძლო. მატჩის ბოლო წამებზე მან სამხრეთაფრიკელთა მიერ გატანილი ლელო ვერ გარდასახა და "ბრიტანელმა ლომებმა" მინიმალური სხვაობით - 23:22 მოიგეს.

მორნი სტეინი
სამხრეთ აფრიკა-ბრიტანელი ლომები 28:25 (პრეტორია, 2009 წელი)
თამაშის ბოლო წუთია. "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში ცვლილებაა. დასისხლიანებული და გაოგნებული რონან ოგარა მოედანს ტოვებს. "ბოკეს" მგეზავი მორნი სტეინი კი საჯარიმოს დასარტყმელად ემზადება. ანგარიში საყაიმოა - 25:25.
ოგარამ სამხრეთაფრიკელთა ცხრა ნომერთან, ფური დუ პრისთან ბრძოლაში თამაშის წესი დაარღვია, თვითონაც დაშავდა და, როგორც მალევე გაირკვა, გუნდიც დააზარალა.
მორნი სტეინს იმ წელიწადს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. მან "ბლუ ბულზის" შემადგენლობაში ზე 14 მოიგო და ეროვნულ ნაკრებშიც სამი ერის გათამაშებაში გაიმარჯვა. აბა, სტეინი რისი სტეინი იქნებოდა, ოგარას მიერ ნაბოძებ საჩუქარზე უარი ეთქვა. მან საჯარიმო გაიტანა და "ბოკეს" გამარჯვება მოუტანა - 28:25.

ჯონი ვილკინსონი
ავსტრალია-ინგლისი 17:20 (სიდნეი, 2003)
ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში დრო უკვე ამოწურული იყო, როცა "პომების" მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა არეკნი დაჰკრა და ინგლისს მსოფლიო თასი მოაპოვებინა. ამით ვილკო ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანის სახელით შევიდა.
ლოტე ტუკირიმ (ავსტრალია) და ჯეისონ რობინსონმა (ინგლისი) თითო ლელო გაცვალეს, თუმცა ეს ლელოები ბოლო გამყინვარებასავით ძველი ჩანდა. "პომების" ცხრა ნომრის მეთ დოუსონის გარღვევა ვილკინსონის ოქროს არეკნით დასრულდა. ამას მისი თვრამეტთვიანი უიღბლობის პერიოდი მოჰყვა. ტრავმების გამო ჯონის ბევრი გაუცდა და ამჟამად ძველებურად ეფექტური ვერ არის. მის ბიოგრაფიაში მთავარი მაინც სიდნეია.

ჯორდან კრენი
კარდიფ ბლუზი-ლესტერ ტაიგერზი 26:26 (კარდიფი, 2009 წელი. ლესტერმა მატჩისშემდგომი არეკნებით მოიგო - 7:6)
"ჰეინეკენის თასის" ნახევარფინალში ნამდვილი სარაგბო დრამა გათამაშდა. კარდიფელები12:26-ს აგებდნენ და მატჩის ძირითადი დროის ფრედ დამთავრება მოახერხეს. გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა და გუნდებმა არეკნები დაარტყეს. ჯიმი რობერტსმა ლესტერელები 7:6 დააწინაურა და კარდიფელი ჯორდან კრენის ჯერი დადგა. უელსელმა ვერ გაიტანა და ფინალში გზა "ლესტერ ტაიგერზმა" გაიკვლია.

სტივენ ლერჰემი
ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა (თვიქნემი, 1999 წელი)
1999 წლის მსოფლიო თასზე "ვოლაბებს" უმძიმესი ბრძოლა გადახდათ მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან. მატჩის შედეგმა, ცხადია, "ბოკეს" ქომაგები დაამწუხრა. ავსტრალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში სტივენ ლერჰემის ბრწყინვალე ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით გავიდა.
მატჩის ბოლო წუთი მიმდინარეობდა, სამხრეთ აფრიკა ექვს ქულას აგებდა და "ვოლაბების" ლელოს მიეძალნენ. ლერჰემმა ბურთი მოიხელთა და სანამ ფეხით აუტში მოიგერიებდა, თითქმის ნახევარი მოედნის დრიბლინგით გავლამ მოუწია.

მეთ გიტო
შოტლანდია-ავსტრალია 9:8 (ედინბურგი, 2009)
შოტლანდიელთა ინგლისელი თავკცისთვის, ენდი რობინსონისთვის 2009 წლის ნოემბრის ტესტებისას ავსტრალიის ნაკრებთან გამარჯვება ყოველთვის ტკბილად მოსაგონარი იქნება. ამას რობინსონი "ვოლაბების" მგეზავ მეთ გიტოს უნდა უმადლოდეს.
შოტლანდიის ნაკრები 75-ე წუთზე 9:3 დაწინაურდა. ხუთი წუთის შემდეგ, როცა მატჩისთვის განკუთვნილი დრო, ფაქტობრივად, ამოწურული იყო, ავსტრალიელმა რაიან კროსმა ლელო გაიტანა. "მერიფილდზე" შოტლანდიელი ქომაგი გიტოს გარდასხვის მოლოდინში გაირინდა. ავსტრალიელს მანამდე ორი საჯარიმო ჰქონდა გაცუდებული... გიტომ ამჯერადაც ვერ იყოჩაღა და შოტლანდიამ მეტოქე 27-წლიანი წაგებების სერიის შემდეგ პირველად დაამარცხა.

გევინ ჰენსონი
უელსი-ინგლისი 11:9 (კარდიფი, 2005)
ფეხებგაპარსული, გაწეწილთმიანი გევინ ჰენსონი 2005 წლის ექვსი ერის გათამაშების პირველი მატჩის გმირი გახდა. მისი ფეხჩუბინობის წყალობით უელსის ნაკრებმა "პომები" დაამარცხა -11:9.
75-ე წუთისთვის ინგლისელები მინიმალური სხვაობით იგებდნენ. ჩარლი ჰოჯსონმა სამი საჯრიმო გაიტანა, რაზეც სტივენ ჯოუნზმა ლელოთი უპასუხა, შეინ ვილიამსმა კი ერთი საჯარიმო მიუმატა. საჯარიმო ინგლისელთა კარიდან 48 მეტრის დაშორებით დაინიშნა. ჰენსონი თამამად მივიდა ბურთთან, გაასწორა, დაარტყა და გაიტანა.
უელსი მთელი ღამე ზეიმობდა, ისე, როგორც ეს უელსური რაგბის ოქროს ხანაში ხდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული