საწვრთნელ ბანაკში იმყოფება ნაკრების ყოფილი კაპიტანი სტივენ ბორტვიკიც. ჯონსონმა მას ნაკრების კარი გაუღო და ეროვნულ გუნდში დაბრუნების შანსი მისცა.
შეგახსენებთ, რომ ბორტვიკმა ჯონსონის ხელმძღვანელობით "პომებს" 20 მატჩში უკაპიტნა. ერთი თვის წინ ინგლისელთა თავკაცმა იმ 32 მორაგბის სია გამოაცხადა, ვისაც 2011 წლის მსოფლიო თასზე ნაკრების შემადგენლობაში მოიაზრებდა. ბორტვიკისთვის ადგილი ამ
აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტანს ტრავმის გამო გაუცდა ივნისის ტესტები, რომელზეც "პომებმა" წარმატებით იასპარეზეს. ინგლისელებმა სიდნეიში ავსტრალიის ნაკრები დაამარცხეს. ჯონსონმა გადაწყვიტა, რომ გუნდს ხელს ჭირვეული კაპიტანი უშლის და სამკლავური ლუის მუდის გადასცა.
"მე ვერაფრით ვანდობ გუნდის კაპიტნობას ადამიანს, რომელიც საშინლად ჭირვეულია. გუნდში საკმაოდ სერიოზული კონკურენციაა და მისი შემცვლელის მოძებნა ძნელი არ არის.
ბიჭებს მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებთ, რა გავაკეთოთ, რათა მსოფლიო თასს რაც შეიძლება კარგ ფორმაში შევხვდეთ. ისინი ძალიან მონდომებულნი, მოტივირებულნი არიან.
ბორტვიკთან არცთუ სასიამოვნო საუბარი მქონდა, თუმცა ჩვენმა დიალოგმა გარკვეული პოზიტივი დამანახა. ბორტვიკმა პირდაპირ მითხრა, დაგიმტკიცებთ, რომ უსამართლოდ მექცევითო. ძალიან კარგი. სტივენს არ უწუწუნია, არ უხვნეშია დანანებით. ის მზადაა, იბრძოლოს, ივარჯიშოს და დაამტკიცოს, რომ ნაკრებში თამაშის და კაპიტნობის ღირსია. ჩვენც ეს გვინდა.
მე ვუთხარი ბიჭებს, რომ ეროვნულ გუნდში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. საკმარისია, ვინმემ A ნაკრებში თავი გამოიჩინოს, დამანახოს, რომ მის პოზიციაზე ეგრეთ წოდებულ პირველ ნომერს სჯობია და წამითაც არ დავფიქრდები, ისე ავიყვან ძირითად გუნდში. ყველაფერი მხოლოდ მათ მონდომებაზეა დამოკიდებული. ბორტვიკმაც იცის, რომ მისთვის ნაკრების კარი დაკეტილი არაა " - თქვა მარტინ ჯონსონმა.
ივნისის ტესტებისას ავსტრალიასთან გამარჯვებამ "პომების" თავკაცს იმედი ჩაუსახა, რომ მსოფლიო თასზე პირველობისთვის ბრძოლა შეიძლება. ინგლისის ნაკრები მსოფლიო თასის პირველ შეხვედრას ქრაისთჩერჩში 2011 წლის 10 სექტემბერს გამართავს არგენტინის ნაკრებთან.
მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე "პომები" გაისად სამ ტესტს გამართავენ. 6 აგვისტოს უელსის ნაკრებს უმასპინძლებენ, კვირის თავზე კი იქით ესტუმრებიან. ბოლო საკონტროლო მატჩს ჯონსონის სამწყსო 27 აგვისტოს დუბლინში, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მანამდე კი, ნოემბერში ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამოასა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს უმასპინძლებენ.
ჯონსონი ირწმუნება, რომ მისი გუნდი, ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრებისგან განსხვავებით, დაღლილობისგან დატანჯულს არ დაემსგავსება:
"მართალია, დასვენებისთვის დრო ცოტა გვექნება, მაგრამ ვეცდებით, თუნდაც მცირედი შანსი რაციონალურად გამოვიყენოთ. სეზონის განმავლობაშიც საკმაოდ ბევრი კვირაა ისეთი, მორაგბეებს თამაში რომ არ უწევთ. ერთი სიტყვით, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა მსოფლიო თასისთვის მოთამაშეები სათანადო ფიზიკურ კონდიციებში იყვნენ. თუ შევამჩნევთ, რომ მორაგბე გადაღლილია, ცხადია, ის არ ითამაშებს. ითამაშებს ის, ვინც იმ დროსითვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
მორაგბეების განწყობა ძალიან მომწონს. ჩვენ მუდმივად იმაზე ვფიქრობთ, ვსაუბრობთ, როგორ მივაღწიოთ პროგრესს თამაშში. ფანტასტიკური, საქმიანი ატმოსფეროა და იმედი მაქვს, ახალ ზელანდიაში წარმატებას მივაღწევთ"- თქვა პომების თავკაცმა.