ზვიგენები შურისძიებისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
ქარის თასის გათამაშებაში მეორე წრე იწყება. გათამაშების ლიდერი, დურბანის "ნატალ შარქსი", რომელმაც აქამდე მხოლდ ერთი მატჩი წააგო, პირველივე ტურში მის დამმარცხებელ "გრიკასს" უმასპინძლებს.

"გრიკასი", რომელიც 22 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრა სურს, "ზვიგენებს" უშეღავათო ბრძოლას ჰპირდება, თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ სტუმრები შვიდზე ნაკლები ქულით წაგებითაც, ანუ ერთი საპრემიო ქულის მოპოვებითაც კმაყოფილნი უნდა დარჩნენ. ადვილი შესაძლებელია, ამ ერთმა ქულამ მათ დიდი სამსახური გაუწიოს.

"ნატალ შარქსი" კი გატანილი ლელოების მიხედვითაც საუკეთესოა. "ზვიგენების" ანგარიშზე 31 ლელოა, "გრიკასმა" 26
გაიტანა.
დურბანელებს ტრავმის გამო დააკლდებიან ფულბეკი ლუი ლუდეკი, რომლის ნაცვლად ითამაშებს მონტი დეიმონდი; სამხრეთ აფრიკის ნაკრებში იხმეს მესამეხაზელი რაიან კანკოვსკი, მის ადგილს ჟაკ ბოთა დაიკავებს.

"ნატალ შარქსის" ქომაგებისთვის სასიხარულო ამბავია ტრავმირებული შუმარბის ანდრიას შტრაუსის დაბრუნება. საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ კვლავ მწყობრშია სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი ცხრა ნომერი ანდრე პრეტორიუსი.

პლანეტრაგბი-ს პროგნოზით, "ნატალ შარქსის" დამარცხება მის მოედანზე შეუძლებელია და "გრიკასს" მინიმუმ 12 ქულით მოუგებს.
ერთი წაგებაა აქვს მიმდინარე გათამაშებაში "ვესტერნ პროვანსსაც", რომელიც მე-8 ტურის მატჩში პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლ "ჩიტაზს" მასპინძლობს.

"დასავლელებს" ერთადერთი მარცხი "ნატალ შარქსმა" აგემა. იმ შეხვედრაში "ვესტერნ პროვანსს" სამხრეთ აფრიკის ნაკრებში გამოძახებული წამყვანი მოთამაშეები ხიო ეპლონი და ფრანსუა ლავი აკლდნენ. მათ გარეშე "დასავლელთა" უძლეველი გუნდი მხოლოდ თავის თავის აჩრდილი იყო.

ამჯერად ორივე "ვესტერნ პროვანსის" მწვრთნელის ალისტერ კუციას განკარგულებაშია და ძნელი წარმოსადგენია, საკუთარ მოედანზე "ჩიტაზს" რამე დაუთმონ, მით უფრო, რომ სტატისტკური მონაცემები "დასავლელთა" საგრძნობ უპირატესობაზე მეტყველებს.
პლანეტრაგბი ფიქრობს, რომ "ვესტერნ პროვანსი" მინიმუმ ცხრა ქულით მოიგებს.

იოლი გასეირნება ელის სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ "პუმასსთან" პრეტორიის "ბლუ ბულზს", რომელიც მეოთხე ადგილზეა და გათამაშების ლიდერ "ნატალ შარქსს" რვა ქულით ჩამორჩება. "ლურჯი ხარები", სავარაუდოდ, ერთი საპრემიო ქულის აღებასაც მოახერხებენ.

VIII ტური

ნატალ შარქსი-გრიკასი, პუმასი-ბლუ ბულზი, ლაიონზი-ლეოპარდსი, ვესტერნ პროვანსი-ჩიტაზი


სატურნირო მდგომარეობა

1. ნატალ შარქსი - 30 ქულა, 2. ვესტერნ პროვანსი - 27, 3. გრიკასი - 22, 4. ბლუ ბულზი - 22, 5. ჩიტაზი - 20, 6. ლაიონზი - 15, 7. პუმასი - 7, 8. ლეოპარდსი - 4
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული