ბრძოლა ორი საგზურისთვის ქარის თასზე

AutoSharing Option
ქარის თასის რეგულარული გათამაშების ბოლო ტურის წინ პლეი ოფში თამაში მხოლოდ ორ გუნდს, დურბანის "ნატალ შარქსს" და კეიპთაუნის "ვესტერნ პროვანსს" აქვს განაღდებული. დარჩენილი ორი ადგილისთვის კი სამი გუნდი იბრძვის.

ქარის თასის შარშანდელი გამარჯვებული, პრეტორიის "ბლუ ბულზი", შესაძლოა, ნახევარფინალის მიღმა დარჩეს. "ლურჯი ხარები", რომლებიც 42 ქულით მე-4 ადგილზე არიან, სტუმრად ეთამაშებიან უმოტივაციოდ დარჩენილ "გრიკასს".

პრეტორიელები, ცხადია, ყველაფერს იღონებენ, სირცხვილი რომ არ ჭამონ, მაგრამ გრიკასელებმა, შესაძლოა, სიურპრიზიც შემოგვთვაზონ. ისინი ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფალნი არიან და ეცდებან, მეტოქეს მაქსიმალურად გაუძალიანდნენ, რასაც ვერაფრით ვიტყვით "ბლუ
ბულზზე", რომელიც წლეულს თავის თავს არ ჰგავს.

"ბლუ ბულზი" ბოლო ტურში საბრძოლო შემადგენლობით ითამაშებს. მწყობრში არიან ფულბეკი ზან კირხნერი, შუამარბი ვინანდ ულიფიე, მგეზავი მორნი სტეინი, დისკვალიფიკაციის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა მეორეხაზელი ბაკის ბოთა.
პლანეტრუგბყ-ს მიჩნია, რომ პრეტორიელები პლეი ოფში მოხვედრის შანსს ხელიდან არ გაუშვებენ და მასპინძლებს მინიმუმ 20 ქულით დაამარცხებენ.

კიდევ ერთი გუნდი, რომელიც შესაძლოა, პლეი ოფში ვერ მოხვდეს, ბლუმფონტეინის "ჩიტაზია", რომელსაც ასევე 42 ქულა აქვს, მაგრამ მე-3 ადგილზეა. ჩიტაზელების საქმე მაინც უკეთესადაა, რადგან სტუმრად აუტსაიდერ "ლეოპარდსს" ეთამაშებიან, რომელსაც თითქმის ყველა მინიმუმ 30-ქულიანი სხვაობით უგებს. ვფიქრობთ, "ლეოპარდების" დამარცხება არც ბლუმფონტეინელებს გაუჭირდებათ.

პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს იოჰანესბურგის "ლაიონზი", რომელიც 37 ქულით მე-5 ადგილზეა. "ლომები" შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ "პუმასს" ეთამაშებიან და აუცილებლად უნდა მოუგონ, თანაც ისე, რომ მინიმუმ ოთხი ლელო გაუტანონ და ერთი საპრემიო ქულაც მიიღონ. ამასთან, ორი კონკურენტიდან ერთმა უნდა წააგოს.

პლანეტრუგბყ-ს პროგნოზით, "ლაიონზი" მინიმუმ 40 ქულით მოიგებს.

ლიდერების, "ნატალ შარქსისა" და "ვესტერნ პროვანსის" დაპირისპირებაში, სავარუდოდ, მეორეადგილოსნის ვინაობა უნდა გაირკვეს. წაგების შემთხვევაში "ზვიგენებს" პირველ ადგილს მაინც ვერავინ შეეცილება. "დასავლელები" კი მეორე ადგილს გაინაღდებენ, რაც საშუალებას მისცემთ პლეი ოფში მესამეადგილოსანს შეხვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლოა, მეოთხე ადგილზე აღმოჩნდნენ და ნახევარფინალში ისევ "ნატალ შარქსთან" მოუწიოთ ურთიერთობის გარკვევამ.

XIV ტური
ლეოპარდსი-ჩიტაზი, ლაიონზი-პუმასი, გრიკასი - ბლუ ბულზი, ვესტერნ პროვანსი-ნატალ შარქსი

სატურნირო მდგომარეობა
1. ნატალ შარქსი - 52 ქულა, 2. ვესტერნ პროვანსი - 44, 3. ჩიტაზი - 42, 4. ბლუ ბულზი - 42, 5. ლაიონზი - 37, 6. გრიკასი - 36, 7. პუმასი - 18, 8. ლეოპარდსი - 5.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული