ვესტერნ პროვანსი ისევ დაუმარცხებელია

AutoSharing Option
"ქარის თასის" გათამაშების პირველი წრის დასრულებამდ ერთი ტურით ადრე სატურნირო ცხრილს სათავეში დაუმარცხებლად უდგას კეიპტაუნის "ვესტერნ პროვანსი". მას ფეხდაფეხ მიჰყვება დურბანის "ნატალ შარქსი", რომელიც ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება.

"დასავლელებს" მე-6 ტურში შინ უმძიმესი ბრძოლა გადახდათ "ქარის თასის" შარშანდელ გამარჯვებულ პრეტორიის "ბლუ ბულზთან". კეიპტაუნელებმა შეხვედრა მაქსიმალური მობილიზებით, ჩაატარეს და შეცდომების მინიმალური რაოდენობის წყალობით მრისხანე მეტოქე 15:12 დაამარცხეს.

მასპინძლებმა "ბლუ ბულზზე" ერთით მეტი საჯარიმო გაიტანეს. "დასავლელთა" მგეზავმა ვილემ დე ფაალმა მეტოქის კარის ძელებს შორის ბურთი საჯარიმოდან ხუთჯერ გაატარა. იგივეს გაკეთება "ბლუ ბულზის"
დამრტყმელმა იაკო პოთხიტერმა მხოლოდ ოთხჯერ შეძლო.
თამაში სანახაობრივად დიდი ვერაფერი გამოვიდა. გუნდები ზედმეტად ფრთხილობდნენ და ძირითადად ტაქტიკური მონახაზების ზედმიწევნით ზუსტად შესრულებით იყვნენ დაკავებული. შემოქმედება, იმპროვიზაცია არსად ჩანდა. ეს გასაგებიცაა, რადგან მატჩს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

"ვესტერნ პროვანსმა" ამ გამარჯვებით ლიდერობა შეინარჩუნა. "ბლუ ბულზი" კი 17 ქულით მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა. მას სამი ქულით გაუსწრო "გრიკასმა", რომელსაც პრეტორიელები მომდევნო, პირველი წრის ბოლო, მეშვიდე ტურში შინ ეთამაშებიან.
"გრიკასმა" მე-6 ტურში შინ ბოლოსწინა ადგილზე მყოფი "პუმასი" დაამარცხა - 58:28. მაყურებელმა მშვენიერი რაგბი და უჩვეულოდ ბევრი, თერთმეტი ლელო იხილა. გრიკასელებმა მეტოქეს რვა ლელო გაუტანეს, აქედან ორ-ორი ცხრა ნომერ სარელ პრეტორიუსისა და ფულბეკ რიან ვილჯოენის ანგარიშზეა. ბრწყინვალედ გაისარჯა მგეზავი პეტრუს იგნატიუს ულიფიე, რომელმაც ექვსი საჯარიმო და ორი გარდასხვა მიითვალა (22 ქულა).

დურბანის "ნატალ შარქსმა", როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრად გაანადგურა აუტსაიდერი "ლეოპარდსი" - 51:6. დურბანელებმა მასპინძლებს შვიდი ლელო გაუტანეს. აქედან ორი შუამარბმა სტივენ ტერბლანჩმა მიითვალა.

გარდასახვებსა და საჯარიმოებს თავიდან ახალგაზრდა მგეზავი პატრიკ ლამბიე ურტყამდა (3 გარდასახვა, ორი საჯარიმო), მაგრამ მერე რამდენიმე დარტყმა გაუცუდდა და ეს მისია ცხრა ნომერმა რორი კოქოთმა ითავა (ერთი გარდასახვა, ორი საჯარიმო). მის ანგარიშზე ერთი ლელოცაა.

"ნატალ შარქსს" უძნელესი გამოცდა მომდევნო ტურში ელის, როცა დურბანში გათამაშების ლიდერ "ვესტერნ პროვანსს" დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში "ზვიგენები" პირველ წრეს პირველ ადგილზე დაასრულებენ.

დრამატულად განვითარდა მოვლენები იოჰანესბურგში ადგილობრივი "ლაიონზისა" და ბლუმფონტეინის "ჩიტაზის" დაპირისპირებაში. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 13:9 მოიგეს. თუმცა მერე, შესვენების შემდეგ სტუმრები მძლავრად ამოქმედდნენ და 68- ე წუთისთვის ათი ქულით - 26:16 დაწინაურდნენ.

ეს ანგარიში 75-ე წუთამდე შენარჩუნდა. ამ დროს ლაიონზელთა მგეზავმა ენტონ იანტისმა იყოჩაღა და მასპინძელთა მრავალფაზიანი შეტევა მარჯვენა ფრთაზე, კიდესთან ახლოს ლელოთი დაასრულა. გარდასახვა ძალზე არახელსაყრელი პოზიციიდანაც თვითონვე გაიტანა - 23:26.
"ჩიტაზმა" თამაში მოედნის ცენტრიდან დაიწყო. "ლომებმა" ცენტრთან ახლოს რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს. მერე ჯვარედინი კომბინაცია გაითამაშეს, შუამარბმა მაიკლ მურეიმ მეტოქის ხაზი გაჭრა, ბურთი ფეხით სტუმართა ლელოსკენ გადაკიდა, თვითონვე მიჰყვა, მაგრამ ოვალური ბურთი ისე დაეცა და ახტა, რომ მურეიმ გვერდით ჩაურბინა. მასპინძელთა საბედნიეროდ, მურეის თანაგუნდელი, შეცვლაზე შესული ფულბეკი ჯენი ბიშოფი მიჰყვებიდა. ბურთი მისი ნადავლი გახდა, არეულობით ისარგებლა და გამარჯვების ლელოც გაიტანა. იანტისმა გარდასხვა ზუსტად დაარტყა - 30:26.

VI ტური
გრიკასი-პუმასი 58:25, ლეოპარდსი-ნატალ შარქსი 6:51, ვესტერნ პროვანსი-ბლუ ბულზი 15:12, ლაიონზი-ჩიტაზი 30:26.

სატურნირო მდგომარეობა
1. ვესტერნ პროვანსი - 27 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 26, 3. გრიკასი - 20, 4. ბლუ ბულზი - 17, 5. ჩიტაზი - 15, 6. ლაიონზი - 10, 7. პუმასი - 5, 8. ლეოპარდსი - 4

VII ტური
ბლუ ბულზი-გრიკასი, პუმასი-ლაიონზი, ჩიტაზი-ლეოპარდსი, ნატალ შარქსი-ვესტერნ პროვანსი





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული