5 იანვარი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
1913 წელი
ინგლისის ნაკრებმა "თვიქნემზე" პირველად წააგო. "პომები" ვერას გახდნენ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან (3:9), რომელმაც ევროპულ ტურნეში შესანიშნავად იასპარეზა და დიდი სლემი შეასრულა. "ბოკემ" "მერიფილდზე" შოტლანდიას 16:0 მოუგო, "ლენსდაუნ როუდზე" კი ირლანდიის ნაკრები გაანადგურა - 38:0. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა სამხრეთაფრიკელებს უელის ეროვნულმა გუნდმა გაუწია. სტუმრებმა ერთადერთი საჯარიმოს წყალობით მოიგეს - 3:0. ბოლო თამაში "ბოკემ" ბორდოში გამართა, სადაც საფრანგეთის ნაკრები 38:5 დაამარცხა.

1936 წელი
ინგლისის ნაკრებმა "თვიქნემზე" ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდი პირველად დაამარცხა - 13:0. ორი ლელო "პომების" შემადგენლობაში მოთამაშე
რუსმა პრინცმა, ალექს ობოლენსკიმ გაიტანა. მისი ოჯახი რუსეთიდან 1917 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ გაიქცა და თავი ინგლისს შეაფარა. ობოლენსკიმ რაგბის თამაში ტრენტის კოლეჯში დაიწყო. ის ინგლისელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვე გახლდათ.

ობოლენსკიმ ეროვნულ ნაკრებში კიდევ სამჯერ ითამაშა და 1940 წელს, 24 წლის ასაკში დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებში სამსახურისას ტრაგიკულად დაიღუპა.

1958 წელი
"ჰლანეჰლისა" და "ბრიტანელი ლომების" ლეგენდარულმა მწვრთნელმა ქერვინ ჯეიმზმა უელსის ნაკრებში ერთხელ ითამაშა. მაშინ უელსელებმა ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში 3:9 წააგეს. ერთადერთი საჯარიმო ჯეიმზმა გაიტანა.

მას შემდეგ, რაც ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა, ჯეიმზმა მწვრთნელობას მიჰყო ხელი და ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. მან 1972 წელს "ჰლანეჰლის" ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩში მოაგებინა. ჯეიმზმა ასევე შესანიშნავ შედეგს მიაღწია "ბრიტანელ ლომებთან" მუშაობისას.

1964 წელი
კოლინ მიდსმა "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებს ორი ლელო გაუტანა და "ოლ ბლექსმა" მშრალი ანგარიშით 14:0 მოიგო. ეს მარცხი "პომებისთვის" წლის ყველაზე დიდი წარუმატებლობა გამოდგა. ამავე მატჩში შედგა ლეგენდარული ახალზელანდიელი რვა ნომრის, ბრაიან ლოჩორის დებიუტი.

1968 წელი
ჟან-მიშელ კაპანდეგი, რომელსაც 26 წელი შობის დღეს შეუსრულდა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. არადა, რამდენიმე დღეში, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, სადებიუტო მატჩში უნდა ეთამაშა შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან.

1993 წელი
დოქტორი დენი კრევინი, რომელმაც როგორც მოთამაშემ, მწვრთნელმა და ადმინისტრატორმა უდიდესი წვლილი შეიტანა სამხრეთაფრიკული რაგბის განვითარებაში, 82 წლის ასაკში სტელენბოშში გარდაიცვალა.

კრევინი მსოფლოს ერთ-ერთი საუკეთესო ცხრა ნომერი იყო. ის გამორჩეული იყო სამწვრთნელო ასპარეზზეც. მისი ხელმძღვანელობით სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს ზედიზედ ხუთჯერ მოუგო, 1951-52 წლებში კი, ევროპულ ტურნეში დიდი სლემი შეასრულა.

დენი კრევინი 1957 წელს სამხრეთ აფრიკის რაგბის საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 1992 წელს კი, აპარტეიდის დაცემის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის დაფუძნებაში მიიღო მონაწილეობა.

1997 წელი
იტალიური რაგბი მოღონიერდა. ამ დღეს "სკუადრა აძურამ" დუბლინში ირლანდიის ნაკრები 37:29 დაამარცხა, რითაც დაამტკიცა, რომ ღირსია, ევროპის ხუთ ერს მეექვსე ერად დაემატოს.



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული