ვილკინსონი ტულონის ერთგული რჩება

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი ჯონი ვილკინსონი ფრანგულ "ტულონთან" კონტრაქტს აგრძელებს. ამან "ვილკოს", შესაძლოა, ინგლისში პრობლემები შეუქმნას.

საქმე ისაა, რომ ინგლისის რაგბის კავშირმა გადაწყვიტა, 2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ, ეროვნულ გუნდში მხოლოდ ინგლისში მოთამაშე მორაგბეები მოიწვიოს. ვილკინსონს ამჟამად მოქმედი კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება, მაგრამ როგორც "ტულონის" მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ განაცხადა, "ვილკო" მზადაა ახალი ხელშეკრულება გააფორმოს პრინციპით - ერთს პლუს ერთი.

ახლა ძნელი სათქმელია, წავლენ თუ არა ინგლისური რაგბის მამები დათმობაზე, დაუშვებენ თუა არა გუნდის ლიდერისთვის გამონაკლისს.

"მათი
მესმის. მაგრამ დღესდღეობით, ჩემი მიზანია ფორმა შევინარჩუნო და კიდევ უფრო მოვუმატო. "ტულონში" წლინახევრის წინ სწორედ ამისთვის გადმოვბარგდი. აქ ბედნიერი ვარ. თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ამისთვის კლუბის ხელმძღვანელების მადლიერი ვარ," - თქვა ჯონი ვილკინსონმა.

"ტულონის" კაპიტანმა, სამხრეთაფრიკელმა ჯო ფან ნიკერკმა ის ერთი სიტყვით დაახასიათა - "გენიოსი". "ვილკოს" ტრავმის გამო ნოემბრის ტესტები გაუცდა. თუ ჯანმრთელად იქნება, ის "პომებს" თებერვლიდან ექვსი ერის გათამაშებას დაუბრუნდება და შეეცდება დაამტკიცოს, რომ ინგლისის ნაკრებისთვის შეუცვლელი მოთამაშეა. იდეალური იქნებოდა, თუ "ვილკო" 2011 წლის შემდეგ "ტულონშიც" ითამაშებდა და ინგლისის ნაკრებშიც.

ფილიპ სენტ-ანდრეს მიაჩნია, რომ ჯონი იმდენად დიდი მორაგბეა, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასზე, 36 წლის ასაკშიც შესანიშნავად ითამაშებს.

"ჩვენს კლუბში "ვილკო" ალბათ კიდევ ორი სეზონი, 2013 წლამდე დარჩება. მას შეუძლია ამის შემდეგ ინგლისში დაბრუნდეს და 2015 წლის მსოფლიოს თასზე "პომებს" დაეხმაროს.

ჩემთვის გასაგებია, ინგლისის რაგბის კავშირი რატომ აკეთებს ამას. მსოფლიოს თასის მომდევნო გათამაშება ინგლისში გაიმართება და უნდათ ყველა უძლიერესი მოთამაშე უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეთ," - თქვა "ტულონის" თავკაცმა.

ინგლისის რაგბის კავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რაგბის სამყაროში სიახლე არაა. ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებში სწორედ ის მოთამაშეები ასპარეზობენ, რომლებსაც კონტრაქტი ამ ქვეყნების რაგბის კავშირებთან აქვთ გაფორმებული და საშინაო ჩემპიონატებში გამოდიან. ანალოგიური სისტემა არსებობდა სამხრეთ აფრიკაშიც, მაგრამ ამ ქვეყნის რაგბის მამებმა პოზიცია შეარბილეს და ეროვნულ გუნდში თამაშის ნება ევროპაში მოთამაშე მორაგბეებსაც დართეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული