პირველი წრე დურბანელებმა მოიგეს

AutoSharing Option
ქარის თასის გათამაშების პირველი წრე დურბანის "ნატალ შარქსმა" მოიგო. დურბანელებმა მე-7 ტურში შინ პირველი მარცხი აგემეს "ვესტერნ პროვანსს" - 27:16.

პროვანსელებმა მასპინძლებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს და მინიმალური სხვაობით დაწინაურდნენ - 9:8. "ზვიგენების" გარემარბ ოდოვა ნდუნგანეს ლელოსა და მგეზავ პატრიკ ლამბიეს საჯარიმოს "დასავლელთა" მგეზავმა ვილიემ დე ფაალმა სამი საჯარიმოთი უპასუხა.

მასპინძლები მეორე ტაიმში საგრძნობლად გააქტიურდნენ, შერკინება უფრო მძლავრად ამოქმედდა და უპირატესობას დაეუფლნენ. 46-ე წუთზე მესამეხაზელმა რაიან კანკოვსკიმ სტუმრებს ლელო გაუტანა, რომელიც ლამბიემ გარდასახა. მანვე კიდევ ოთხი საჯარიმო მიითვალა და
თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე "ზვიგენები" 27:9-ს იგებდნენ.

ბოლო წუთზე "დასავლელების" შეცვლაზე შესულმა შერკინების ბურჯმა ნიკ კოსტერმა პრესტიჟის ლელო გაიტანა - 16:27.

მომდევნო ტურში "ნატალ შარქსი" შინ მესამეადგილოსან "გრიკასს" ეთამაშება, რომელმაც პირველი წრის ბოლო ტურში სტუმრად, პრეტორიაში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართა ჩემპიონ "ბლუ ბულზს" და მინიმალური სხვაობით წააგო - 38:39.

პირველი ტაიმი გრიკასელებმა 27:14 მოიგეს. ანგარიში მე-3 წუთზე სტუმართა გარემარბმა ბიორნ ბესონმა ლელოთი გახსნა, მანვე მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა.

მეორე ტაიმში პრეტორიელებმა საკუთარი თამაში იპოვეს. მათ 64-ე წუთზე გარემარბ ჯონ მამეცას ორი ლელოსა და მგეზავ იაკო პოთხიტერის ფეხჩუბინიობის წყალობით დაწინაურება შეძლეს - 32:30. ვითარება მოედანზე საგრძნობლად დაიძაბა. თამაშის დასრულებას წუთი აკლდა, "ბლუ ბულზი" 39:33-ს იგებდა. ბესონმა მორიგი, მესამე ლელოს გატანა შეძლო. მგეზავ პეტრუს ულიფიეს სტუმრებისთვის გამარჯვების მოტანა შეეძლო, მაგრამ გარდასახვა ვერ გაიტანა და მასპინძლებს ზეიმი მოუწყო - 38:39.

პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლმა "ჩიტაზმა" ბლუმფონტეინში აუტსაიდერი "ლეოპარდსი" გაანადგურა - 57:0. ჩიტაზელებმა მეტოქეს ცხრა ლელო გაუტანეს, აქედან ორი გარემარბ ფილიპ სნიმანის ანგარიშზეა.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა "პუმასის" საშინაო შეხვედრა "ლაიონზათან". მასპინძლებმა პირველი ტაიმი 22:13 მოიგეს, თუმცა "ლომებმა" თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს და ბოლო წუთზე მგეზავ კევინ ფრენსისის მიერ გატანილი საჯარიმოთი მოიგეს - 33:30.

VII ტური

ბლუ ბულზი-გრიკასი 39:38, პუმასი-ლაიონზი 30:33, ჩიტაზი-ლეოპარდსი 57:0, ნატალ შარქსი-ვესტერნ პროვანსი 27:16

სატურნირო მდგომარეობა

1. ნატალ შარქსი - 30 ქულა, 2. ვესტერნ პროვანსი - 27, 3. გრიკასი - 22, 4. ბლუ ბულზი - 22, 5. ჩიტაზი - 20, 6. ლაიონზი - 15, 7. პუმასი - 7, 8. ლეოპარდსი - 4

VIII ტური

ნატალ შარქსი-გრიკასი, პუმასი-ბლუ ბულზი, ლაიონზი-ლეოპარდსი, ვესტერნ პროვანსი-ჩიტაზი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული