ნარშავების დანაკლისი
წელიწადი ცუდად დაიწყო. 13 თებერვალს, უელსისა და შოტლანდიის ნაკრებების ექვსი ერის გათამაშების მეორე ტურის მატჩში, ლამის ტრაგედია დატრიალდა. "მილენიუმზე" თამაშის სანახავად მისული მაყურებელი სამარისებურ სიჩუმეში, სულგანაბული ელოდა მოვლენების განვითარებას. ექიმების ჯგუფი თავს დასტრიალებდა "ნარშავების" გარემარბ ტომ ევანსს, რომელიც მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.
ევანსმა კისერი დაიზიანა და მოგვიანებით
"ევანსს ძალიან გაუმართლა. რამდენიმე მილიმეტრიც და ის ან პარალიზებული იქნებოდა, ან კიდევ უფრო უარესი, დაიღუპებოდა."
ვილკო #1 აღარ არის
20 მარტს ექვსი ერის გათამაშების ბოლო ტურში საფრანგეთის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა. "პომები" კი მესამე ადგილს დასჯერდა. ეს ამბავი ყველაზე მწვავედ ინგლისელთა მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა განიცადა. თორმეტი წლის განმავლობაში მესამედ მოხდა, რომ ის ძირითადში არ დააყენეს. მის ნაცვლად ტობი ფლუდმა ითამაშა.
ამ ამბავს, ვილკინსონსა და ნაკრების მთავარ მწვრთნელ მარტინ ჯონსონს შორის ფარული დაპირისპირება მოჰყვა. "ვილკომ" თავისი შესაძლებლობები ვერც ივნისის ტესტებზე გამოავლინა. მან ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში მხოლოდ 37 წუთი ითამაშა. შემოდგომაზე კი, ნოემბრის ტესტებისას, ტრავმირებული იყო. ყოველივე ამის შემდეგ ჯონსონმა გადაწყვიტა, მსოფლიოს თასისთვის მგეზავის პოზიციაზე ფლუდი მოამზადოს. ასე რომ, "ვილკო" პირველი ნომერი აღარაა.
იტალიელებმა კელტთა ლიგაში შეაღწიეს
კელტთა ლიგაში ორი იტალიური კლუბის დაშვების თაობაზე გადაწყვეტილება წლეულს, მარტის დასაწყისში მიიღეს. ეს ფაქტი ევროპული რაგბის განვითარებისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა.
გათამაშებაში იტალიური რაგბის ფლაგმანი ტრევიზოს "ბენეტონი" და "ვიადანას" ბაზაზე შექმნილი "აირონი" ჩაება. ამ უკანასკნელს ნება დართეს, მორაგბეები სხვა იტალიური კლუბებიდანაც დაიმატოს. ასეა თუ ისე, დღესდღეობით "აირონი" სატურნირო ცხრილში მეთორმეტე ადგილზეა, "ბენეტონი" კი - მეცხრეზე.
ფრანგულ-ინგლისური სარაგბო ომი
საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ, პარიზულ "სტად ფრანსესა" და ინგლისის რაგბის კავშირს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. პარიზელებს ფინანსური პრობლემები მიეძალათ და ქვეყნის ჩემპიონატშიც საქმე ცუდად წაუვიდათ. ამიტომ, ვითარება კიდევ უფრო რომ არ გართულებულიყო, მესამეხაზელი ჯეიმზ ჰესკელი ინგლისის ნაკრებში არ გაუშვა.
ცხადია, ამას ინგლისური რაგბის მამების მხრიდან საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა. ისინი ჰესკელის დაბლოკვას აპირებდნენ, ანუ სრული უფლება ჰქონდათ IRB-ში ეჩივლათ. შედეგად ჰესკელი "სტად ფრანსეს" შემადგენლობაშიც ვერ ითამაშებდა. საბოლოოდ საქმე კი ჩაიფარცხა, მაგრამ ინგლისის რაგბის კავშირმა გადაწყვიტა, 2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ, "პომების" შემადგენლობაში მხოლოდ ინგლისურ კლუბებში მოთამაშე მორაგბეები მიიწვიოს.
ენაჭარტალა დე ფილიერსი
სამხრეთ ნახევარსფეროში და არა მარტო იქ, 2010 წელი "ოლ ბლექსის" ჰეგემონიით აღინიშნა. სეზონი ზე 14-ის გათამაშებით დაწიყო, რომელიც ზედიზედ მეორედ და ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ, სამხრეთაფრიკულმა, პრეტორიის "ბლუ ბულზმა" მოიგო. წელსვე გადაწყდა, რომ ზე 14-ის გათამაშებას მომავალი წლიდან მე-15 გუნდი, "მელბურნ რებლზი" დაემატება და ახალი ფორმატით ჩატარდება. შეიცვლება ტურნირის სახელწოდებაც. ამიერიდან ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო შეჯიბრებას ზე რაგბი ეწოდება.
ზე 14-ის გათამაშებისგან განსხვავებით, სამხრეთაფრიკელებმა წარუმატებლად იასპარეზეს სამ ერზე. "ბოკემ" ექვსი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ბოლო ადგილზე გავიდა. სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელმა პიტერ დე ფილიერსმა ამაში მსაჯები, უფრო მეტიც, მსოფლიო რაგბის მმართველები დაადანაშაულა. აქაოდა, "ბოკეს" შეთქმულება მოუწყვეს და ახალი ზელანდიის ნაკრებს "ქაჩავენო".
დე ფილიერსის ამ განცხადებით გამოწვეული სკანდალი დიდხანს იყო სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში. ბოლოს, ესეც "მშვიდობიანად" ჩაიფარცხა. დე ფილიერსი ისევ "ბოკეს" მწვრთნელია და არც არავინ დაუსჯიათ.
სამი ერის გათამაშება კი ახალი ზელანდიის ნაკრებმა მოიგო. "ოლ ბელქსმა" ნოემბრის ტესტებზეც დაამტკიცა თავისი უძლეველობა და დიდი სელმი შეასრულა. ჰოდა, სავსებით ლოგიკური იყო, წლის საუკეთესო გუნდად ახალი ზელანდიის ნაკრები რომ დაასახელეს, საუკეთესო მოთამაშე კი ამავე ნაკრების კაპიტანი რიჩი მაკქოუ გახდა. საუკეთესო მწვრთელი კი ვინღა უნდა ყოფილიყო, თუ არა "ოლ ბლექსის" თავკაცი გრემ ჰენრი.