თხუთმეტიდან თერთმეტი ახალზელანდიელია

AutoSharing Option
წლევანდელი სარაგბო სეზონი ევროთასების გათამაშების მეოთხე ტურის მატჩებით დასრულდა. "პლანეტრაგბიმ", ტრადიციულად, წლის სიმბოლური ნაკრების შესადგენად, რაგბის ქომაგები გამოკითხა და პლანეტის საუკეთესო თხუთმეტეული დაადგინა.

არავისთვისაა მოულოდნელი, რომ საუკეთესოთა შორის თხუთმეტი მორაგბედან თერთმეტი ახლზელანდიელია. "ოლ ბლექსი" წლეულს მართლაც შეუდარებელია და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. სიმბოლურ ნაკრებში ჩრდილონახევარსფეროდან მხოლოდ ერთი, ფრანგი შერკინების კვაჭი ვილიამ სერვა მოხვდა. სხვა, ყველა სამხრეთელია.

გამოკითხვისას ყველაზე დიდი კონკურენცია ცხრა ნომრის, გარემარბის, პირველი ხაზის და მესამე ხაზის პოზიციებზე იყო. არ გაუმართლა ავსტრალიის წლის საუკეთესო მორაგბე დევიდ პოკოქს, რომელსაც
ყველაზე მრისხანე კონკურენტი ჰყავდა - 2010 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბე რიჩი მაკქოუ. "ვოლაბების" ქომაგთა სამწუხაროდ, ის ვერც სათადარიგოთა შორის მოხვდა. პოკოქს ხმების რაოდენობით საფრანგეთის ნაკრების მესამეხაზელმა იმანოლ არინორდოკმა გაუსწრო.

15. მალილი მულიაინა (ახალი ზელანდია)
ფულბეკის პოზიციაზე ორი გამოკვეთილი პრეტენდენტი იყო, მაგრამ ჯენტლმენობით გამორჩეულმა მულიაინამ კონკურენტი, ავსტრალიელი ქართლი ბეილი აშკარად დაჯაბნა. მულიაინას მართლაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მის გარეშე "ოლ ბლექსი" ძნელი წარმოსადგენიც კია. საიმედო დაცვაში და საშიში შეტევისას - მოკლედ, ასე შეიძლება მალილის დახასიათება.
ქართლი ბეილი ახალგაზრდა, იმედისმომცემი მორაგბეა და მას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს. ავსტრალიელი ამჯერად სათადარიგოთა შორის მოხვდა.

14. ჯეიმზ ოკონორი (ავსტრალია)
მას კონკურენცია ვერავინ გაუწია. ოკონორი თითქმის ერთხმად დაასახელეს საუკეთესო გარემარბად. კრის ეშტონმა და ტომ ბოუიმაც საკმაოდ ბევრი ხმა მიიღეს, თუმცა ავსტრალიის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავთან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ვუნდერკინდად ითვლებოდა, ახლოსაც ვერ მივიდნენ.
გარემარბის თვისებებთან ერთად, ჯეიმზ ოკონორი სხვებისაგნ იმითაც გამოირჩევა, რომ ფეხით შესანიშნავად თამაშობს .

13. კონრად სმითი (ახალი ზელანდია)
მას და ავსტრალიელ ადამ ეშლი-კუპერს შორის დიდი განსხვავება არაა. გამარჯვება ორივეს თანაბრად შეეძლო, თუმცა ყველაზე მეტი ხმა მაინც სმითს ერგო, რაც სრულიად ლოგიკურია. ახალზელანდიელის თამაში, ეშლი-კუპერისგან განსხვავებით, წლეულს უფრო სტაბილური და, შესაბამისად, გუნდისთვის მეტად სასარგბელო იყო.

12. მაა ნონუ (ახალი ზელანდია)
ის უკვე მერამდენე წელიწადია მსოფლიოს საუკეთესო შუამარბია. ნონუს წლეულს კონკურენცია ახალზელანდიური რაგბის ამომავალმა ვარსკვლავმა სონი ბილ ვილიამსმა გაუწია. ამათ ოდნავ ჩამორჩა ფრანგი იანიკ ჟოზიონი, რომელიც აშკარად უფრო მეტს იმსახურებდა.

11. ხოსე გეარი (ახალი ზელანდია)
აქ გააფთრებული ბრძოლა ახალზელანდიელ ხოსე გეარსა და ავსტრალიელ დრიუ მიტჩელს შორის მიმდინარეობდა. პირველობას ორივე თანაბრად იმსახურებდა. მიტჩელი ზე 14-ის გათამაშების საუკეთესო მელელოვე იყო, თუმცა გეარმა, ნოემბრის ტესტებზე ბრწინვალე თამაშით, ქომაგების გული მეტად მოიგო.

10. დენ კარტერი (ახალი ზელანდია)
მან კონკურენტები ყველაზე დიდი უპირატესობით დაამარცხა. ერთადერთი ვინც კარტერს შეიძლება გვერდში დაუყენო ავსტრალიელი ქუადე კუპერია, რომელმაც თავისი ნიჭი სრულად ზე 14-ის გათამაშებაში გამოავლინა, რასაც ვერაფრით ვიტყვით მისი ნაკრებში ასპარეზობის შესახებ.

კარტერი კი პირიქით, ყველგან, კლუბშიც და ნაკრებშიც საუკეთესო იყო. ჰოდა, გასაკვირი არაა, ყველა დროის საუკეთესო მგეზავად რომ მიიჩნევენ.

9. ვილიამ გენია (ავსტრალია)
ქომაგთა უმრავლესობა საუკეთესოდ ვილი გენიას და ინგლისელ ბენ იანგზს ასახელებდა, თუმცა არც საფრანგეთის ახალგაზრდა ცხრა ნომერი მორგან პარა დაუტოვებიათ უყურადღებოდ. გენიამ მოწინააღმდეგეები "რედსის" შემადგენლბაში ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის წყალბით დაჩრდილა. ინაგზი სათადარიგოთა შორის მოხვდა.

8. კირან რიდი (ახალი ზელანდია)
ამ პოზიციზე ორი კონკურენტის დუელი გაიმართა, თუმცა რიდმა ხმების 50 პროცენტზე მეტი მიიღო და საუკეთესო გახდა. მისმა კონკურენტმა, ფრანგმა იმანოლ არინორდოკმა ხმების 30 პროცენტზე მეტი მიიღო და სთადარიგოთა შორის დაიკავა ადგილი. საგრძნობლად დათმო პოზიციები სამხრეთ აფრიკის ნაკრების რვა ნომერმა პიერ სპისმა, რაც ძირითადად, "ბოკეს" უჩვეულოდ წარუმატებელი თამაშითაა განპირობებული.

7. რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია)
2010 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბემ ხმების 70 პროცენტზე მეტი დააგროვა. მაკქოუ დიდი ხანია "ოლ ბლექსის" ლიდერია და, როცა ის მოედანზეა, ახალი ზელანდიის ნაკრები, ფაქტობრივად, დაუმარცხებელია. ხმების დანარჩენი რაოდენობიდან ყველაზე მეტი ავსტრალიელ დევიდ პოკოქს ერგო.

6. ჯერომ კაინო (ახალი ზელანდია)
ამ პოზიციაზე საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. ქომაგებმა მაინც კაინო გამოარჩიეს, მან ხმების 37 პროცენტი მიიღო. სამხრეთაფრიკელმა ჟუან სმითმა 20 პროცენტი დააგროვა. დარჩენილი ხმები კი თანაბრად გაიყვეს როკი ელსომმა, სტივენ ფრენსისმა და ტომ კროფტმა.

5. ვიქტორ მეტფილდი (სამხრეთ აფრიკა)
მის საწინააღმდეგოდ არგუმენტები არ არსებობს. მეტფილდი არ იყო საუკეთსეო სამი ერის გათამაშებაში, მაგრამ მან უდიდესი წვლილი შეიტანა "ბლუ ბულზის" გამარჯვებაში ზე 14-ის გათამაშებაში. შესანიშნავად იასპარეზა ნოემბრის ტესტებზეც. ვიქტორ მეტფილდმა ხმების 80 პროცენტზე მეტი დააგროვა.

4. ბრედ თორნი (ახალი ზელანდია)
ეს კონკურსი მან საკმაოდ იოლად მოიგო. თორნმა წლეულს შესანიშნავად გამოავლინა თავისი ყველა დადებითი თვისება. "ის უბრალოდ მეომარია"- ასე მოკლედ დაახასიათა ბრედი "ოლ ბლქესის" თავკაცმა გრემ ჰენრიმ.

ინგლისის ნაკრების ახალგაზრდა, უნიჭიერესი მეორეხაზელი კორტნი ლოუ გამოკითხვის შედეგების მიხედვით მეორე იყო და სათადარიგოთა შორის მოხვდა. თუმცა, ადვილი შესაძლებელია, ეს მომდევნო წლებში შეიცვალოს.

3. ოუენ ფრენქსი (ახალი ზელანდია)
შერკინების მარჯვენა ბურჯი ერთ-ერთი ყველაზე ძნელად სათამაშო პოზიციაა. ბედნიერია იმ გუნდის მწვრთნელი და ქომაგი, რომელსაც ამ პოზიციაზე ისეთი მოთამაშე ჰყავს, ოუენ ფრენქსი რომ არის. მას საკმაოდ მწვავე კონკურნცია უელსელმა ადამ ჯოუნზმა გაუწია. ფრენქსმა უელსელს მხოლოდ ექვსი პროცენტით მოუგო.

2. ვილიამ სერვა (საფრანგეთი)
ის შერკინების კვაჭებს შორის მართლაც გამორჩეული იყო. მას, მთავარ კონკურენტ, სამხრეთაფრიკელ ბისმარკ დუ პლესის ტრავმების გამო, თითქმის ნახევარი სეზონი გაუცდა, თუმცა ნოემბრის ტესტებზე იმდენად კარგად ითამაშა, რომ სათადარიგოთა შორის ადგილი მაინც ერგო.

1. ტონი ვუდკოქი (ახალი ზელანდია)
ამ პოზიციაზე ყველაზე დიდი კონკურენცია იყო. საუკეთესოდ ქომაგებმა ტონი ვუდკოქი დაასახელეს, თუმცა პირველობას თანაბრად იმსხურებდნენ: ტომას დომინგო, ხუთრო სტენკამპი და ტენდაი მთავარირა.

სათადარიგოები: 16 ბისმარკ დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა), 17. ადამ ჯოუნზი (უელსი), 18. კორტნი ლოუ (ინგლისი), 19. იმანოლ არინორდოკი (საფრანგეთი), 20. ბენ იანგზი (ინგლისი), 21. ქუადე კუპერი (ავსტრალია), 22. ქართლი ბეილი (ავსტრალია).



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული