ძნელია, ამათ გულგრილად უყურო

AutoSharing Option
ხვალ ინგლისში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩები გაიმართება. შეჯიბრებაში, რომელიც 5 სექტემბერს დამთავრდება, 12 გუნდი იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ქალთა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი 1991 წელს უელსში ჩატარდა. ინგლისი ოვალური ბურთის თამაშით გატაცებული სუსტი სქესის წარმომადგენლების მეხუთე პაექრობას მასპინძლობს. დღემდე ახალზელანდიელ ქალებს კონკურენციას ვერავინ უწევს. ისინი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის ოთხგზის მფლობელები არიან.

მე-5 მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის ყველა მატჩი გილდფორდში, "სარეი სპორტს პარკზე" გაიმართება. ნახევარფინალებსა და ფინალს კი "თვიქნემი" უმასპინძლებს.

ახალზელანდიელებთან ერთად ტურნირის ფავორიტად ცხადია მასპინძელთა გუნდიც მიიჩნევა. მთავარი მწვრთნელის გარი სტრიტის
ხელმძღვანელობით გუნდმა ველინგტონის კოლეჯში საკმაოდ ნაყოფიერი საწვრთნელი შეკრება გამართა და საბრძოლველად მზადაა.
"ახალი ზელანდიიდან ორი დღის წინ დავბრუნდით. ძალიან გვიხარია, რომ გილდფორდის მშვენიერ სპორტულ კომპლექსში ვიმყოფებით. ყველა გუნდი ერთად ცხოვრობს, რაც ძალიან კარგია. უკვე შევხვდით რამდენიმე გუნდის მორაგბეებს, გავიცანით, მომავალ ბატალიებზე ვისაუბრეთ. ნელ-ნელა შეჯიბრებაც გახურდება და ვფიქრობ, საინტერესო ორი კვირა გველის.

ჯგუფურ ტურნირზე პირველი თამაში ირლანდიის ნაკრებთან გვაქვს და ყველაფერს ვიღონებთ, რათა მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით დავიწყოთ" - თქვა ინგლსის ნაკრების კაპიტანმა ქეთრინ სპენსერმა.

ინგლისელი კოლეგის განწყობას იზიარებს უმთავრესი ფავორიტის, ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანი ანი რიჩარდსი:
"ვფიქრობ, საუკეთესო სპორტული კომპლექსია, რაც კი მინახავს. აქაურობა 1991 წელს მაგონებს, მაშინაც კარდიფში უნივერსიტეტის სპორტულ ქალაქში ვცხოვრობდით და ვთამაშობდით."- თქვა მან.

"შავი გვიმრების" პირველი მეტოქე სამხრეთ აფრიკის ნაკრებია, რომელსაც ასევე სერიოზული ამბიციები აქვს და გამორიცხული არ არის, ბევრი სიურპრიზებიც შემოგვთავაზოს.

კიდევ ერთი ფავორიტია ავსტრალიის ნაკრები, რომლის ლიდერია "ვოლაბების" მგეზავ მეთ გიტოს უფროსი და კრისტი. ის მზადაა, გუნდთან ერთად ოქროს მედლებისთვის იბრძოლოს. შეგახსენებთ, რომ კრისტი ადრე რაგბი ლიგის ნაკრებში თამაშობდა, კიდევ უფრო ადრეულ პერიდში კი ავსტრალიის გოგონათა საკალათბურთო ნაკრებს კაპიტნობდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ მარტო მორაგბეები როდი ნერვიულობენ. ტურნირის დირექტორი ფილიპ ბურდარიასი მღელვარებას ვერ მალავას:
"ირბ ორი წელი საქმიანობდა ამ ტურნირის ორგანიზებისთვის. როგორც იქნა, ჩემპიონატის დაწყების დროც დადგა. მოუთმენლად ველით პირველ შეხვედრებს და იმედი გვაქვს, რომ ქალები თავიანთი ოსტატობითაც არ დაგვტოვებენ გულგრილს".

მსოფლიოს ჩემპიონატი. ქალები
ა ჯგუფი: ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, უელსი
ბ ჯგუფი: ირლანდია, ყაზახეთი, ინგლისი, აშშ
ც ჯგუფი: კანადა, საფრანგეთი, შოტლანდია, შვედეთი

20 აგვისტო
უელსი-ავსტრალია, ახალი ზელანდია-სამხრეთ აფრიკა, აშშ-ყაზახეთი, ინგლისი-ირლანდია, კანადა-შოტლანდია, საფრანგეთი-შვედეთი

24 აგვისტო
უელსი-სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია-ავსტრალია, აშშ-ირლანდია, ინგლისი-ყაზახეთი, საფრანგეთი-შოტლანდია, კანადა-შვედეთი

28 აგვისტო
ახალი ზელანდია-უელსი, ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა, ირლანდია-ყაზახეთი, ინგლისი-აშშ, შოტლანდია-შვედეთი, საფრანგეთი-კანადა.

1 სექტემბერი
ნახევარფინალი

5 სექტემბერი
ფინალი



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული