რა მოვუხერხოთ ჰაკას? ავსტრალიელები ვცემოთ თუ ზურგი შევაქციოთ?

AutoSharing Option
ნოემბერში ახალი ზელანდიის ნაკრები ევროპაში ტურნეს გამართავს. ამაში ახალი არაფერია. ყოველ წელიწადს სამხრეთელი ბობოლები ევროპაში ტესტებს მართავენ. ასე იქნება ამჯერადაც, მაგრამ ინგლისში, შოტლანდიაში, უელსსა და ირლანდიაში სერიოზულად დაფიქრდნენ, რა მოუხერხონ ჰაკას. როგორ უპასუხონ ან საერთოდ რა მოიმოქმედონ ახალზელანდიელთა საომარი რიტუალისას და დასრულების შემდეგაც.

ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ახლახან ინგლისში დასრულებულ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრალიის რაგბის კავშირი 1 000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. ავსტრალიის ნაკრების მოთამაშეები მეტოქეს, რომელიც ჰაკას ასრულებდა, ძალიან მიუახლოვდნენ, რასაც შესაძლოა სერიოზული ექსცესები მოჰყოლოდა.

ირბ მოითხოვს,
რომ გუნდები "ოლ ბლექსს" ჰაკას შესრულებისას მინიმუმ ათი მეტრით უნდა დასცილდნენ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის რაგბის კავშირის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, თქვა:

"ეროვნული ნაკრებისთვის ფსიქოლოგები დავიქირავეთ, რომლებიც მორაგბეებს მოამზადებენ, რათა ნერვები მოთოკონ, დაიცვან ეტიკეტი და მეტოქის საომარმა ყიჟინამ არ დათრგუნოს."

ირბ მოუწოდებს ახალი ზელანდიის ნაკრების მეტოქეებს, მკაცრად დაიცვან შემდეგი პრინციპები:

"პირველი: რასაც უნდა აკეთებდეთ, მეტოქესთან ათ მეტრზე ახლოს არ მიხვიდეთ. ამ შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს ვერ გადაურჩებით. ჩვენ გვინდა, რომ ეს მართლაც შთამბეჭდავი რიტუალი სტადიონზე მისული ქომაგებისთვის და ტელემაყურებლებისთვის სასიამოვნო სანახავი იყოს.

მეორე: ჰაკას ზურგი არ შეაქციოთ - ეს არასპორტული საქციელია, რაც ასევე დასჯადია. ამასთან, გირჩვეთ ზედმეტად დაჟინებით ნუ მიაცქერდებით, რამაც შესაძლოა, კონფრონტაცია გამოიწვიოს. ნუ გააკეთებთ ისეთ ჟესტებს, რაც ახალზელანდიელთა გაღიზიანებას გამოიწვევს".

ირბ-მ ეს რეკომენდაცია კი გასცა, მაგრამ არ უთქვამს, კონკრეტულად რა ქმედება გამოიწვევს "ოლ ბლექსის" გაღიზიანებას.

"წარმოდგენა არ გვაქვს, რა ვიღონოთ, რომ ახალზელანდიელებს არ ვაწყენონოთ - ამბობს ინგლისის რაგბის კავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი - თავიდან გადავწყვიტეთ, რომ კონსულტაციები გაგვევლო მაორებთან და ახალი ზელანდიის კულტურისა და ისტორიის სპეციალისტებთან, რათა გაგვერკვია, რა მოგვემოქმედა ჰაკას მსვლელობის ან დასრულების შემდეგ. ვერაფერი მოვიფიქრეთ, ამიტომ საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ჰაკაზე პასუხი მხოლოდ კარგი თამაშით უნდა გავცეთ".

განსაკუთრებით შეშფოთებული უელსელები არიან. მათ ორჯერ აიძულეს "ოლ ბლექსი", ჰაკა გასახდელში შეესრულებინათ. თანაც ტელევიზიას საშუალება მისცეს, ის პირდაპირ ეთერში გადაეცა. ასე იმიტომ მოხდა, რომ უელსელებმა სახელმწიფო ჰიმნის შესრულება ჰაკას შემდეგ გადაწყვიტეს, რაზეც ახალზელანდიელები არ დათანხმდნენ. მერე კი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი სწორედ ამ გზით ნახეს.

უელსელების საქციელმა საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია 2008 წელს, მაშინ მათ უკან არ დაიხიეს და ახალზელანდიელებს ზედ ცხვირწინ დაუდგნენ. უელსელთა აგრესიულ პასუხზე "ოლ ბლექსის" შუამარბმა მაა ნონუმ თქვა:

"იმან, რაც უელსელებმა ჩაიდინეს, ძალიან გაგვაოცა. თავი გაჭირვებით შევიკავეთ. ჰაკა საომარი ცეკვაა, თუ ჩვენი წინაპრების წინაშე ასე მოიქცეოდნენ, კარგ პასუხსაც მიიღებდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვომობთ, ჩვენ რაგბის ვთამაშობთ. ამიტომ წინაპრებივით პასუხს ვერ გავცემთ".

ნონუმ მაშინ ვერაფრით ახსნა, რა კავშირია საომარ ცეკვასა და რაგბის თამაშს შორის. ვითარება კიდევ უფრო გაართულა შოტლანდიელი მეცნიერის ენდრიუ რეინესის კვლევამ, რომლის მიზანიც შოტლანდიის რაგბის კავშირისთვის დახმარების გაწევა იყო. მისმა აღმოჩენამ ყველა გააოცა:

"ვვარაუდობდი, რომ ჰაკას ტრადიცია "ოლ ბლექსისთვის" უძველესი და ღრმა შინაარსის მატარებელი იყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახალზელანდიელებმა ყველა საერთაშორისო მატჩზე ჰაკას შესრულება მხოლოდ 1987 წლიდან დაიწყეს. მანამდე კი ამ რიტუალს მხოლოდ გასვლით მატჩებზე ასრულებდნენ და ეფექტის მოხდენა ძირითადად პუბლიკაზე იყო გათვლილი. ევროპულ ტურებში კი ჰაკას საერთოდ არ აკეთებდნენ.

1989 წელს ზოგიერთმა გუნდმა, მაგალითად, ირლანდიამ და უელსმა, ჰაკს ზურგი შეაქციეს ან საკუთარ ოცდაორმეტრიან ზონაში იდგნენ და შორიდან უყურებდნენ. ამ ფაქტს მაშინ არავითარი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია.

ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც კომერციული ინტერესები რაგბიშიც შემოიჭრა, ჰაკამ თავისი, თუ შეიძლება ითქვას, არსობრივი მნიშვნელობა დაკარგა. ეს თუნდაც იმითაც მტკიცდება, რომ სარეკლამო რგოლებში "ოლ ბლექსი" ჰაკას ხშირად იყენებს.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სტუმარს, რომელიც ყოველდღე სადილად თქვენთან დადის და მუდმივად ერთს და იმავე ისტორიას გიყვებათ. თქვენ არ იცით, რა მოიმოქმედოთ: იცინოთ, იყვიროთ, ყურადღება არ მიაქციოთ თუ უბრალოდ უთხრათ, რომ მოკეტოს", - თქვა ენდრიუ რეინესმა.

აღსანიშნავია, რომ ჰაკას მარტო "ოლ ბლექსი" როდი ასრულებს. ახალი ზელანდიის თითქმის ყველა სპორტის სახეობის ნაკრები ამ საომარი ცეკვით იწყებს ასპარეზობას. ათიოდე წლის წინ კალთბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ამას მუშტი-კრივიც მოჰყვა. ახალზელანდიელებმა ჰაკა სერბებთან თამაშის წინ შეასრულეს და გაოგნებულმა სლავებმა, რომლებსაც ამ ცეკვაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ, "კივებს" ჩხუბი აუტეხეს.

ახალი ზელანდიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც ჰაკა არ შეუსრულებია. წლეულს სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო თასზე, ყველასთვის მოულოდნელად, მათ საომარი ცეკვის გარეშე იასპარეზეს და ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც თამაში არ წაუგია. მაშასადამე, წარმატებით თაამში ყოველგვარი რიტუალის გარეშეც შესაძლებელია.

თუმცა ჰაკას აკრძალვა, ვფიქრობთ, ძალიან დიდი შეცდომა იქნება, რადგან ის რაგბის ერთ-ერთი განუყოფელი ატრიბუტი გახდა. უამისოდ "ოლ ბლექსი" "ოლ ბლექსი" აღარ იქნება. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ახალი ზელანდიის ნაკრების თამაშს მოუთმენლად ელის, რათა ჰაკა ნახოს და მერე თამაშს აღარც უყურებს.

ცხადია, ეს გამართლება არ არის, მაგრამ ჰაკას გარეშე რაგბი დაკარგავს ორიგინალურობას და მართლაც უჩვეულო ეგზოტიკურობას.
იმედია, ირბ ამ შეცდომას არასდროს დაუშვებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული