ITM-ის თასზეის ლიდერთა ხუთეულიდან სამმა მოიგო

AutoSharing Option
ITM-ის თასის გათამაშების მე-10 ტურში ლიდერთა ხუთეულიდან მხოლოდ სამმა მოიგო. ცენტრალური მატჩი კი ტარანაკიში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ყოფილ ლიდერ "საუთლენდს" უმასპინძლა და 23:6 მოუგო. შედეგად სამხრეთელებმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი ქრაისთჩერჩის "ქენთერბერის" დაუთმეს.
ქრაისთჩერჩელებმა სტუმრად აუტსაიდერი "ოტაგო" დაამარცხეს - 35:20, მათ მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, რისთვისაც ერთი საპრემიო ქულაც ერგოთ.
ყველაზე საინტერესო კი მეოთხეადგილოსანი "ვაიკატოს" სტუმრობა გამოდგა პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლ "ნორთლენდთან". თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ვაიკატოელებმა 61-ე წუთისთვის იძალეს, როცა ანგარიშში თექვსმეტი ქულით - 39:23 დაწინაურდნენ და
საბოლოოდ 45:33 მოიგეს.
გუნდებმა ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს. ორი ლელო "ვაიკატოს" ცხრა ნომრის ბრენდონ ლეონარდის ანგარიშზეა. ყველაზე მეტი, 25 ქულა კი გუნდს სტუმართა მგეზავმა სტივენ დონალდმა მოუტანა (ერთი ლელო, ოთხი გარდასახვა და ოთხი საჯარიმო).
ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, "ოკლენდმა" შინ ვერ მოუგო სატურნირო ცხრილის მეორე ნახევრის ბინადარ "ჰოუქს ბეის" - 34:34. პირველი ტაიმი სტუმრებმა, რომლებმაც მეტოქეზე ერთით მეტი, ოთხი ლელო გაიტანეს, 17:11 მოიგეს. ოკლენდელები მარცხისგან მეთ ბერკვისტის ფეხჩუბინობამ იხსნა. მან ორი გარდასახვა და ხუთი საჯარიმო გაიტანა (19 ქულა). აქედან ერთი საჯარიმო ბერკვისტმა მატჩის ბოლო წუთზე დაარტყა, როცა მასპინძლები 31:34 -ს აგებდნენ და ანგარიში გაათანაბრა.
საგრძნობლად მოუკლო თამაშს პოტენციურმა ფავორიტმა "ველინგტონმა", რომელმაც მე-10 ტურში შინ წააგო "ბეი ოფ პლენტისთან" - 24:31. ბენ სმიტის, ლელია მასაგას და ქორი აპოროს სამ ლელოს ველინგტონელებმა მხოლოდ ორით უპასუხეს. მასპინძლებს ვერც მგეზავმა ლიმა სოპოაგამ უშველა, რომელმაც უშუალო მეტოქე მაიკ დელანიზე ერთით ნაკლები გარდასსხვა გაიტანა. საჯარიმოები კი თანაბრად იყო - ოთხ-ოთხი.
ამ გამარჯვებით "ბეი ოფ პლენტი" მჭიდროდ მიუახლოვდა საპლეიოფო ოთხეულს. თუმცა იქ მოხვედრის შანსი არც "ველინგტონს" დაუკარგავს. ერთი სიტყვით, ITM-ის თასის გათამაშებაში ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. პლეი ოფში მოსახვედრად ერთბაშად რვა გუნდი იბრძვის.
X ტური
ველინგტონი-ბეი ოფ პლენტი 24:31, ოკლენდი-ჰოუქს ბეი 34:34, ნორთლენდი-ვაიკატო 33:45, ტარანაკი-საუთლენდი 23:6, ოტაგო-ქენთერბერი 20:35, მანუკაუ-ნორთ ჰარბორი 24:23, მანავატუ-ტასმანი 20:8.
სატურნირო მდგომარეობა
1. ქენთერბერი - 36 ქულა, 2. საუთლენდი - 34, 3. ტარანაკი - 32, 4. ვაიკატო - 31, 5. ოკლენდი - 30, 6. ბეი ოფ პლენტი - 30, 7. მანუკაუ - 29, 8. ველინგტონი - 28, 9. ნორთლენდი - 22, 10. ჰოუქს ბეი - 19, 11. ნორთ ჰარბორი - 19, 12. მანავატუ - 12, 13. ტასმანი - 11, 14. ოტაგო - 10.
XI ტური
ჰოუქს ბეი-ნორთლენდი, ვაიკატო-ოტაგო, ტარანაკი-მანავატუ, მანუკაუ-ოკლენდი, საუთლენდი-ქენთერბერი, ნორთ ჰარბორი-ველინგტონი, ტასმანი-ბეი ოფ პლენტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული