ორგანიზატორები ფიქრობდნენ, თამაში ევროპის რომელიმე ქალაქში ჩაეტარებინათ, მაგრამ ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის რაგბის კავშირებმა ჰონკონგში თამაში დაჟინებით მოითხოვეს.
"ჩვენ მომხრე ვართ, რომ ეს ერთ-ერთი ლეგენდარული შეხვედრა აზიაში, კერძოდ, ჰონკონგში გაიმართოს, სადაც გუნდებს ყველანაირი პირბა ექმნებათ
თანაც, მომავალი ტურნე ძალიან მნიშვნელოვანია ორივე გუნდისთვის. ახლოვდება მსოფლიოს თასი, გუნდები გამალებით ემზადებიან. დარწმუნებული ვარ, "ოლ ბლექსი" ყველაფერს გააკეთებს, რომ სამი ერის წლევანდელი გათამაშების შემდეგ ტრიუმფალური სვლა განაგრძოს", - თქვა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სტივ ტიუმ.
ბლედისლოუს თასი წლეულს ახალი ზელანდიისაა. "ოლ ბლექსმა" სამი ერის გათამაშებაში "ვოლაბებს" სამივე თამაში მოუგო, თუმცა ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტ ჯონ ონილს იმედი აქვს, რომ მისი ქვეყნის ნაკრები ახალ ზელანდიასთან წაგებათა ათმატჩიანი სერიის შეწყვეტას შეძლებს.
"სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში ორივე გუნდმა უმაღლესი ხარისხის თამაში აჩვენა. ორივე მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ბოლო შეხვედრა ავსტრალიამ მინიმალური სხვაობით - 22:23 წააგო, რაც ამ გუნდების კლასში მცირე განსხვავებაზე მეტყველებს.
სამხრეთ ნახევარსფეროში ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის დაპირისპირებას სხვა ეშხი აქვს, ზევით, ჩრდილოეთში, ნეიტრალურ მოედანზე - სულ სხვა. ვფიქრობ, ჰონკონგელი ქომაგი მოუთმენლად ელის მატჩის დღეს და ჩვენც იმედს არ გავუცრუვებთ", - თქვა მან.