შოტლანდია - საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეტოქე

AutoSharing Option
2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე შოტლანდიის ეროვნული გუნდი ნოემბრის ტესტებზე სამ შეხვედრას გამართავს, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და სამოას ნაკრებებთან.
"ნარშავების" მთავარი მწვრთნელი ენდი რობინსონი თითქმის შეუძლებელს ითხოვს. ის მოუწოდებს შოტლანდიელ მორაგბეებს, ნოემბერს სრულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მზადყოფნაში შეხვდნენ, რათა მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდის, "ოლ ბლექსისა" და "ბოკეს" დამარცხება შეძლონ.

"ამ თამაშებისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ. ეს არ არის ამხანაგური მატჩები. ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებთან წარმატებული თამაში ჩვენი გუნდის უცილობელი წინსვლის საწინდარი იქნება.

ამჟამად, ვქმნით გუნდს კონკრეტულად
ნოემბრის ტესტებისთვის. მე ავირჩევ იმ მოთამაშეებს, რომლებიც კონკრეტულად იმ დროისთვის უკეთეს ფორმაში იქნებიან, რომლებსაც ხელეწიფებათ ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და სამოას ნაკრებების დამარცხება.

ჩვენ უნდა გავიუმჯობესოთ ფიზიკური კონდიციები, გავზარდოთ სისწრაფე და დავხვეწოთ ტექნიკური არსენალი. ნაკრებში ისინი ითამაშებენ, ვინც ამ კომპონენტებს დააკმაყოფილებს," - თქვა ენდი რობინსონმა.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრებმა ბოლო სამ თამაშში წარმატებით იასპარეზა. ექვსი ერის ბოლო შეხვედრაში ირლანდიის ნაკრების დამარცხების შემდეგ `ნარშავებმა~ ივნისის ტესტებზე არგენტინის ეროვნულ გუნდს ზედიზედ ორჯერ სძლიეს ბუენოს -აირესში.


ორი თვით აუკრძალეს

საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის, პარიზული "მეტრო რასინგის" მწვრთნელ პიერ ბერბიზიეს ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებების ყოფილი მწვრთნელი ფრანგული რაგბის ნაციონალური ლიგის (NLღ) სადისციპლინო კომიტეტემა არბიტრ კრისტოფ ბერდოსის მიმართ გამოთქმული მოსაზრებების გამო დასაჯა. ბერბიზიემ `ლა როშელთან~ მატჩის შემდეგ თქვა, რომ ბერდოსის ამ თამაშის არბიტრად დანიშვნა პროვოკაციააო. მანამდე კი მან ბერდოსი წინა ჩემპიონატის პლეი ოფში "კლერმონთან" მატჩში მიკერძოებულ მსაჯობაში დაადანაშაულა.

ყოველივე ამის გამო ბერბიზიე გუნდს 28 ნოემბრამდე ვერ გაწვრთნის. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ პარიზელებს მის გარეშე მოუწევთ საფრანგეთის ჩემპიონატის ოთხი კალენდარული და ჰეინეკენის თასის ერთი მატჩის გამართვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული