ოთხი ერი: ვინ თქვა, რომ პირველი ფაზა არ გადის?

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი ბურჯი კობუს ვისაჯი ოთხი ერის გათამაშების პირველი ტურს აფასებს.

თავის ბლოგში ყოფილმა "ბოკემ" საკმაოდ საინტერესო ანალიზი მიუძღვნა ახალ ტურნირს და ბევრი საყურადღებო შენიშვნაც გააკეთა, რაც უშუალოდ გუნდების სათამაშო ტაქტიკასთანაა დაკავშირებული. აი, რას წერს ის:

"ოთხი ერის გათამაშების პირველმა ტურმა რაგბის ქომაგებს არ გაუმართლათ. სანახაობრივადაც და სათამაშო დონითაც ეს სულაც არ იყო უმაღლესი დონის რაგბი. ალალად უნდა ვთქვა, რომ გუნდებმა ძალიან უსახური, ბინძური რაგბი ითამაშეს.

მატჩის შედეგის ამოცნობა სულაც არ იყო რთული. მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ
"ოლ ბლექსისა" და "ბოკეს" უპირატესობა იმდენად დიდი იყო მეტოქეებზე, რომ ნებისმიერი სასურველი ანგარიშით მოგება შეეძლოთ.

ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ ახალზელანდიელები ავსტრალიის ნაკრების დაცვის ხაზს შეტევის პირველივე ფაზაზე იოლად ჭრიდნენ. განსაკუთრებით კარგად კი ეს შერკინების შემდეგ გამოსდიოდათ და ორი ლელოც სწორედ ასეთი იერიშისას გაიტანეს. არადა, ასეთი კომბინაციები უკვე კარგად მივიწყებულ ხელოვნებად მიაჩნდათ.

პირველ დარტყმას გუნდები იმიტომ აკეთებდნენ, რომ შეტევის მეორე ფაზისთვის წინაპირობა შეექმნათ.

როგორც წესი, ამას კიდევ რამდენიმე ფაზის აკინძვა მოჰყვება. აბსოლუტურად ყველა გუნდის ყველა მწვრთნელი ამას ავალებს შეგირდებს.

ახალზელანდიელები სხვებისგან იმით განხსხვავდებიან, რომ ისინი ენდობიან ბურთიან მორაგბეს, რომელიც მეტოქის დაცვის ხაზს ჭრის, გადადის უპირატესობის ხაზის მიღმა და იციან, რომ ეს მოთამაშე იმდენად სხარტი და ჭკვიანია, რომ სანამ თანაგუნდელი მიეხმარება, ბურთის შენარჩუნებას შეძლებს.

ვფიქრობ, სამხრეთ აფრიკის ნაკრებსაც შეუძლია, ასე ითამაშოს. "ბოკეს" შერკინება "ოლ ბლექსზე" არანაკლებ მძლავრია და იოლად შეუძლიათ შეტევის განვითარების რამდენიმე ვარიანტი დაამუშავოს.

თუმცა, ბოლო წლებია, სამხრეთაფრიკელთა შერკინების შემკვრელის (#8), პიერ სპისის მოქმედება ადვილად ამოსაცნობი გახდა და, ცხადია, ეფექტურობა დაკარგა.

იმედი მქონდა, რომ ახალი მწვრთნელი ჰეინკე მეიერი თამაშის ამ რგოლში ცვლილებებს შეიტანდა, თუმცა ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, კიგან დენიელმა რვა ნომრის პოზიციაზე კარგი შთაბეჭდილება არ დატოვა.

მის შემცვლელად ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი დუეინ ვერმულენი მიიჩნევა, მაგრამ მან ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ ეროვნული ნაკრების კვართის ტარების ღირსია. ჩემთვის ამ პოზიციაზე უფრო საინტერესო იქნებოდა მარსელ კუციას ხილვა, ვინაიდან დღესდღეობით ის "ბოკეში" ყველაზე ფეთქებადი და სწრაფი გამგლეჯია.

ისევ დიდი პრობლემები ექნება ავსტრალიის ნაკრებს მეორე ტურის მატჩში ოქლენდში ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან.

მათ უკანახაზელებს გაორმაგებული ენერგიით მოუწევთ ბრძოლა, რათა შერკინებიდან დაწყებული მეტოქის იერიშები მოიგერიონ.

სირთულის არსი ის არის, რომ "ვოლაბებს" დრო არ ეყოფათ, შერკინებაში არსებული ხარვეზები ერთ კვირაში გამოასწორონ. მიმაჩნია, რობი დინსმა ოთხი ერის გათამაშების დასრულების შემდეგ თანამდებობა რომ შეინარჩუნოს, სასწაული უნდა მოახდინოს. მას რეაბილიტაცია მხოლოდ არგენტინის ნაკრებთან დაპირისპირებაში შეეძლება. არ მგონია, ასეთი თამაშით ავსტრალიელებმა "ბოკეს" რამე დააკლონ.

თავის დასაცავად, მას შეუძლია თქვას, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდის შემადგენლობაში ვერ მიიწვია ყველა საუკეთესო მოთამაშე; მაგრამ იმასაც გაუხსენებენ, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები, გაცილებით ნაკლებნიჭიერი მოთამაშეებით, თავდადებისა და ბოლომდე ბრძოლის ხარჯზე დაუმარცხებია.

"ვოლაბებისთვის" დიდი დანაკლისი იქნება კაპიტანი დევიდ პოკოქი. ავსტრალიელებს უმძიმესი მატჩი ელით, რომელიც, ფაქტობრივად, გადაწყვეტს, დარჩებიან თუ არა ისინი პირველობისთვის მებრძოლთა შორის. უფრო უარესი ბენ რობინსონს და მის მეგობრებს - პირველ ხაზში კიდევ ერთხელ იხილავენ იმ საშინელებას, რასაც ძმები ფრენქსებისა და მათი თანაგუნდელების მძლავრი მიწოლა ჰქვია.

დარწმუნებული ვარ, შერკინებისას ძალიან ხშირი იქნება წესის დარღვევა, რადგან ავსტრალიელები ისევ თამაშის ძველებურ მეთოდს დაუბრუნდებიან, რომლის დროსაც მსაჯს მტყუან-მართლის განსჯა უჭირს და ბურთის მოგების შანსი ორმოცდაათი-ორმოცდაათზეა.

სამხრეთ აფრიკას იოლი გასეირნება მენდოსაში, არგენტინის წინააღმდეგ მატჩში არ ექნება. "ბოკე" ბოლოს ინანებს, რომ შინ "პუმებს" მეოთხე ლელო ვერ გაუტანა და პრემიალური ქულის გარეშე დარჩა.

დარწმუნებული ვარ, არგენტინის ნაკრებთან მატჩში ამას ავსტრალია და ახალი ზელანდიაც შეძლებენ.

სამხრეთაფრიკელთა ბედი ბევრად იქნება დამოკიდებული ფრანსუა ჰუგფარისა და მორნი სტეინის ფეხით თამაშზე.

მთავარია, შეცდომები არ დაუშვან, რადგან გარწმუნებთ, მენდოსაში არგენტინა სულ სხვა იქნება. ხუან მარტინ ერნანდესის აბრაგანები უფრო მაღალი იქნება და ბურთის ასაღებად მასპინძელთა უკანახაზელები უფრო სწრაფად და თამამად გაირჯებიან.

საინტერესოა, რომ "ბოკეს" მორაგბეთა აბსოლუტურ უმრავლესობას აქამდე მენდოსაში არასდროს უთამაშია. დანამდვილებით ვიცი, რომ იქ "პუმებს" არნახული ქომაგობა ექნებათ, რაც სამხრეთაფრიკელებს საკმაოდ დიდ პრობლემებს შეუქმნის.

ცხადია, ამ ფონზე სავალალოა ბისმარკ დუ პლესისა და პიერ სპისის ტრავმები. ამის გარდა, სამხრეთაფრიკელებს ჯამში 100 კეპით ნაკლები აქვთ მოხვეჭილი, ვიდრე არგენტინელებს, ანუ მასპინძლები მეტოქეზე ბევრად უფრო გამოცდილნი არიან, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ უარყოფით ბალანსს "ბოკე" სათამაშო კლასის ხარჯზე მოახერხებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული