ცენტრალური ბრძოლა ქარის თასზე

AutoSharing Option
ტურის მატჩი: ვესტერნ პროვანსი - ბლუ ბულზი

ქარის თასის წლევანდელ გათამაშებაში ყველაზე საინტერესო დაპირისპირება, სავარაუდოდ, სწორედ მე-6 ტურში შედგება. ხვალ კეიპტაუნში, "ნიულენდზე" აქამდე დაუმარცხებელი "ვესტერნ პროვანსი" შარშანდელ ჩემპიონს, პრეტორიის "ბლუ ბულზს" უმასპინძლებს.
მე-5 ტურში "დასავლელებმა" სტუმრად ამბიციური "გრიკასი" გაანადგურეს - 50:3, მაშინ, როცა "ბლუ ბულზი" გაჭირვებით იგერიებდა აუტსაიდერ "ლეოპარდსის" იერიშებს - 43:38. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ "ვესტერნ პროვანსს" ჯერ არ წაუგია, ხოლო პრეტორიელები უკვე ორჯერ დამარცხდნენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამარჯვება გალიდერებულ მასპინძლებს უნდა დარჩეთ.
თუმცა ასე არ ფიქრობს "ბლუ ბულზის" თავკაცი
ფრენს ლუდეკი. ბოლო წლების სტატისტიკას თუ თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ბოლო 12 შეხვედრაში რვაჯერ გამარჯვება პრეტორიელებს დარჩათ. "ვესტერნ პროვანსმა"მეტოქეს ბოლოს "ნიულენდზე" 2006 წელს მოუგო. შარშან კი "ბლუ ბულზთან" ორი ქულით -19:21 დამაარცხდა.

ლუდეკმა "ვესტერნ პროვანსთან" მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად გადაახალისა. სამხრეთ აფრიკის ნაკრების ბანაკიდან დაბრუნდნენ ფულბეკი ზან კირშნერი და მესამეხაზელი დიუვალ პოთხიტერი, რომლებიც მწვრთნელმა პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.

პირველ ხაზში ჩილიბოი რელეპელეს ნაცვლად ტრავმამოშუშებული ვერნერ კრუხერი ითამაშებს. პირველად გამოჩნდებიან "ლურჯი ხარების" შემადგენლობაში ვერნერ სტენკამპი და დერეკ კუნი. სათადარიგოთა შორის იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პრეტორიელი იაკო ფან დერ ვესტჰოიზენი. უკანა ხაზში აღსანიშნავია გარემარბ ჯონ მამეცას დაბრუნება. ის გერხარდ ფან დერ ევერთან ერთად გარემარბთა საკმაოდ მრისხანე დუეტს შექმნის.

"დღესდღეობით ჩვენი გუნდის ეს შემადგენლობა საუკეთესოა. ვიცით, რომ შერკინებაში მძიმე ბრძოლა გველის. ამიტომ მორკინალთა უმრავლესობა შევცვალეთ და დასვენებულ, ჯან-ღონით სავსე მოთამაშეებს ვენდობით" - თქვა ლუდეკმა.

"ვესტერნ პროვანსის" შემადგენლობაში მყვირალა გვარები ნაკლებადაა, თუმცა წლეულს უკეთ შეკრული, მწყობრად მოთამაშე გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული "დასავლელთა" მგეზავის ვილემ დე ფაალის უნარიან თამაშსა და ფეხჩუბინობაზე. პრეტორიელებს, სავარაუდოდ, ბევრ პრობლემას შეუქმნიან ფულბეკი კონრად იანტისი და მესამეხაზელი დუეინ ვერმულენი.

პლანეტრაგბი-ს პროგნოზით, "ვესტერნ პროვანსი" მინიმუმ 11 ქულით მოიგებს.
 
საპლეიოფი ოთხეულში მოხვედრისთვის ბრძოლაში, ფაქტობრივად, ბოლო შანსი ეძლევა იოჰანესბურგის "ლაიონზს", რომელმაც წინა ტურში ტუმრად წააგო "ნატალ შარქსთან" -19:48 და მოწინავე ოთხეულს საგრძნობლად ჩამორჩა.

"ლომები" მე-6 ტურში უმასპინძლებენ ბლუმფონტეინის "ჩიტაზს", რომელიც ამჟამად 14 ქულით მე-5 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან "გრიკასს" ერთი ქულით ჩამორჩება. აქედან გამომდინარე, თამაში საკმაოდ დაძაბული იქნება. შეიძლება ითქვას, რომ გუნდები ზედმეტად ფრთხილ, რაციონალურ ტაქტიკას აირჩევენ, რაც, ადვილი შესაძლებელია, სანახავად უინტერესო გამოდგეს.

მასპინძელთა გუნდის მოთამაშე მწვრთნელმა კარლოს სპენსერმა ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დატოვა. სათადარიგოები კი მთლიანად შეცვალა. "ჩიტაზთან" მატჩში მარქაფად შვიდი ახალი მოთამაშე ეყოლება.

პლანეტრაგბი-ს მიაჩნია, რომ უმძიმესი ბრძოლა გაიმართება. მოგება "ლაიონზსაც" შეუძლია, მაგრამ მინიმუმ ხუთი ქულით მაინც "ჩიტაზი" გაიმარჯვებს.

დურბანის "ნატალ შარქსი" სტუმრად აუტსაიდერ "ლეოპარდსს" ეთამაშება და, სავარაუდოდ, გამარჯვებასთან ერთად ერთ საპრემიო ქულის აღებასაც შეძლებს. გამორიცხული არ არის, "ზვიგენები" მე-6 ტურის შემდეგ გალიდერდნენ კიდეც. ეს იმ შემთხვევაში, თუ "ვესტერნ პროვანსი" შინ წააგებს "ბლუ ბულზთან", რაც სენსაცია სულაც არ იქნება.

"ლეოპარდსმა" წინა ტურში დიდი ბრძოლა გაუმართა "ბლუ ბულზს" "ლოფტუს ვერსფილდზე". თუ მასპინძლებმა იგივეს გამეორება შეძლეს, დურბანელებს მათი დამარცხება ძალიან გაუჭირდებათ.

"ნატალ შარქსის" შემადგენლობაში ისევ გამოჩნდა ცხრა ნომერი რორი კოქოთი, რომელიც ამომავალ ვარსკვლავს, მგეზავ პატრიკ ლამბიეს შეუწყვილდება. სათადარიგოთა შორის არიან "ბოკეს" პირველხაზელები ტენდაი მთავარირა და ბისმარკ დუ პლესი.

"ჩვენ სტაბილურობა გვაკლია, თუმცა, ცხადია, ამის ობიექტური მიზეზი არსებობს. სხვადასხვა პრობლემის გამო ერთი და იგივე შემადგენლობის გამოყვანა ვერც ერთ შეხვეედრაში შევძელით. ასეა ახლაც, ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშის გამოცვლა მოგვიხდა. ეს გუნდის თამაშს სერიოზულად აზარალებს. თუმცა გადამწყვეტ მომენტებში მობილიზებას ვახერხებთ და შედეგსაც ვაღწევთ." - თქვა "ნატალ შარქსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯონ პლამტრიმ.

პლანეტრაგბი-ს პროგნოზით, "ნატალ შარქსი" მინიმუმ ათი ქულით მოიგებს.

პლეი ოფში მოხვედრის კიდევ ერთი კანდიდატ - "გრიკასი" ერთ-ერთ აუსტაიდერს "პუმასს" მასპინძლობს. ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობის გამოცნობა ძნელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ "პუმასმა" მე-5 ტურში შინ "ჩიტაზს" დიდი ბრძოლა გაუმართა, ვფიქრობთ, გრიკასელებთან უშანსოდ არიან.

პლანეტრაგბი-ს პროგნიზით, მასპინძლები მინიმუმ 15 ქულით მოიგებენ.

სატურნირო მდგომარეობა
1. ვესტერნ პროვანსი - 23 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 21, 3. ბლუ ბულზი - 16, 4. გრიკასი - 15, 5. ჩიტაზი - 14, 6. ლაიონზი - 6, 7. პუმასი - 5, 8. ლეოპარდსი - 4

VI ტური

13 აგვისტო
გრიკასი-პუმასი
ლეოპარდსი-ნატალ შარქსი

14 აგვისტო
ვესტერნ პროვანსი-ბლუ ბულზი
ლაიონზი-ჩიტაზი



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული