სკანდალი ფრანგულ რაგბიში

AutoSharing Option
ფრანგულ რაგბიში სერიოზული სკანდალი მწიფდება. საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის (LNR) ფინანსურმა კომიტეტმა ახალხან, ფინანსური პრობლემების მოუგვარებლობის გამო, ელიტური, პირველი დივიზიონის ბოლოადგილოსან "ბურგუენს" ხუთი ქულა დააკლო. რითაც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა კიდეც ამ გუნდის ბედი. "ბურგუენს" ახალ აქტივში ხუთი ქულა დარჩა და ბოლოსწინა ადგილზე მყოფი ბექა შეყლაშვილის "აჟენი" 19 ქულით უსწრებს.

სკანდალის ინიციატორი სწორედ "აჟენია". კლუბმა გამოაქვეყნა კომუნიკე, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული რაგბის ნაციონალური ლიგის ფინანსური კომიტეტის ეს გადაწყვეტილება.

"ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მიიღეს ეს სანქცია უშუალო კონკურენტ "ლა როშელთან" მატჩის წინ? ("ბურგუენმა" შინ
წააგო "ლა როშელთან" 14:44 ბ.ჯ.). "ბურგუენი", ფაქტობრივად, პირველი დივიზიონიდან უკვე გავარდნილია. თანაც თამაშის წინ პრეზიდენტმა მორაგბეებს გამოუცხადა, რომ ფინანსურ პრობლემებს ვერ აგვარებს და ყველა მათგანს კლუბის დატოვება უპრობლემოდ შეუძლია. ამის შემდეგ, რა მოტივაცია უნდა ჰქონოდათ "ლა როშელთან" მატჩში ბურგუენელებს?

ჩვენთვის გასაგებია, რომ ფინანსური პრობლემების მოუგვარებლობის გამო კლუბი აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ამ დროს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სპორტული პრინციპი და სასჯელი არ უნდა აზარალებდეს სხვა გუნდს, რომელიც არაფერ შუაშია.

ჩვენ მოვითხოვთ, სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ყველა გუნდს გაუუქმონ ის ქულები, რომლებიც "ბურგუენთან" მატჩში აქვთ მოპოვებული. წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ, პროტესტი უფრო მწვავე აქციით გამოვხატოთ", - ნათქვამია "აჟენის" მიერ გავრცელებულ კომუნიკეში.



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული