ჭირვეული, მოურჯულებელი ბიჭები

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტების პირველივე დღე დოპინგ სკანადალით აღინიშნა. სამხრეთ აფრიკის ნაკრების მორაგბეებს ჩილიბოი რელეპელეს და ბიორნ ბესონს სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს და "ბოკეს" თავკაცი პიტერ დე ფილიერსი იძულებული გახდა ისინი სამშობლოში გაესტუმრებინა. აღსანიშნავია, რომ ხმაურიანი დოპინგ სკანდალები რაგბის სამყაროში ახალი არ არის. მოდით, რამდენიმე მათგანი ერთად გავიხსენოთ.

ანდრის ტრუსკი (სამხრეთ აფრიკა)
"ჩრდილო ტრანსვალისა" და სამხრეთ აფრიკის ნაკრების შერკინების ბურჯს 1993 წელს ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ტრუსკი "ნორს ჰარბორთან" მატჩის შემდეგ დოპინგ კონტროლზე ჩავარდა - სისხლში აკრძალული პრეპარატრი პროლინტანი
აღმოუჩინეს.

ტრუსკი კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებას, მან თქვა, რომ ეს პრეპარატი ექიმების რჩევით მიიღო დაშავებული მუხლის სამკურნალოდ. მაინც დასაჯეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დისკვალიფიკაციის მიღებამდე ანდრისი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ერთ-ერთი უძლიერესი შერკინების კვაჭის ული შმიტდის მემკვიდრე იყო.

იოჰან აკერმანი (სამხრეთ აფრიკა)
ისიც "ჩრდილო ტრანსვალისა" ღირსებას იცავდა, როცა 1997 წელს ნანდროლონის გამოყენების გამო ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელ მოხდილი აკერმანი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, ვისაც სამხრეთ აფრიკის ნაკრებში უთამაშია. მან "ბოკეს" შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა 37 წლისამ გამართა."

ლოურენს დალალიო (ინგლისი)
1999 წელს მას სერიოზული სასჯელი ელოდა. გაზეთები ამტკიცებდნენ, რომ დალალიო ნარკოტიკის ხშირი მომხმარებელი იყო. ამის გამო "ლოლს" ნაკრების კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს და ინგლისის რაგბის კავშირმა საქმის გამოძიება დაიწყო. საბოლოოდ, დალალიო დისკვალიფიკაციას კი გადაურჩა, მაგრამ 15 ათასი გირვანქა სტერლინგით მაინც დააჯარიმეს.
2003 წელს მსოფლიოს თასზე, სადაც ინგლისი ნაკრები ჩემპიონი გახდა, დალალიო "პომების" ერთ-რთი საუკეთესო მოთამაშე იყო.

პიტერ დე ფილიერსი (საფრანგეთი)
სამხრეთაფრიკული წარმოშობის საფრანგეთის ნაკრების მოთამაშე 2002 წელს გუნდიდან გააძევეს. დე ფილიერსმა ექვსი ერის გათამაშებაში ვერ იასპარეზა, ვინაიდან კოკაინისა და ექსტაზის მოხმარებაში იყო მხილებული. პრესასთან საუბრისას დე ფილიერსი ამბობდა, რომ ნარკოტკები არ მიუღია. ის ამტკიცებდა, რომ პარიზის ერთ-ერთ ღამის კლუბში სასმელში ვიღაცამ განზრახ გაურია. საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ დე ფილიერსი რაგბის ერთი წლით ჩამოაშორა.

რუპენი კაუკაუ (ფიჯი)
ფიჯის ნაკრების გარემარბი, ექსცენტრიულობით გამორჩეული რუპენი კაუკაუ 2007 წელს რაგბიდან სამი თვით მოკვეთეს, რადგან "აჟენისა" და "მონტობანის" მატჩის შემდეგ დოპინგ კონტროლმა მის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერების, ჰაშიშის შემცველობა დაადასტურა. კაუკაუ საფრანგეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მას იმდენად დიდი სარგებლობა მოაქვს გუნდისთვის, რომ "აჟენის" ხელმძღვანელები მზად არიან ყველა ხუშტური აპატიონ.

მეთ სტივენსი (ინგლისი)
ინგლისის ნაკრებისა და "ბასის" შერკინების ბურჯს ორწლიანი დიკვალიფიკაცია მისეცეს და მოედანზე მხოლოდ 2011 წლის იანვრიდან გამოჩნდება. სტივენსის დასჯის მიზეზი ფარმაცევტულ შემოწმებაზე გამოუცხადებლობა იყო. მის სისხლში კოკაინის მეთაბოლები აღმოაჩინეს და გადაწყვიტეს განმეორებითი ტესტი ჩაეტარებინათ. სტივენსმა ხელმეორედ გასინჯვაზე მისვლა არ ისურვა.

ვენდელ სეილორი (ავსტრალია)
კოკაინმა გაანადგურა მისი სარაგბო კარიერა. ვენდელ სეილორმა 2006 წელს ზე 14-ის გათამაშებაში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, მაგრამ უეცრად ავსტრალიის რაგბის კავშირმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა. არადა, სეილორს წელიწადში მილიონ ნახევარი დოლარი უნდა მიეღო. მიზეზი ნარკოტიკის მოხმარება იყო. მან ორი წელიწადი განდეგილივით იცხოვრა, ნარკოდამოკიდებულებისგან სრულიად განთავისუფლდა და 35 წლის ასაკში რაგბი ლიგის თამაში დაიწყო.

სკოტ მაკლოიდი (შოტლანდია)
შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მორკინალი დოპინგ კონტროლზე ორჯერ ჩავარდა. პირველად ის სასჯელს გადაურჩა, რადგან დაამტკიცა, რომ ტესტმა დადებითი პასუხი იმიტომ აჩვენა, რომ ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატს იღებდა. მეორე ჯერზე კი მაკლოიდი "მართლმსაჯულებას" ვერ გადაურჩა. აღმოჩნდა, რომ ტესტოსტერონის მაღალი დოზა მის სისხლში დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების შედეგი იყო. ის ამის გამო ერთი თვით ჩამოაშორეს რაგბის.

მაიკლ ლიპმენი, ალექს კროკეტი და ენდრიუ ჰიგინსი (ინგლისი)
2009 წელს ეს სამეული ინგლისის რაგბის კავშირმა რაგბიდან ორი თვით მოკვეთა. ლიპმენი, კროკეტი და ჰიგინსი გეგმიურ დოპინგ კონტროლზე არ გამოცხადდნენ. რასაც ვერცერთმა ახსნა ვერ მოუძებნა. დისკვალიფიკაციის ვადის ამოწურვის შემეგ ტრიომ "ბასი" დატოვა, რადგან მათი მტკიცებით, უდანაშაულოდ დაისაჯნენ და ამ გუნდში აღარ დაედგომებათ.

მეთიუ ლორი (მეტრო რასინგი, საფრანგეთი)
პარიზული "მეტრო რასინგის" ცხრა ნომერი მეთიუ ლორი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. გასული წლის 21 ნოემბერს ის დოპინგ კონტროლისას ჩავარდა - სისხლში გაშიშის კვალი აღმოუჩინეს.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული