12 იანვარი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
1902 წელი
უელსის ნაკრებმა ლონდონში პირველად მოუგო ინგლისის ეროვნულ გუნდს მინიმალური სხვაობით - 9:8. პირველი ლელო ლეგენდარულმა უელსელმა მორაგბემ რასტი გიბმა დადო, მეორე კი დებიუტანტ ვილ ოსბორნის ანგარიშზეა.

1913 წელი
ბორდოში პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა. სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა, რომელსაც ბრიტანული ტურნე უკვე წარმატებით ჰქონდა მოლეული, საფრანგეთის ეროვნულ გუნდს ცხრა ლელო გაუტანა და 38:5 მოუგო.

1925 წელი
მოუთვინიერებელმა "ოლ ბლექსმა" ევროპული ტურნე საფრანგეთის ნაკრების დამარცხებით დაიწყო. ახალზელანდიელებმა პარიზში, "სტად კოლომბეზე" 37:8 მოიგეს.

1948 წელი
საფრანგეთის ნაკრებმა თავისი პირველი ტესტ მატჩი მოიგო.
"ლე ბლემ" პარიზში, "სტად ივე დუ მანუარზე" ავსტრალიის ეროვნული გუნდი დაამარცხა -13:6. მატჩში, რომელსაც 30 ათასი მაყურებელი დაესწრო გი ბასკომ ორი ლელო გაიტანა.

1961 წელი
"ნიუპორტთან" მატჩში დებიუტი ჰქონდა "ბოკეს" ლეგენდარულ მორაგბე ავრილ მელანს. სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა თამაშის დასაწყისში პიტერ ფან ზილის ერთადერთი ლელოს წყალობით გაიმარჯვა. შეხვედრას 22 ათასი ქომაგი დაესწრო.

1962 წელი
ამ დღეს ბირმინგემში დაიბადა ინგლისის ნაკრების შერკინების კვაჭი ბრაიან მური, რომელსაც მისი თამაშის მანერიდან გამომდინარე მეტსახელად "პიტბული" შეარქვეს. მას ბრწყინვალე სანაკრებო კარიერა ჰქონდა. მურმა "პომებთან" ერთად ხუთი ერის პირველობა სამჯერ მოიგო 1991, 1992 და 1995 წლებში. ასევე არის მსოფლიოს თასის პირველი სამი გათამაშების მონაწილე.

ბრაიან მურმა ხუთი მატჩი გამართა "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში. რაგბიდან წასვლის შემდეგ მან ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა სპორტულ მედიაში. მური ''ბი ბი სი''-ს პოპულარული კომენტატორი გახლდათ და გაზეთ "დეილი ტელეგრაფის" მესვეტე იყო.

ავტობიოგრაფიულ ნაშრომში, "ერიდეთ ძაღლს" ბრაიან მურმა აღიარა, რომ ბავშვობაში ერთ-ერთი მასწავლებლის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიქნა და ამ სულიერი ტრავმით გამოწვეული კომპლექსების დაძლევას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცდილობდა.

1969 წელი
ხუთი ერის გათამაშების მატჩებში ცვლილება პირველად განხორციელდა. ახალი კანონი შოტლანდიის ნაკრებმა გამოიყენა. დაშავებული ცხრა ნომერის, გორდონ კონელის ნაცვლად თამაშში იან მაკკრი ჩაერთო. პარიზში, "სტად კოლომბეზე" "სკოტებმა" საფრანგეთის ნაკრებს ჯიმი ტელფერის ორი საჯარიმოს წყალობით მოუგეს - 6:3.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული