ქარის თასზე მომგებმა მოიგო

AutoSharing Option
ქარის თასის გათამაშების მე-12 ტურში ვისაც გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, ყველამ მოიგო, რამაც პლეი ოფში მოხვედრისთვის ისედაც დაძაბული ბრძოლა რადიკალურად გაამწვავა.

იოჰანესბურგში ოთხეულს მიღმა, მეხუთე ადგილზე მყოფმა "ლაიონზმა" გათამაშების ლიდერს, დურბანის "ნატალ შარქსს" გამარჯვება ბოლო წუთებზე გამოჰგლიჯა ხელიდან - 22:20.

მატჩის პირველი ნახევარი ფრედ - 10:10 დასრულდა. შესვენების შემდეგ დურბანელთა გარემარბის ნკედო მვოვოს ორი ლელოს წყალობით სტუმრები დაწინაურდნენ. 79-ე წუთისთვის "ზვიგენები" 20:15-ს იგებდნენ. "ლომებმა" ბოლო იერიში წამოიწყეს, რომელიც სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელმა ფრენკ ფან დერ მერვემ ლელოთი დაასრულა. მგეზავმა ელტონ იანტისმა
გარდასხა და "ლაიონზს" უმნიშვნელოვანესი გამარჯევბა მოუტანა.

უხვქულიანი გამოდგა მეორეადგილოსანი "ვესტერნ პროვანსის" დაპირისპირება შინ პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლ "გრიკასთან" - 48:32.

"დასავლელებმა" მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს, აქედან სამი გარემარბ იოჰანეს ენგელბერხტის ანგარიშზეა. სამი ლელო მიითვალა გრიკასელმა ბიორნ ბესონმაც.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი მასპინძლებმა 26 ქულით - 29:3 მოიგეს. მეორე ტაიმში პროვანსელებმა თამაშის ტემპს უკლეს, რაც შესანიშნავად გამოიყენეს გრიკასელებმა და თამაშის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე ანგარიშში სხვაობის 11 ქულამდე შემცირება შეძლეს - 32:43. გამარჯვების იმედი სტუმრებს შეცვლაზე შესული მეორეხაზელის ანდრეას ფონდესის ლელომ გადაუწურა.
უფრო უხვლელოიანი და საინტერესო სანახავი გამოდგა მატჩი ბლუმფონტეინში, სადაც ადგილობრივმა "ჩიტაზმა", რომელიც სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ერთ-ერთ აუტსაიდერ "პუმასს" - 59:24 მოუგო.

ჩიტაზელებმა მეტოქეს ცხრა ლელო გაუტანეს, აქედან ორ-ორი მორკინალების, ადრიან სტრაუსის, ვილემ ნილისა და ეშლი ჯონსონის ანგარიშზეა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პრეტორიის "ბლუ ბულზმა" სტუმრად აუტსაიდერი "ლეოპარდსი" დაამარცხა - 39:26. მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მასპინძლებმა პირველ ნახევარში გასწიეს, "ლურჯმა ხარებმა" დაწინაურება მხოლოდ ოთხი ქულით შეძლეს - 17:13, მეორე ნახევარში კი მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს და თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.


XII ტური

ვესტერნ პროვანსი-გრიკასი 48:32, ჩიტაზი-პუმასი 59:24, ლეოპარდსი-ბლუ ბულზი 26:39, ლაიონზი-ნატალ შარქსი 22:20.

სატურნირო მდგომარეობა
1. ნატალ შარქსი - 47 ქულა, 2. ვესტერნ პროვანსი - 43, 3. ბლუ ბულზი - 38, 4. ჩიტაზი - 37, 5. ლაიონზი - 35, 6. გრიკასი - 31, 7. პუმასი - 17, 8. ლეოპარდსი - 5.


XIII ტური

ნატალ შარქსი-ლეოპარდსი, პუმასი-გრიკასი, ბლუ ბულზი-ვესტერნ პროვანსი, ჩიტაზი-ლაიონზი



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული