შუამარბი უნდა იყოს უაღრესად სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი, შეეძლოს სიტუაციის სწორად შეფასება და დროული დასკვნების გამოტანა, ფეხით კარგად უნდა თამაშობდეს, გააჩნდეს "პასის" კულტურა და დიდი სარაგბო ფანტაზიაც, რადგან საჭირო დროს მიღებული არასტანდარტული გადაწყვეტილებებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საკუთარი გუნდის წარმატებაში.
წარმოგიდგენთ საუკეთესო შუამარბებს მსოფლიო რაგბის ისტორიიდან.
ბრაიან ოდრისკოლი (ირლანდია)
ირლანდიური რაგბის ღმერთი - ასე უწოდებენ ბრაიან ოდრისკოლს სამშობლოში და მან ეს ზედმეტსახელი ნამდვილად
1999 წლის 12 ივნისს ირლანდიის ნაკრების რიგებში 20 წლის ბრაიან ოდრისკოლის დებიუტი შედგა და სათავე დაედო ახალ ერას, რომელიც "მწვანეთა არმიას" დიდ წარმატებებს უქადდა.
2000 წელს ექვსი ერის თასზე ბრაიანმა ჰეთ თრიქი შეასრულა პარიზში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ და ირლანდიას 1972 წლის შემდეგ პირველად მოაგებინა საფრანგეთის დედაქალაქში.
ოდრისკოლთან ერთად "სამყურებმა" ჩამოყალიბებული სტერეოტიპების მსხვრევა დაიწყეს: 2002 წელს დაამარცხეს ავსტრალია 18:9 ( "ვოლაბები" ირლანდიას ბოლოს 1979 წელს ჰყავდა დამარცხებული), 2004-ში სამხრეთ აფრიკას სძლიეს 17:12 (ბოლო გამარჯვება 1965 წელს), 2009 წელს კი, პირველად თავის არსებობის ისტორიაში, ირლანდიელებმა დიდი სლემით მოიგეს ექვი ერის გათამაშება - ოდრისკოლმა 5 მატჩიდან ოთხში თავი გატანილი ლელოებით გამოიჩინა.
გადამწყვეტი მატჩი კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართა, რომელშიც "სამყურებმა" იმარჯვეს და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ბრაიანი გახდა.
ოდრისკოლი ერთადერთი მოთამაშეა რაგბის ისტორიაში, რომელსაც "ბრიტანელ ლომთა" ერთბაშად 4 ტურნეში აქვს მიღებული მონაწილეობა: 2001 წელს ავსტრალია, 2005 წელს ახალი ზელანდია, 2009 წელს სამხრეთ აფრიკა, 2013 წელს ახალი ზელანდია.
ბრაიანს სანაკრებო დონეზე ჯამში 126 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 49 გატანილი ლელოა, რაც ფანტასტიკური შედეგია. ექვსი ერის თასზე მის მიერ გატანილი 26 ლელო დღემდე საუკეთესო შედეგად ითვლება.
ოდრისკოლი რაგბის საერთაშორისო საბჭომ სამჯერ დაასახელა წლის საუკეთესო მორაგბედ: 2001, 2002 და 2009 წლებში.
ტანა უმაგა (ახალი ზელანდია)
ტანა უმაგა ახალზელანდიური რაგბის ლეგენდაა, რომელმაც თავისი სათამაშო სტილით და მოედანზე მიღებული ჯენტლმენური გადაწყვეტილებებით სამუდამო კვალი დატოვა გულშემატკივართა გულებში.
ტანა წარმოშობით სამოელი გახლავთ და ბავშვობაში თავის უფროს ძმასთან ერთად წყნარ ოკეანეში განლაგებულ პატარა კუნძულებზე რაგბი ლიგის თამაშით ირთობდა თავს. თუმცა 18 წლის ასაკიდან ძმების გზები გაიყარა.
ტანა ახალი ზელანდიის ნაკრებში წავიდა სათამაშოდ, მაიკი კი მშობლიური ქვეყნის ერთგული დარჩა.
ძმების დაპირისპირება საერთაშორისო დონეზე მალევე შედგა. 1999 წელს "ოლ ბლექსი" ტესტ-მატჩში სამოას დაუპირისპირდა, შეხვედრის სტარტზევე მაიკმა ბურთი მოითხოვა და მშვენიერი კონტაქტის ხარჯზე ძირს დააგდო უმცროსი ძმა, თუმცა მივიდა, გაუღიმა და წამოაყენა. ის მატჩი ახალმა ზელანდიამ 71:13 მოიგო, უმცროსმა უმაგამ კი თავი ორი ლელოთი გამოიჩინა.
იმავე წელიწადს ზე რაგბიში "ჰარიქეინზის" რიგებში ერთ სეზონში გატანილი 12 ლელოთი უმაგა ტურნირის რეკორდსმენი გახდა (მოგვიანებით რიკო გიარმა მოხსნა ეს მაჩვენებელი), 2000 წელს იგი ახალი ზელანდიის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულს დაეუფლა და მალევე "ოლ ბლექსის" კაპიტნობაც ანდეს.
ტანა გუნდის ლიდერი გახლდათ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმაც, თუმცა მუდმივად რჩებოდა ჯენტლმენად და უაღრესად თავმდაბალ ადამიანად.
უელსთან გამართული ტესტ-მატჩის დროს ჯერი კოლინზის მძლავრი კონტაქტის შემდეგ მოულოდნელად უგონოდ დაეცა "დრაკონთა" მოთამაშე კოლინ ჩერვისი. ეს მომენტი მსაჯს თვალთახედვიდან გამორჩა და შეხვედრა გაგრძელდა. ბურთით ტანა უმაგა იყო, რომელსაც ხელს ვეღარავინ უშლიდა ლელოს გატანაში, თუმცა კაპიტანი მოულოდნელად გაჩერდა, თამაშის შეჩერება მოითხოვა და პირველი სამედიცინო დახმარება გაუწია ჩერვისს. მომდევნო სეზონში უელსის რაგბის კავშირმა იგი FAIR PLAY-ს პრიზით დააჯილდოვა.
ტანას სანაკრებო კარიერამ 8 წელს გასტანა (1997-2005), რომლის განმავლობაშიც უმაგამ 74 კეპი მოიხვეჭა და საკუთარ გუნდს 36 ლელოთი შეეწია (180 ქულა), თუმცა მან ვერაფრით ვერ აიხდინა თავისი ოცნება და ვერ გახდა მსოფლიოს თასის მფლობელი.
ფილიპ სელა (საფრანგეთი)
ფილიპ სელა გახლდათ ფრანგული რაგბის ისტორიის საუკეთესო შუამარბი, რომელიც ერთნაირად ბრწყინვალე იყო მოედანზე როგორც შეტევითი, ასევე დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს. გულშემატკივარი სელას უდიდეს პატივს სცემდა, ვინაიდან მისი სათამაშო სტილი პირდაპირ ასოცირდებოდა საფრანგეთის კლასიკურ სარაგბო ხედვასთან.
ფილიპის დებიუტი ეროვნული გუნდის რიგებში 1982 წელს შედგა რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ და დიდ ეპოქასაც დაედო სათავე, რომლის განმავლობაშიც მან 111 კეპი მოიხვეჭა ფრანგთა რიგებში და 125 ქულაც მოიპოვა.
1986 წელს "ლე ბლომ" დიდი სლემით მოიგო ხუთი ერის გათამაშება და ტურნირის ისტორიაში სელა გახდა ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ოთხივე მატჩში გაიტანა ლელო.
1987 წელს გამართულ მსოფლიო თასზე ფრანგები ძალიან ახლოს იყვნენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან, თუმცა გადამწყვეტ მატჩში დამარცხდნენ ტურნირის მასპინძელ ახალ ზელანდიასთან.
ოთხი წლის შემდეგ ნახევარფინალურ ეტაპზე დასანანი მარცხი იწვნიეს ინგლისელებისგან, ხოლო სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო თასზე (1995 წელი) მესამე ადგილი დაიკავეს, რის შემდეგაც სელამ დაასრულა კიდეც სანაკრებო კარიერა.
თედო ზიბზიბაძე
თედო ზიბზიბაძე ქართულ რაგბიში დღესდღეობითაც ყველაზე გამორჩეული შუამარბია. საქართველოს ნაკრები მის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. თედო 1980 წელს ქუთაისში დაიბადა მორაგბის ოჯახში. მისი მამა, ბორია ზიბზიბაძე ქუთაისის "აიას" იმ ლეგენდარული შემადგენლობის წევრი იყო, საბჭოთა ხანაში მთელ ქვეყანას რომ აზანზარებდა.
თედოს დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 20 წლის ასაკში 2000 წელს შედგა. მას შემდეგ დაცვაში შეუპოვრად მებრძოლმა და შეტევისას უაღრესად შედეგიანმა მორაგბემ "ბორჯღალოსანთა" რიგებში 69 მატჩი გამართა, 18 ლელო გაიტანა და გუნდს 90 ქულა შესძინა.
აღსანიშნავია, რომ ზიბზიბაძეს არანაკლები წარმატებით შეუძლია გარემარბის პოზიციაზე თამაში. მან გატანილი ლელოების მესამედი სწორედ ამ პოზიციაზე თამაშისას მიითვალა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თედო ზიბზიბაძე დაცვაში თამაშისას თითქმის შეუცვლელია. სწორედ ამიტომაა, რომ მსოფლიოს თასის ორ გათამაშებაში იასპარეზა (2003, 2011 წლები) და დიდი შანსია, 35 წლის ასაკში მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმში მესამედ მიიღოს მონაწილეობა.
თედო საფრანგეთში სათამაშოდ 2001 წელს გადაბარგდა და დღემდე იქაური კლუბის ღირსებას იცავს.
მისი პირველი გუნდი "ოლიმპიკ ტუშანი" იყო, მერე "ტურისა" და "გურდოს" რიგებში ასპარეზობდა.
2006 წლიდან დღემდე კი, "პერიგოში" ირჯება, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში ელიტურ, მეორე დივიზიონშიც იასპარეზა.
გიორგი ბარბაქაძე და ბესიკ ჯანგავაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"