ისტორია: "ფრთიანი კივები"

AutoSharing Option
ოთხი წლის წინათ ახალზელანდიელი მწვრთნელის რობი დინსის ხელმძღვანელობით ავსტრალიის ნაკრებმა "ოლ ბლექსს" 34:19 მოუგო.

ეს მატჩი თავისი მშობლიური ქვეყნის წინააღმდეგ "ვოლაბების" თავკაცის რანგში დინსისთვის პირველი იყო.

აღსანიშნავია, რომ ის ერთადერთი "კივი" არ არის, ვინც სამშობლოდან შორს შესანიშნავად მუშაობს. ჩვენ რამდენიმე მათგანზე გიამბობთ.

უორენ გეთლენდი (უელსი)
"ვაიკატოს" ყოფილი შერკინების კვაჭი უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2007 წლის მოსფლიოს თასის გათამაშების შემდეგ დაინიშნა. მომდევნო წელს კი გეთლენდის ხელმძღვანელობით "წითელმა ურჩხულებმა" ექვსი ერის გათამაშება მოიგეს და დიდი სლემი შეასრულეს.

უორენმა და კომპანიამ შესანიშნავად იასპარეზა
შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში. აქამდე არასდროს ყოფილა, რომ უელსელთა გუნდს მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულში გაეღწია. ისინი რეალურად ემუქრებიან სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენელთა ჰეგემონიას.

გეთლენდის მუშაობის ხელწერა ასეთია, მზადების დაძაბული გრაფიკი, ყველა დეტალის სკურპულოზური განხილვა და ახალგაზრდების მიმართ გამოცხადებული ნდობა. ჯორჯ ნორსი, რის პრისტლენდი, სემ ვერბარტონი და ტობი ფალეტაუ ახალ ზელანდიაში შესანიშნავად გამოიყურებოდნენ.

წლეულს უელსის ნაკრებმა ისევ გაიმარჯვა ექვსი ერის გათამაშებაში, რითაც დაამტკიცა. რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.

ჯო შმიდტი (ლესტერი)
ის ირლანდიური "ლენსტერის" ბოლო დროინდელი წარმატებების სულისჩამდგმელად მოიაზრება. შმიდტი ევროპაში გადმობარგებამდე ახალ ზელანდიაში ბავშვთა გუნდებში და ოქლენდის "ბლუზში" მუშაობდა. მისი პირევლი ევროპული გუნიდ კი დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" იყო. "ლენსტერის" მთავარი მწვრთნელის
პოსტი კი 2010 წელს დაიკავა.

ჯო შმიდტმა მალე შეძლო ამ კლუბის ოდინდელი დიდების დაბრუნება. მაინ პირველივე სეზონზე მოუტანა გუნდს წარმატება. "ლენსტერი" ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირის, "ჰაინეკენის თასის" გამარჯვებული გახდა.

ირლანდიურმა კლუბმა ეს ტიტული წლეულს წარმატებით დაიცვა. ლენსტერელებმა ფინალში, "თვიქნემზე" "ოლსტერი" დაამარცხეს 42:14. ერთი სიტყვით, ჯო შმიდტის მუშაობა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მისით ყველა კმაყოფლია, რადგან "ლენსტერი", ლამაზ. აგრესიულ და შემტევ რაგბის თამაშობს.

ვერნ კოტერი (კლერმონი)
ის 2006 წელს ფრანგული კლუბის "კლერმონის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რის შემდეგაც "ვულკანები" ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მეტად ანგარიშგასაწევი ძალა გახდა.

კოტერის ხელმძღვანელობით "კლერმონმა" პირველივე წელიწადს ფინალში გააღწია და იქ "სტად ფრანსესთან" დამარცხდა. ამას კიდევ ზედიზედ ორჯერ წაგებული ფინალი მოჰყვა და 2010 წელს, როგორც იქნა "ვულკანებმა"
ფინალში პერპინიანი დაამარცხეს.

წლეულს "კლერმონმა" ჰაინეკენის თასის" ნხევარფინალში გააღწია, სადაც მომავალ გამარჯვებულთან, "ლენსტერთან" დამარცხდა, რომელსაც მისი ყოფილი ასისტენტი ჯო შმიდტი წვრთნის. საფრანგეთის ჩემპიონატში მოასპარეზე "კლერმონში" ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, ის 2011 წელს ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი იყო, თუმცა მას "ოლ ბლექსის" ყოფილი თავკაცის გრემ ჰენრის ასისტენტმა, სტივ ჰანსენმა აჯობა.

ჯონ ქირვანი (ბლუზი)
ზემოჩამოთვლილი სპეციალისტებისგან განსხვავებით ჯონ ქირვანი მსოფლიოს რაგბიში როგორც მორაგბე ბევრად უფრო პოპულარულია. მან ახალი ზელანდიის ნაკრებში 63 კეპი მოიხვეჭა და 35 ლელო გაიტანა. ქირვანი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბადაა მიჩნეული.

მის სამწვრთნელო კარიერაში აღმასვლა 2002 წლიდან დაიწყო, რაც იტალიის ნაკრების თავკაცობა შესთავაზეს. "სკუადრა აძურა" მისი ხელმძღვანელობით პროგრესირებდა, ეს მეტწილად ნატურალიზირებული მორაგბეების ხარჯზე ხდებოდა, რასაც იტალიის რაგბის ფედრაცია ქირვანის რეკომენდაციით აკეთებდა.

2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ ჯონი შორეულ იაპონიაში გაემგზავრა. მან ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც იგივე პოლიტიკა გაატარა, რასაც წლების განმავლობაში იტალიაში აკეთებდა. ყველაფერი კი 2011 წლის მსოფლიოს თასზე იპონელთა კრახით დასრულდა.

ქირვანი იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა და ახალ ზელანდიაში დაბრუნდა. ის მშობლიური კლუბის, ოქლენდის "ბლუზის" თავკაცად დაინიშნა.

ჯონ მიტჩელი (ლაიონზი)
12-წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ჯონ მიტჩელმა ყველაზე საშინელი ექვსთვიანი პერიდი გადაიტანა. ივნისში ის დროებით ჩამოაშორეს იოჰანესბურგის "ლაიონზის" სამწვრთნელო საქმიანობას.

ამის მიზეზი, გუნდის მოთამაშეთა მოთხოვნა გახდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მიტჩელი მათ, ცუდად ექცევა. ზე რაგბის გათამაშებაში იოჰანესბურგელებმა ძალიან ცუდად იასპარეზეს და სამხრეთაფრიკულ გუნდებს შორის ბოლო ადგილი დაიკავეს, რაც შესაძლებელია გთამაშებიდან მისი მოხსნის საფუძველი გახდეს.

ერთი თვის წინ კი, როცა "ლაიონზის" ბედი ზე რაგბის გათამაშებაში გადაწყვეტილი იყო, მიტჩელი საკუთარ ბინაში ბოროტმოქმედმა დანით დაჭრა.

სანამ სამხრეთ აფრიკაში სამუშაოდ გაემგზავრებოდა, ჯონი ინგლისის ნკრების შერკინების მწვრთნელად მუშაობდა, 2003 წლის მოსფლიოს თასზე კი ახლი ზელანდიის მთავარი მწვრთნელოს ასისტენტი გახლდათ. მაშინ "ოლ ბლექსი" ნახევარფინალში მასპინძელ ავსტრალიასთან დამარცხდა.

მარკ ანსკომბი (ოლსტერი)
ის 2011 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც "ბეიბი ოლ ბლექსმა" პირველი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა ახალზელანდიელები მოეთხე სეზონია პირველობას არავის უთმობენ. წინა სამ ჯერზე ანსკომბი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

ახალგაზრდულ გუნდებში ასეთი თავბრუდამხვევი კარიერის შემდეგ, ანსკომბმა ევროპას მიაშურა და ირლანდიურ "ოლსტერს" ჩაუდგა სათავეში, რომელმაც წლეულს "ჰაინეკენის თასის" ფინალში გააღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული