ქარის თასი. მეათე ტური გარდამტეხი იქნება

AutoSharing Option
ქარის თასის გათამაშების მეათე ტურის ოთხი მატჩიდან განსაკუთრებულ ინტერესს ორი იწვევს, სადაც პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები ერთმანეთს ხვდებიან. შარშანდელი ჩემპიონი, პრეტორიის "ბლუ ბულზი" სტუმრად, ბლუმფონტეინში მოსინჯავს ძალებს "ჩიტაზთან". ამ გუნდებს "ვესტერნ პროვანსთან" ერთად 28-28 ქულა აქვთ და მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. ბლუმფონტეინური მატჩის მნიშვნელობა იმითაც იზრდება, რომ ლიდერ "ნატალ შარქსს" და დასავლელებს აუტსაიდერებთან უწევთ თამაში და, სავარაუდოდ, მოგება არ გაუჭირდებათ.

"ბლუ ბულზს" დაუბრუნდა ნაკრების ცხრა ნომერი ფრანსუა ჰაუგარი. წესით, შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო "ბოკეს" შუამარბი ვინანდ ულიფიე, მაგრამ სამი ერის
მომქანცველი მატჩების შემდეგ მან დასვენება ითხოვა. დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურა მეორეხაზელ ბაკის ბოთას, თუმცა პრეტორიელთა თავკაცმა ფრენკ ლუდეკმა მისი განაცხადში შეყვანისგან ამჯერად თავი შეიკავა.
მეორე ხაზში არ ითამაშებს კიდევ ერთი "ბოკე" - დენი როსუ. მის ადგილს ფილ ფან დერ მერვე დაიკავებს. პირველი ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს შერკინების კვაჭი ჩილიბოი რელეპელე.

planetrugby-ს მიაჩნია, რომ თამაში უშეღავათო იქნება. პრეტორიაში უპირატესობა "ბლუ ბულზს" ექნებოდა, რასაც ვერაფრით ვიტყვით ბლუმფონტეინზე. თუმცა, "ლურჯი ხარების" შემადგენლობა უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება და, სავარაუდოდ, მინიმუმ სამი ქულით მოიგებენ.

მეხუთეადგილოსანი "ლაიონზი" შინ ეთამაშება "გრიკასს", რომელსაც ერთი ქულით ნაკლები აქვს და მეექვსე ადგილზეა. "ლომების" მწვრთნელ ჯონ მიტჩელს იმედი აქვს, რომ მისი ახალგაზრდული გუნდი "ვესტერნ პროვანსის" დამარცხების შემდეგ არ მოდუნდება.
"ეს უქმეები ჩვენთვის შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს. გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფში მოხვედრის შანსი მნიშვნელოვნად გვეზრდება. "გრიკასთან" უმძიმესი ბრძოლა გველის, რადგან ისინიც მსაგავს სიტუაციაში არიან", - თქვა მან.

planetrugby-ს აზრით, "ლაიონზი" მაინც უკეთესი გუნდია და საკუთარ მოედანზე, წესით, მინიმუმ ხუთი ქულით უნდა მოიგოს.

X ტური

პუმასი-ნატალ შარქსი, ვესტერნ პროვანსი-ლეოპარდსი, ჩიტაზი-ბლუ ბულზი, ლაიონზი-გრიკასი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ნატალ შარქსი - 36 ქულა, 2. ვესტერნ პროვანსი - 28, 3. ჩიტაზი - 28, 4. ბლუ ბულზი - 28, 5. ლაიონზი - 25, 6. გრიკასი - 24, 7. პუმასი - 17, 8. ლეოპარდსი - 5.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული